Tuesday, November 3, 2026

ს ტ ა ლ ი ნ ი 1905-1907 წლების რევოლუცია და ტერორი

 

თენგიზ სიმაშვილი

 

 

 

 

ს ტ ა ლ ი ნ ი

 

1905-1907 წლების რევოლუცია და ტერორი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თბილისი

2020

 

 

 

რედაქტორი

ლერი თავაძე

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

 

რეცენზენტი

თეიმურაზ ვახტანგიშვილი

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი

 

 

 

 

 

 

 

 

თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ., #47

ტელ. 239-15-22

E-მაილ: მერიდიანი777@გმაილ.ცომ

IშBN 000-0000-00-000-0

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შინაარსი

 

რედაქტორის წინასიტყვაობა 

წინათქმა    

თავი I. იოსებ ჯუღაშვილი და ,,მთაწმინდის ჯგუფი’’

თავი II. იოსებ ჯუღაშვილი, თელავის და სიღნაღის მაზრაში მოქმედი ,,წითელ რაზმელები’’ და ტერორისტები

თავი III. იოსებ ჯუღაშვილი, დუშეთის მაზრაში მოქმედი ,,წითელ რაზმელები’’ და ფერეიდნელი ქართველები

თავი IV. ,,მთაწმინდის ჯგუფის’’ წევრები და ილია ჭავჭავაძის მკვლელობა

თავი V. იოსებ ჯუღაშვილი, ილიკო იმერლიშვილი და ილია ჭავჭავაძის მკვლელობა

გამოყენებული ლიტერატურა და მასალები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წინათქმა

 

დღეისათვის სამეცნიერო ლიტერატურაში საკმაოდ ბევრი ნაშრომი დაგროვდა, სადაც იოსებ ჯუღაშვილის (სტალინი) შესახებ საკმაოდ საინტერესო მასალებია დაცული. მათი გარკვეული ნაწილი, ეხება ახალგაზრდა იოსებ ჯუღაშვილის რევოლუციურ წარსულს და საქართველოში მის საქმიანობას 1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში. თუმცა, იოსებ იოსებ ჯუღაშვილის, როგორც ოფიციალურ ბიოგრაფიაში, ასევე სხვადასხვა კვლევებში ძირითადად საუბარია თბილისში და დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მის რევოლუციურ მოღვაწეობაზე. აღმოსავლეთ საქართველოში, ვგულისხმობ ქართლს და კახეთს, იოსებ ჯუღაშვილის რევოლუციურ საქმიანობაზე ინფორმაცია საკმაოდ მწირია. საზოგადოებისათვის ცნობილ მასალებშიც, ასევე არ ,,ჩანს’’ მისი კავშირი ქართლის და კახეთის სოფლებში მოქმედ ,,წითელ რაზმელებთან’’ და ტერორისტებთან. საუბარია ამ რეგიონების სოფლებში და დაბებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ შექმნილ გასამხედროებულ რაზმებზე.

ჩემს მიერ მოძიებულ საარქივო დოკუმენტებში და სხვა მასალებში დასტურება იოსებ ჯუღაშვილის კავშირები 1905-1907 წლების რევოლუციის და შემდგომ პერიოდშიც, აღმოსავლეთ საქართველოში მოქმედ ,,წითელ რაზმელებთან’’. მეტიც, იოსებ ჯუღაშვილი ახლადმოძიებული დოკუმენტების მიხედვით გარკვეულწილად წარმართავდა ქართლსა და კახეთში მოქმედი ,,წითელი რაზმების’’ ე.წ. ,,გაერთიანებული შტაბის’’ საქმიანობას, ასრულებდა ერთ-ერთ ხელმძღვანელ როლს.

საინტერესოა, რომ იმ დროს აღნიშნულ რეგიონებში მოქმედი ,,წითელი რაზმების’’ ხელმძღვანელის მიერ, თელავის მუზეუმის ფონდებში დაცულ დოკუმენტში დადასტურებულია იოსებ ჯუღაშვილის კახეთში კაზაკებისგან დაპატიმრების ფაქტი, რაც არსად სხვა მასალებში არაა აღნიშნული თავისთავად ცხადია, რომ ეს დოკუმენტები საჭიროებენ გადამოწმებას და ანალიზს, მაგრამ, ვფიქრობ, მათი ჩართვა ამ ნაშრომში აუცილებელია, რადგან ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ მოსაზრებას, რომ იოსებ ჯუღაშვილის (სტალინი) ბიოგრაფია, ყოველ შემთხვევაში მისი ცხოვრების ადრეული წლები, არაა საკმარისად შესწავლილი.

ნაშრომის წერისას გამოვიყენე ჩემს მიერ ადრე გამოქვეყნებული მასალების ნაწილი, შევავსე ახლადმოძიებული დოკუმენტებით და ვფიქრობ, იგი საინტერესო იქნება, როგორც სტალინის ბიოგრაფიის შესწავლით დაინტერესებული სპეციალისტებისათვის, ასევე ზოგადად მკითხველისთვის.

 

 

თავი I

იოსებ ჯუღაშვილი და ,,მთაწმინდის ჯგუფი’’

 

1905-1907 წლების რუსეთის რევოლუცია საქართველოს ტერიტორიაზე უკიდურესი ხასიათის რევოლუციური გამოსვლებით აღინიშნა. მათ შორის რევოლუციური მოძრაობის გამოვლინების უკიდურესი ფორმები – კერძო და სახელმწიფო დაწესებულებების ძარცვა, ტერორისტული აქტები ჩვეულებრივ მოვლენებად იქცა. სხვადასხვა სახის მასალებიდან ჩანს, რომ ანხორციელებდნენ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორივე ფრთის წარმომადგენლები – მენშევიკები და ბოლშევიკები ტერორს 1905-1907 წლების რევოლუციის დაწყებამდეც აქტიურად იყენებდნენ.

1903-1904 წლებში საქართველოში, ტერორისტულ აქტებს ძირითადად ანხორციელებდნენ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივ კომიტეტებთან დაკავშირებული ცალკეული ტერორისტები და ტერორისტთა პატარა ჯგუფები. 1905 წლის 9 იანვრის შემდეგ, ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლის საწარმოებლად, ყველა რევოლუციურმა პარტიამ სოფლად, თავის ადგილობრივ ორგანიზაციებთან, დაიწყო `წითელი რაზმების~ ჩამოყალიბება. ყველაზე მეტი რაოდენობის ,,წითელი რაზმები’’, დასავლეთ საქართველოში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციებთან არსებობდა. ბუნებრივია, მათი დიდი ნაწილი მოქცეული იყო მენშევიკების კონტროლის ქვეშ.

აღმოსავლეთ საქართველოში, 1905-1907 წლების რევოლუციის და შემდგომ პერიოდში მოქმედი ,,წითელი რაზმები’’ შედარებით მცირერიცხოვანი იყვნენ. ისინი სოციალ-დემოკრატების ორივე ფრთის – მენშევიკების და ბოლშევიკების, ასევე სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციებთან იყვნენ დაკავშირებული. აქა-იქ მოქმედებდნენ სოციალისტ-რევოლუციონერების გავლენის ქვეშ მყოფი შეიარაღებული რაზმებიც. სწორედ მათთან და უფრო მეტად კი ბოლშევიკებთან დაახლოებულ ,,წითელ რაზმელებთან’’ და ტერორისტებთან ,,თანამშრომლობდნენ’’ მცირერიცხოვანი ანარქისტული ჯგუფები.

საარქივო მასალების ანალიზიდან ჩანს, რომ საქართველოში, ბოლშევიკები რიცხობრივად ცოტანი იყვნენ. შესაბამისად, მენშევიკების მსგავსად არ გააჩნდათ ,,მსხვილი’’ საბრძოლო რაზმებიც, თუმცა მათ უქონლობას ,,ინაზღაურებდნენ’’ შედარებით მცირერიცხოვანი, მაგრამ პროფესიონალი ტერორისტებით დაკომპლექტებული, იმ დროის შესაფერისად თანამედროვე იარაღით შეიარაღებული ჯგუფებით.

საქართველოში რიცხობრივად მცირე ბოლშევიკების ,,რევოლუციონერობამ’’ თავისი გამოხატულება ჰპოვა არა მოსახლეობაში აგიტაციის გაფართოებაში, არამედ ტერორისტულ და ,,ექსპროპრიაციულ’’ აქტებზე აქცენტის აღებაში. 1904 წლიდან ბოლშევიკური პარტიის წევრი ალექსანდრე ობოლაძე ხმამაღლა აცხადებდა: ,,იმდენი ტერორისტული აქტი, რამდენიც მე ჩავიდინე 1905-1907 წლებში, არავის ჩაუდენია’’-ო.(1)

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სოციალ-დემოკრატების ორივე ფრთა ოფიციალურად უარყოფდა ტერორის, როგორც მეთოდის გამოყენებას, სინამდვილეში ისინი ტერორს ხელისუფლებასთან აქტიური ბრძოლის ერთ-ერთ ძირითად საშუალებად იყენებდნენ. 

მენშევიკების ცნობილი ლიდერის ნოე ჟორდანიას მოგონებებიც ადასტურებს ტერორისტული ტაქტიკის ფართოდ გამოყენებას სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ. მისი სიტყვებით:

,,რევოლუციის დროს, გამოჩნდა ქართველი სოციალ-დემოკრატების თვალსაჩინო განსხვავება რუსი სოციალ-დემოკრატებისაგან... ისინი ხელაღებით უარყოფდნენ ტერორს, ყოველნაირ ფორმისას. ჩვენც უარვყოფდით ტერორს როგორც საშუალებას თვითმპყრობელობის ჩამოგდების, როგორც ამას ფიქრობდნენ ნაროდნიკები, მაგრამ უარს არ ვყოფდით მას, როგორც იარაღს თავის დაცვის და პოლიციურ ძალთა შორის პანიკის დათესვის. თანახმად ასეთი შეხედულებისა თფილისის კომიტეტი ახდენდა ტერორისტულ თავდასხმებს ჟანდარმებზე, მეტად ერთგულ პოლიციელებზე და ,,ოხრანკის“ აგენტებზე. ისე ვარდებოდა ბომბები თფილისის სხვადასხვა კუთხეში გეგონებოდათ მტრის შელუღია’’...

თავის მხრივ, ბოლშევიკების ლიდერი ვლადიმერ ლენინი (ულიანოვი) ხელისუფლების წინააღმდეგ ტერორისტული მეთოდებით და ხერხებით შეიარაღებული ბრძოლის აქტიური მომხრე იყო. ლენინი 1906 წლის სექტემბერში, თავის სტატიაში - ,,პარტიზანული ომი’’ წერდა:

,,რევოლუციის დროს შეიარაღებული ბრძოლა ორ განსხვავებულ მიზანს ემსახურება: პირველი, ის მიმართულია ცალკეული ხელმძღვანელი თანამდებობების მქონე პირების და სამხედრო-პოლიციური სამსახურში მომუშავეების მკვლელობებისკენ; მეორე, როგორც მთავრობის ასევე კერძო პირებისგან ფულადი სახსრების კონფისკაციისკენ. ამ გზით მოპოვებული სახსრების ნაწილი მიდის პარტიის საჭიროებებისათვის, ნაწილი შეიარაღების შესაძენად და აჯანყების მოსამზადებლად. ნაწილი კი საჭიროა იმ პირების შესანახად, რომლებიც ეწევიან ამ სახის ბრძოლას. მსხვილი ექსპროპრიაციები (კავკასიის 200 ათას მანეთზე მეტი, მოსკოვის 875 ათასი მანეთი) წავიდა რევოლუციურ პარტიებზე, წვრილი ექსპროპრიაციები კი მიდის ან ნაწილობრივ ან მთლიანად ,,ექსპროპრიატორების’’ შენახვაზე’’.

ლენინი აშკარად ემხრობოდა არა მარტო ტერორისტული, არამედ ექსპროპრიაციული აქტების ჩადენას და თან მიანიშნებდა, რომ მხოლოდ ,,მსხვილი’’ ექსპროპრიაციები იყო ,,მომგებიანი“ პარტიისათვის. ასე რომ, ბოლშევიკების მიერ კავკასიის სხვადასხვა ადგილას - 1907 წლის 13 ივნისს თბილისში, ერევნის მოედნიდან ორასორმოცდაათ ათასზე მეტი ფულადი თანხის ექსპროპრიაცია კამოს მონაწილეობით და სტალინის ორგანიზებით; 1907 წლის დეკემბერში ბაქო-ყარაიაზის რკინიგზაზე საფოსტო მატარებლის ჩაშლილი ძარცვა, რომელსაც ხუთასი ათასი მანეთი გადაჰქონდა, ილიკო იმერლიშვილის და სხვა ბოლშევიკი ტერორისტების მონაწილეობით; 1908 წლის მაისში ბაქოში მცდელობა, რომ მოეწყოთ თურქესტანის მხარისათვის განკუთვნილი ოთხი მილიონი მანეთის ექსპროპრიაცია კასპიის ზღვით მიმავალ გემზე ფულის გადატანისას, იოსებ ჯუღაშვილის (სტალინი) და სერგო ქავთარაძის ორგანიზებით, თომა ჩუბინიძის, სტეპკო ინწკირველის და სხვა ბოლშევიკი ტერორისტების მეშვეობით; ასევე სხვა მეტ-ნაკლებად ცნობილი ექსპროპრიაციები, როგორებიცაა საქართველოს ტერიტორიაზე - ყვირილის ხაზინის, ჭიათურაში - ,,საფოსტო’’ მატარებლის, კოჯრის გზაზე - ,,საფოსტო ეტლის’’, ბაქოს პორტში - გემ ,,ნიკოლოზ I“-ის, ქუთაისში - ,,სახაზინო ეტლის’’ და სხვა მრავალი განხორციელებული თუ განუხორციელებელი ექსპროპრიაციები მეტყველებენ ბოლშევიკების მიერ ლენინის აზრების ცხოვრებაში, მართალია ზოგის წარუმატებლად, მაგრამ ზოგის წარმატებით ,,გატარებაზე’’.

რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის 1906 წლის, IV გამაერთიანებელი ყრილობის ჩატარების შემდეგ, საქართველოში სოციალ-დემოკრატების ორივე ფრთამ ტერორის წარმოების საქმეშიც თავისი საქმიანობა გააერთიანა. 1906-1907 წლებში სოციალ-დემოკრატების ტერორისტულ საქმიანობას უფრო ორგანიზებული სახე მიეცა.

სოფლად სოციალ-დემოკრატი ,,წითელ რაზმელები“ ტერორს მიზანმიმართულად მიმართავდნენ ადგილობრივი ადმინისტრაციის იმ წარმომადგენლების მიმართ, ვინც ერთგულად ემსახურებოდა ხელისუფლებას. პროვინციებში სოფლად და დაბებში მოქმედი ,,წითელ რაზმელები“ და ,,ტყის ძმები“, როგორც ხშირად უწოდებდნენ, რადგან ბევრი მათგანი ტყეებს აფარებდა თავს,  რუსეთის სოციალისტ-რევოლუციური პარტიის მემარცხენე ფრთის, 1904 წელს ჟენევაში ჩამოყალიბებული ე.წ. ,,აგრარული ტერორისტების’’ მსგავს ტაქტიკას იყენებდნენ. ,,აგრარული ტერორისტები’’ წარმოადგენდნენ სოციალისტ-რევოლუციური პარტიის ახალგაზრდა თაობას. ისინი თვლიდნენ, რომ მათ პარტიას ტერორი უნდა ეწარმოებინა ხელისუფლების ნებისმიერ წარმომადგენელზე და გამოეყენებინა შეიარაღებული თუ სხვა სახის ის ფორმები, რომლებიც მათი აზრით, მემამულეების წინააღმდეგ გლეხობას საუკუნეთა განმავლობაში ჰქონდა შემუშავებული. კერძოდ - მემამულეების მკვლელობები, მათი საცხოვრებელი და დამხმარე შენობების გადაწვა, ხეხილის აჩეხვა, შინაური პირუტყვის დახოცვა და სხვა.

საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ფონდებში არსებული მასალები და დოკუმენტები ახლებურად ხსნიან და გვიჩვენებენ, 1905-1907 წლების რევოლუციაში მონაწილე პარტიების საქმიანობას. აღნიშნულ დოკუმენტებში დაცულია უამრავი ინფორმაცია სხვადასხვა პარტიების, მათ შორის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორივე ფრთის – ბოლშევიკების და მენშევიკების მიერ მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის, სხვადასხვა სახის ტერორისტული მეთოდების და ხერხების აქტიური გამოყენების შესახებ.

ამ პერიოდში იოსებ ჯუღაშვილის ,,დამოკიდებულება’’ ტერორისტული და ექსპროპრიაციული აქტებისადმი კარგად ჩანს, 1907 წლის 13 ივნისის ექსპროპრიაციიდან. თუმცა, ნაკლებად ცნობილია მისი კავშირები თბილისში და აღმოსავლეთ საქართველოს პროვინციებში მოქმედ ,,წითელ რაზმელებთან’’, ასევე ,,ექსპროპრიაციულ’’ და ტერორისტულ ჯგუფებთან.

თავდაპირველად გვინდა შევეხოთ იმ დროს თბილისში არსებულ ვითარებას. 1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში, თბილისში სხვადასხვა პარტიის ფრთებქვეშ იქმნებოდა შეიარაღებული რაზმები, რომლებსაც თბილისის უბნებში ტერიტორიულად მათი მდებარეობის შესაბამისად, ,,მთაწმინდის ჯგუფად’’, ,,ვერის ჯგუფად’’ და ა.შ., ხოლო მათ წევრებს ,,ჯგუფისტებად’’ მოიხსენიებდნენ.(4)

იმ პერიოდში რევოლუციური პარტიების მიერ ჩადენილი ტერორისტული თუ ექსპროპრიაციული აქტების ორგანიზების, დაგეგმვის, ტერორისტული აქტებისას გამოყენებული ხერხების ნათელ სურათს გვაძლევს ცნობილი ბოლშევიკი ტერორისტ-ექსპროპრიატორის, ბაჭუა (სამუელ) კუპრაშვილის მოგონებები. დასახელებულ თემასთან კავშირში იგი უამრავ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის.

 დღეს მე შევჩერდები ბაჭუა კუპრაშვილის მოგონებების იმ ნაწილზე სადაც ის საუბრობს, თუ ვის იყენებდნენ და როგორ არჩევდნენ ბოლშევიკები თავისი სამხედრო ჯგუფების, ანუ იგივე ტერორისტულ-ექსპროპრიაციული ორგანიზაციის წევრებს, რა კავშირი გააჩნდათ ამ ადამიანებს ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებულ პირებთან.

ბაჭუა კუპრაშვილი აღნიშნავს, რომ 1906 წელს მთელ საქართველოში არსებობდა რევოლუციონერთა პარტიზანული რაზმები: ,,თბილისში ეგრეთ წოდებული მთაწმინდის ჯგუფი, ვერის ჯგუფი, ხარფუხის და სხვა. იმერეთში მერკვილაძის რაზმი, სამტრედია-ვანში წითელაშვილი, ქართლში გიორგი წერეთელის, თაგუნას (პატარა გოგია), ფორია(5) და სხვა’’.(6) მისი სიტყვებით ,,სტალინის ინიციატივითა და განკარგულებით 1906 წლის პირველ ნახევარში კავკასიის ბოლშევიკთა ბიუროსთან შექმნილ იქნა ბოლშევიკური ,,სამხედრო ჯგუფი’’ (ბოევაია დრუჟინა) რომელსაც დაევალა: აჯანყების შემდეგ ხალხში გაფანტული იარაღის მოკრება და მოვლა, ქალაქად და სოფლად იარაღქვეშ გავარდნილი ხალხის პატრონობა, მათ პარტიზანულ მოქმედებაში რევოლუციონური ბოლშევიკური სისტემის შეტანა, მათგან საუკეთესოების გამორჩევა და ბოლშევიკურ ორგანიზაციებთან დაკავშირება’’.(7) ბოლშევიკების ,,სამხედრო ჯგუფს’’, რომელსაც ხან ,,ბოლშევიკ-ექსპროპრიატორთა კლუბის’’, ხან ,,დრუჟინის’’, ხან ,,ჯგუფის’’, ხან კი ,,შეიარაღებულების’’ სახელით იხსენიებდნენ, ასევე ევალებოდა ,,ციხეებში დაპატიმრებული ბოლშევიკების გამოქცევის მოწყობა, იარაღის გატაცება, სახაზინო ფულის ექსპროპრიაცია და სხვა’’. (8)

ახლა ვნახოთ თუ ვინ იყვნენ ამ ორგანიზაციაში შემავალი ,,საუკეთესო’’ ტერორისტები, ვინც ამ ყველაფერს სიტყვა შეუბრუნებლად ასრულებდნენ ,,სამხედრო ჯგუფის’’ ხელმძღვანელების დავალებით.

ბაჭუა კუპრაშვილი წერს, რომ მათ შეისწავლეს: ,,ყველა ქალაქში თუ სოფლად მოქმედი მოანარქისტო ჯგუფების შემადგენლობა, თანახმად დირექტივის ამ ჯგუფებიდან უნდა გამოგვეყვანა საუკეთესოები ... თბილისის მოქმედი მოანარქისტო ჯგუფებიდან ყველაზე უფრო ძლიერი იყო მთაწმინდის ჯგუფი, შემდეგ ვერის, მთაწმინდის ჯგუფიდან გადმოვიყვანეთ დათიკო ჭიაბერაშვილი, არკადი ელბაქიძე (აგორდია), სამსონ ტომარაძე და ჩიქოვანი’’. (9)

სწორედ ე.წ. ,,მთაწმინდის ჯგუფის’’ წევრი იყო ილიკო იორდანეს ძე იმერლიშვილი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მეოთხე ,,იმერელის’’ მეტსახელით ცნობილი მონაწილე.(10) საარქივო მასალების მიხედვით, მისი ძმის, ასევე რევოლუციონერის და ტერორისტის გიორგი იმერლიშვილის, მიერ დაწერილ ილიკო იმერლიშვილის ბიოგრაფიიდან ირკვევა – ,,ილიკო იმერლიშვილი შევიდა მთაწმინდის ჯგუფში ობოლაძესთან 1906 წელს’’.(11) (დოკუმენტი # 1)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. პარტიული ორგანოების არქივში დაცულია თბილისში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფების წევრების და ილიკო იმერლიშვილის ,,ამხანაგების’’ - დიმიტრი ბაცანკალაშვილის, ნიკოლოზ ხავთასის, ივანე ბერიძის და სხვების მიერ, 1934 წლის იანვარში დაწერილ ილიკო იმერლიშვილის ბიოგრაფია.

მასი  ნათქვამია, რომ 1904 წლის ბოლოს: ,,ილიკო მოექცა ბოლშევიკური ფრაქციის გავლენის ქვეშ და პრაქტიკული მუშაობის დროს საშა ობოლაძეს არ შორდებოდა’’. აქვე აღნიშნულია: ,,დაახლოებით 1906 წელს ილიკო იმერლიშვილი და მისი ორი ამხანაგი დიმიტრი ბაცანკალიშვილი და ვასო ფარესიშვილი დროებით შევიდნენ მთაწმინდის ჯგუფში, რომელსაც ხელმძღვანელობდა საშა ობოლაძე’’.(12) ილიკო იმერლიშვილის ,,მთაწმინდის ჯგუფის’’ წევრობას ადასტურებს, ძველი რევოლუციონერის ნ. ლელაშვილის მოგონება ილიკო იმერლიშვილზე: ,,ილიკო გავიცანი 1906 წლის მეორე ნახევარში. ის იყო დაკავშირებული მთაწმინდის წითელ რაზმელთა ჯგუფთან. მთაწმინდის ჯგუფი იყო ტერორისტული ჯგუფი’’. ნ. ლელაშვილი აქვე აღნიშნავს, რომ ,,ილიკო ბოლშევიკებთან იყო ერთთავად’’.(13) (დოკუმენტი #2)

თანამედროვეთა აზრით ილიკო იმერლიშვილი: ,,უდიდეს საფრთხის წინაშეც არ ჰკარგავდა მოსაზრებას და გონიერებას და პოლიციისაგან ფრთხილად დაგებულ მახეს შესანიშნავი გაბედულებით და წინდახედულებით უძვრებოდა ხელიდან’’. ამასთან თუ დავამატებთ, რომ ი. იმერლიშვილი კარგად ხმარობდა სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლ იარაღს, ორივე ხელით ერთდროულად შეეძლო ორი ,,მაუზერის’’ სროლა და ,,მაღლა რომ ერთი ცალი სფიჩქა აგეგდო იმას მოარტყამდა, ძალიან მსროლელი იყო’’, აშკარა გახდება, რომ იგი იმ დროის ტერორისტის ყველა ,,საუკეთესო’’ თვისებას ფლობდა.(14)

ჩვენს ხელთ არსებული სხვადასხვა მასალები პირდაპირ ადასტურებენ ბოლშევიკების მიერ ,,გადაბირებული’’ ,,მთაწმინდის ჯგუფის’’ წევრების ახლო ურთიერთობას ბოლშევიკ-ექსპროპრიატორ ბაჭუა კუპრაშვილთან, კამოსთან (ტერ-პეტროსიანი) და სხვებთან. მაგალითად, თანამედროვის მოგონების მიხედვით, 1906 წლის 12 იანვარს: ,,საშა ობოლაძე(15), დათიკო ჭიაბრიშვილი, არკადი ელბაქიძე(16), კამო(17), ილიკო იმერლიშვილი, ვასო ფარესიშვილი(18), თარაშვილი(19), დიმიტრი ბაცანკალიშვილი წავიდნენ კახეთში ქართლ-კახეთის გაერთიანებულ წითელ რაზმელთა უფროსთან ხუნხუზ ვანო გურულთან(20) მოსალაპარაკებლად’’.(21)

თავის მხრივ კახელ ,,წითელ რაზმელებს’’ და ,,მთაწმინდის ჯგუფის’’ წევრების მჭიდრო კავშირს ადასტურებს 1905-1907 წლებში კახეთში ,,მოღვაწე’’ რევოლუციონერ ტერორისტის ვანო მაისურაძის (ტურა) მოგონება. იგი წერს, რომ კახელი ,,წითელ რაზმელები’’ იარაღს იღებდნენ ,,მთაწმინდიდან ავალიანის ჯგუფის მიერ წართმეულს გორადავოებისგან’’.(22)

ეს ინფორმაცია ამოღებულია ვანო მაისურაძის მოგონებიდან, რომელიც დაცულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. პარტიულ არქივში. უნდა აღინიშნოს, რომ ვანო მაისურაძეს დაწერილი აქვს ასევე წიგნი ,,მოგონება გლეხთა მოძრაობა სიღნაღის რაიონში 1905-1907 წლებში’’.(23) როგორც ჩანს, ამ წიგნის დაწერის თარიღია 1939 წელი, თუმცა ის არასოდეს გამოქვეყნებულა. სწორედ ამ გამოუქვეყნებელ წიგნში ავრცობს ვანო მაისურაძე ზემოაღნიშნულ თემას და წერს: ,,ფულის ნაწილით ბოლშევიკურმა ჯგუფმა შეიძინა იარაღი, რომლის ნაწილი (10 მაუზერი) მე მებარა. შემდეგ კი მაუზერები მთაწმინდის გორაში შეინახეს. ერთი მაუზერი გაყიდა დათიკო ჭიაბერაშვილმა 100 მანეთად. ამ ფულით ერევნის მოედანზე მოეწყო ფოსტაზე თავდასხმა. მე მხვდა წილად გავყოლოდი შორიახლოს და შორიდან ვუყურებდი იქ რაც მოხდებოდა’’.(24) (დოკუმენტი #3) სავარაუდოდ, აქ საუბარია 1907 წლის 13 ივნისის ცნობილ ექსპროპრიაციაზე.

ვანო მაისურაძე ამავე წიგნში წერს: ,,მთაწმინდიდან ჩამოვატარე ბოხჩით შეკრული მაუზერები და ორი ყუმბარა. ეს იარაღი მომცეს იმ სახლიდან, საიდანაც გაიქცნენ (თხინვალის ქუჩაზე) ილიკო იმერლიშვილი, არკადი ელბაქიძე. იარაღი მიმქონდა გარე კახეთში სადაც მელოდებოდნენ იმერლიშვილი, ელბაქიძე, ვანო და გრიშა მამაცაშვილები, ისაკა ლელაშვილი, ჟღენტი’’.(25) ანუ, აქედან ცხადი ხდება, რომ ვანო მაისურაძე და მისი ამხანაგები აქტიურად ეკონტაქტებოდნენ კახეთში მომედ ტერორისტებს. ამას ადასტურებს ვანო მაისურაძის დასახელებული წიგნიდან შემდეგი ინფორმაციაც: ,,1906 წლის 1 იანვარს თელავიდან ჩვენს რაზმთან კავშირის დასაჭერად გამოგზავნეს ახალგაზრდა ყმაწვილი, 20-22 წლის იქნებოდა, გიორგი აივაზოვი. ის იყო მეკავშირე ჩვენს და თელავის რაზმს შორის’’.(26) ამავე გვერდზე მაისურაძე ვკითხულობთ: ,,ჩვენთან იყვნენ პატარა ნიკა, ზალიკო სვიმონიშვილი, შაქრო ლომიძე, ძმები გარსო, გრიშა, ვასო მამაცაშვილები, ისაკა ლელაშვილი (,,პატარა ისაკა“), ილიკო იმერლიშვილი, არკადი ელბაქიძე და სხვები’’.(27)

სხვა მასალაში, კერძოდ ესაა ვანო მაისურაძის ზემო ნახსენები მოგონება, იგი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ექსპროპრიაციისას გატაცებული ფულით შეიძინეს იარაღი, რომელიც დამალეს ,,მთაწმინდის ჯგუფის’’ კუთვნილ იარაღთან ერთად, რაც ადასტურებს მისივე ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციას. მაისურაძის სიტყვებით: ,,ამ თავდასხმაში მონაწილეობდნენ: კ. ლორთქიფანიძე, ვ. მაისურაძე (ტურა), იმერლიშვილი, ქორიძე, ელბაქიძე, მამაცაშვილები, ბუჩაშვილი(28), ჭიკჭიკელაშვილი’’.(29) სხვადასხვა მასალების შეჯერებით ირკვევა, რომ ზემონახენები პირები და ეს უკანასკნელებიც იყვნენ ე.წ. ,,მთაწმინდის ჯგუფის“ წევრები.

როგორც ჩანს, სწორედ ,,მთაწმინდის ჯგუფს’’ გულისხმობდა ვანო მაისურაძის მიერ მახსენები ალექსანდრე (საშა) ობოლაძე, რომელიც 1922 წლის 13 ოქტომბერს, ხევსურეთში სპეცდავალებიდან ,,იმ წუთას დაბრუნებული’’ თავის მოგონებაში წერდა: ,,იმის გამო, რომ ჩვენი ფრაქცია მაშინ მენშევიკებთან ერთად მუშაობდა, მე არ დავემორჩილე განიარაღებას და ცალკე ჯგუფი შევქმენი... ჯგუფს გააჩნდა საკუთარი სტამბა და ჰყავდა თავიდან ფეხებამდე შეიარაღებული 60 კაცი. ჩვენს ჯგუფში მუშაობდა ამხანაგი დათო ჭიაბეროვი. თვითონ კობა-სტალინი გვიჭერდა მხარს. ერთ-ერთ კონფერენციაზე მან შეიტანა რეზოლუცია ჩვენი უკან მიღების შესახებ, მაგრამ მენშევიკებმა ხმათა უმრავლესობით ეს რეზოლუცია ჩააგდეს. კობა ხშირად ეუბნებოდა მათ ,,თქვენ რა გინდათ, ისინი მოწინავე მუშები არიან, ნამდვილი რევოლუციონერები. თავი დაანებეთ მათ’’. მაგრამ მენშევიკებს არაფრის გაგონება არ სურდათ. ისინი ჩვენ ტალახში გვთხრიდნენ’’.(30) ამრიგად, ნათელია, რომ იოსებ ჯუღაშვილი, იმხანად ბოლშევიკი რევოლუციონერი მეტსახელით ,,კობა’’, აქტიურად უჭერდა მხარს ,,მთაწმინდის ჯგუფის’’ საქმიანობას.

,,მთაწმინდის ჯგუფის’’ საქმიანობის და შემადგენლობის შესახებ ინფორმაციები მოიპოვება ასევე არა მარტო რევოლუციონერთა მოგონებებში, არამედ საარქივო დოკუმენტებშიც. კერძოდ, როგორც თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს ერთ-ერთი საქმიდან ირკვევა, 1906 წლის დასაწყისში, სტამბის ყოფილი მუშა ალექსანდრე ობოლაძე დაკავშირებული ყოფილა ბ. ესაძის სტამბაში მომუშავე ვინმე ავალიანთან, ეს უკანასკნელი კი ილია ფიცხელაურთან, რომელიც მუშაობდა ლიბერმანის სტამბაში.(31)

ამ საარქივო საქმეში მითითებულია, რომ ეს ადამიანები ეწეოდნენ რევოლუციურ საქმიანობას და პოლიცმეისტერი ზასიპკინი ითხოვდა მათი დაპატიმრების ნებართვას ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსისაგან. საქმე იმაშია, რომ პოლიციას რევოლუციის პერიოდში აეკრძალა ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოსათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე რევოლუციონერების დაპატიმრება. ეს საჭირო იყო იმიტომ, რომ პოლიციის მიერ საიდუმლო პოლიციის, ანუ ,,ოხრანკის’’ განყოფილების აგენტის, ან მასთან დაახლოებული პირის დაპატიმრებით ,,ოხრანკის’’ განყოფილებებს ხელი არ შეშლოდათ თავის ოპერატიულ საქმიანობაში.

იმავე პერიოდში თბილისის ,,ოხრანკის’’ განყოფილების უფროსის მიერ გაგზავნილი წერილიდან კავკასიის პოლიციის გამგის და თბილისის დროებითი გენერალ-გუბერნატორის სახელზე ირკვევა, რომ ,,სტამბის მუშა ალექსანდრე ობოლაძეს შეუქმნია მძარცველთა ბანდა სახელწოდებით ,,მუშების რევოლუციური ჯგუფი’’. ამ წერილში კვლავ საუბარია ილარიონ (ილია) ფიცხელაურზე, სოციალ-დემოკრატების ,,საბრძოლო რაზმის’’ წევრზე. აღნიშნულია, რომ ის უკვე დაპატიმრებულ ვარდენ დოლიძესთან ერთად იყო ალექსანდრე (საშა) ობოლაძის ,,მუშათა რევოლუციური ჯგუფის’’ წევრი. ამ ორგანიზაციის სხვა წევრებად დასახელებული არიან სტამბის მუშები სერგო ქორიძე და ზემოთ ნახსნები ავალიანი. მათ გაუძარცვიათ სარაჯოვის კანტორა და ვინმე გეიდემანი. წერილში მითითებულია, რომ ნაძარცვი ფული ინახებოდა ა. ობოლაძესთან.(32)

ბატონ ნოდარ გრიგალაშვილის მიერ მოძიებულ და გამოქვეყნებულ ილიკო იმერლიშვილის ბიოგრაფიაში ალექსანდრე ობოლაძე დასახელებულია 1905 წლის ნოემბერში სომეხ-თათრების შეტაკების თავიდან ასაცილებლად შექმნილი, სოციალ-დემოკრატების ერთ-ერთი შეიარაღებული ჯგუფის ათისთავად. მის ხელქვეითად, ანუ ქვემდებარე რაზმის რიგით წევრად კი ილიკო იმერლიშვილი. ბიოგრაფიის ავტორი წერს: ,,იმ ღამეს, როცა თათრის მოედანზე ცეცხლი გაძლიერდა და თათრების ბრბო თანდათან დახურული ბაზრისკენ მიიწევდა... სილიბისტრო ჯიბლაძემ უთხრა ვალერა ბილანოვს, რომ აერჩია ერთი ჯგუფი რაზმელების და დამდგარიყო დახურული ბაზრის შესასვლელში... ალექსანდრე ობოლაძემ, როგორც ათისთავმა, გასცა განკარგულება გვესროლა და გაგვეფანტა შეკრებილი ბრბო. მაგრამ რაზმელებმა გასროლა ასე ადვილად ვერ გაბედეს. გავარდა მხოლოდ ილიკოს თოფი... შემდეგ სხვა რაზმელებმაც გაისროლეს’’.(33)

ილიკო იმერლიშვილის ბიოგრაფიის ავტორი აქვე მიუთითებს რომ, როცა რევოლუციური მოძრაობა შედარებით მინელდა ,,ილიკო თავისი ამხანაგებით, რომელთა შორის იყვნენ: ა. ობოლაძე, გ. ავალიანი, ტ. ჯაში(34), არკადი ელბაქიძე, ს. ტომარაძე, არამ პოღოსოვი, გ. თოფურიძე, ა. ფიცხელაური, ა. ვარსიმაშვილი, ვ. ნასარიძე, დ. ბაცანკალიშვილი და ყანდარელი (პატარა მცხეთელი) ეყოფიან მთავარ ორგანიზაციას და აარსებენ მთაწმინდაში რევოლუციონერ სოციალ-დემოკრატ მუშათა ჯგუფს’’.(35) ამრიგად, როგორც ჩანს, აქ სწორედ ზემოაღნიშნულ საარქივო დოკუმენტებში მითითებულ ალექსანდრე ობოლაძის ხელმძღვანელობით შექმნილ ,,მუშათა რევოლუციურ ჯგუფზე’’, ანუ იგივე ,,მთაწმინდის ჯგუფზე’’ არის ლაპარაკი.

                                                             

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თავი II

იოსებ ჯუღაშვილი, თელავის და სიღნაღის მაზრაში მოქმედი ,,წითელ რაზმელები’’ და ტერორისტები

 

      ზემოთ უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ თბილისში არსებული ბოლშევიკურად ,,განწყობილი’’ ,,მთაწმინდის ჯგუფის’’ წევრების და იმ დროს კახეთში მოქმედი ტერორისტები ერთმანეთთან კავშირში იმყოფებოდნენ. იქვე ნახსენები იყო, რომ ,,მთაწმინდის ჯგუფის’’ წევრები ჩადიოდნენ კახეთში და როგორც ვანო მაისურაძე წერს თავის სხვა მოგონებაში, 1905 წლის ბოლოს კახეთიდან ჩასული ,,წითელ რაზმელები’’ ეხმარებოდნენ სომეხ-თათრების შეტაკების დროს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ,,წითელ რაზმელებს’’. ვანო მაისურაძის სიტყვებით: ,,თბილისში თათარ-სომხების შეტაკების დროს გარე კახეთიდან 80 კაცით მივიღე მონაწილეობა. ვიცავდით ნახალოვკის გორებიდან’’.(36)

      თავის მხრივ კი, თბილისიდან კახეთში ჩასული ტერორისტები ადგილობრივ რევოლუციონერებს ტერორისტული და ექსპროპრიაციული აქტების ჩადენაში უწევდნენ დახმარებას.(37) კერძოდ, ვანო მაისურაძე წერს: ,,კაჭრეთის ბოლოზე ორჯელ ზედიზედ გავტეხეთ ფოსტა (იქ იმ მოსაზრებით, რომ მახლობელი სოფლები ჩაგვეთრია რევოლუციაში, ხელისუფლებას ემხრობოდნენ, ჩვენს რაიონს უფრთხილდებოდნენ რეპრესიების გამო) ფოსტაზე თავდასხმაში მონაწილენი იყვნენ 1. ალიხანაშვილი ვანო 2. მაისურაძე ვანო, იგივე ,,ტურა’’ 3. ლორთქიფანიძე კოლია 4. სერგო ქორიძე 5. არტო მიქელოვი 6. იმერლიშვილი ილიკო (მცხეთელი) 7. ჟღენტი, ჯაში(38) (სახელები დამავიწყდა), ძმები მამაცაშვილები და სხვები’’.(39) (დოკუმენტი # 4)

       ვანო მაისურაძე დოკუმენტში სათაურით - ,,სხვათა შორის ნამუშევარი, პოლიტიკური პარტიზანული აქტები 1906-1909 წწ.’’ წერს იმასაც, რომ 1906 წლის დასაწყისში: ,,ჩვენს რაზმში თავს ინახავდნენ ქუთაისი, გურია და თბილისიდან ჩამოსული ტერორისტები. სერგო ქორიძე, ილია იმერლიშვილი (მცხეთელი), კოლია ლორთქიფანიძე, ისაკა ლელაშვილი, სამი ძმა გრიშა და ვასო მამაცაშვილები, ელბაქიძე და სხვები. ისიდორე რამიშვილთან ერთად ველისციხეში მოვაწყეთ კონფერენცია აჯანყების, ყაზარმების და ფოსტებზე თავდასხმის შესახებ’’.(40)

ქვემომოყვანილ დოკუმენტში კი დასტურდება თბილისელი ტერორისტების, ,,მთაწმინდის ჯგუფის’’ წევრების არა მახოლოდ კახეთში ჩასვლა, არამედ მათი ერთ-ერთი მხარდამჭერის და დიდი ალბათობით ხელმძღვანელის - იოსებ ჯუღაშვილის რევოლუციური საქმიანობის წარმოება კახეთში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში, ე.წ. ,,პარტიული არქივის’’ ფონდებში დაცულ მასალებში, ერთ-ერთი თანამედროვის, კოტე გურგენიშვილის მოგონებებში პირდაპირ აღნიშნულია 1905-1907 წლების რევოლუციის დასაწყისში, იოსებ ჯუღაშვილის ხელმძღვანელი როლი თბილისის გუბერნიის ,,წითელი რაზმელების’’ საქმიანობის წარმართვაში: ,,ოქტომბრის დამლევს ამხანაგ სტალინის დავალებით მოხდა თბილისის გუბერნიის ყველა წითელი რაზმების გაერთიანება, სადაც არჩეულ იქნა შტაბი. ამ შტაბს დაერქვა ქართლ-კახეთის გაერთიანებული წითელრაზმელთა შტაბი. ამ შტაბის უფროსად ხელმეორედ არჩეულ იქნა ამხ. ვანო ალიხანაშვილი (ვანო გურული, ხუნხუზა), შტაბში თელავის მაზრიდან შეყვანილი იქნენ აქვსენტი სიდამონიძე(41) და სანდრო ყავლაშვილი(42), გორის მაზრიდან ვანო ქრისტესიაშვილი და გიორგი მაჩაბელი, სიღნაღის მაზრიდან ნიკო ქადაგიშვილი, დუშეთის მაზრიდან ილიკო იმერლიშვილი’’.(43)

აღმოსავლეთ საქართველოში მოქმედი ,,წითელი რაზმების’’ და ტერორისტების ზემოდასახელებული ხელმძღვანელის ვანო ალიხანაშვილის არქივში დაცულ, დღემდე გამოუქვეყნებელ მოგონებაში ვკითხულობთ: ,,1905 წლის 28 თებერვალი ... დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს წითელ პარტიზანთა რაზმების მეთაურებს - შიგნით კახეთში, თელავში აქვსენტი სიდამონიძეს, ქიზიყში კობახიძეს და ძია ყაველაშვილს, ფშავლებში გიორგი კარატიელს (ქუმსიაშვილი) და ნიკო ნადიბაიძეს, დუშეთში ილიკო იმერლიშვილს და ვასო ხუბაშვილს(44) - ამხ. კობას აზრით საჭიროა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ერთიანი სამხედრო ცენტრის შექმნა, ერთ სამხედრო ორგანიზაციაში მოქცევა’’.(45)

ასეთი ცენტრის შექმნა ვერ მოხერხდა, მაგრამ როგორც საარქივო მასალების ანალიზი გვიჩვენებს, აღმოსავლეთ საქართველოში - კახეთში და კონკრეტულად ქალაქ თელავში მოქმედებდა ,,მთაწმინდის ჯგუფთან“, იგივე ,,ჯგუფისტებთან“ კავშირში მყოფი ორგანიზაცია, რომელიც ,,სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ჯგუფისტების თელავის ორგანიზაციის’’ სახელწოდებით იყო ცნობილი.

1906-1913 წლებში აღმოსავლეთ საქართველოში - კახეთში და კერძოდ თელავის მაზრაში, აქტიურად მოქმედებდნენ ,,წითელი რაზმები“, რომლებიც იყვნენ სხვადასხვა რევოლუციური პარტიის მათ შორის, სოციალ-დემოკრატების გავლენის ქვეშ და აქტიურად ეწეოდნენ ტერორისტულ და ექსპროპრიაციულ საქმიანობას.

ახლად მოძიებული საარქივო მასალებიდან ჩანს, რომ 1906-1908 წლებში მათი წევრები ძირითადად იყვნენ, სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბოლშევიკური ფრთის მხარდამჭერები. მაგალითად, საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში დაცულ ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელსაც თბილისის სამძებრო პოლიციის განყოფილების უფროსი 1910 წლის ივნისში უგზავნის თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსს სოლკა, იგივე სოსია ბიწკინაშვილის შესახებ აღნიშნულია, რომ იგი იყო ,,რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის კომიტეტის თელავის ორგანიზაციის მსხვილი მოღვაწე და ცნობილი ტერორისტი’’.(46)

საარქივო მასალების მიხედვით, კახეთში მოქმედი ცნობილი ,,წითელ რაზმელები“ და თბილისელ ,,ჯგუფისტებთან“, უფრო სწორედ ,,მთაწმინდის ჯგუფის’’ წევრებთან დაკავშირებული პირები იყვნენ: აქვსენტი სიდამონიძე, ხარება ჯიბუტი, გოგია კენკიშვილი, სოლია (სოლკა) ბიწკინაშვილი,  ზალიკო სვიმონიშვილი, გიორგი ბერძენიშვილი (ჟორჟიკა), ვანო მაისურაძე (ტურა), კოტე გურგენიშვილი და სხვები.(47)

ვფიქრობთ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება ,,თელავის რაიონის ძველი რევოლუციონერების თათბირის ოქმის“ ამონაწერის გაცნობა. ოქმი 1935 წლის 22 სექტემბრითაა დათარიღებული და ჩანს, რომ თელავიდან და თელავის რაიონიდან ოთხმოცდათხუთმეტი (95) ადამიანი დასწრებია სხდომას. საინტერესოა თათბირზე არჩეული პრეზიდიუმის წევრების ჩამონათვალი: 1. ვანო ალიხანაშვილი (ხუნხუზა, გურული) 2. გიორგი ხელაშვილი 3. არშაკა არუთინოვი 4. ფიდო მსუქნიშვილი 5. ვანო ღვინიაშვილი 6. მათე ისაკოვი (წითელი) 7. ანი ჯავახიშვილი’’.(48) (დოკუმენტი #5) დასახელებული სხდომის ოქმის ამონაწერში სხვადასხვა საკითხებთან ერთად ისინი აღნიშნავენ იოსებ ჯუღაშვილის ჩასვლას თელავში. (დოკუმენტი #6)

 აქვე რევოლუციის დროს მოქმედი თელავის ,,წითელი რაზმის“ მიერ ჩადენილი ტერორისტული და ექსპროპრიაციული აქტების შესახებაცაა საუბარი. დოკუმენტში, სათაურით ,,ტერორისტული აქტები“ ვკითხულობთ: ,,წინანდლის მამულში გაგზავნილ იქნა ასი ათასი (100 000) მანეთი. ეს უკვე იცოდა რაზმმა. რაზმელები ექვსი (6) კაცით შემდგარი ,,ხუნხუზას’’ მეთაურობით გაემგზავრნენ წინანდლის მიმართულებით და ნასომხრის ბოგირთან, როდესაც ფოსტის ტროიკა მიუახლოვდა ბოგირს და კაზაკების ასეული 100 ნაბიჯის მანძილზე მისდევდა ატყდა სროლა. დაჭრილ იქნენ ტროიკის ცხენები და ფული მთლიანად გატაცებულ იქნა ხარებას და ყაველაშვილის მიერ, კაზახებთან სროლის დროს დაიჭრა ოფიცერი, ხუნხუზა და ა. არუთინოვი. ოთხმა რაზმელმა სროლით შეაფარა თავი ტყეს. ფული ათი ათასი (10 000) მანეთი გადატანილ იქნა რუისპირში ამხ. მ. ჟღენტის ოჯახში, ხოლო დანარჩენი ორი ფულის ჩანთა, რომელიც დალუქული იყო უნდა ყოფილიყო სამასი ათასი (300 მანეთი მიიტანეს სერგო დანდუროვთან, რომელმაც განაცხადა, რომ მხოლოდ აღმოჩნდა ოთხმოცდაექვსი (86000) ათასი მანეთი, დანარჩენი ორას თოთხმეტი (214000) მანეთი უკვალოდ დაიკარგა’’.(49)

,,ექსპროპრიაციის“ ამ ფაქტს თავის 1930¬-იან წლებში დაწერილ და დღემდე გამოუქვეყნებელ ავტობიოგრაფიაში ასევე ეხება, ქალაქ თელავის მკვიდრი ,,ძველი ტერორისტი“ არშაკა არუთინოვი: ,,ვანო ალიხანაშვილის მეთაურობით წავედით ფოსტაზე დასაცემად. დავუხვდით კისისხევის ბოლოზე და გავიტაცთ ფოსტა. ესენი ვიყავით: ალიხანაშვილი ვანო, ძია ყაველაშვილი, არშაკა არუთინოვი - თვით მე, გიო ძულიაშვილი, ნიკო ღვინიაშვილი, ვანო ავაქოვი, მიშა ჟღენტი, ერთი პირი მეტსახელით პროლეტარი“. აქვე იგი აქვსენტი სიდამონიძეს, როგორც თელავში

შექმნილი პირველი ,,წითელი რაზმის’’ მეთაურს ისე მოიხსენიებს: ,,1905 წელს ხაშმიდან ჩამოვიდა ვანო ალიხანაშვილი, რომელმაც უფრო დაამკვიდრა რაზმის მეთაურობა. ხაშმის მეთაურად ითვლებოდნენ ვანო ალიხანაშვილი და აქვსენტი სიდამონოვი’’.(50)

თელავის ისტორიულ მუზეუმში დაცულია არშაკა არუთინოვის სხვა მოგონება სადაც იგი წერს: ,,სულ პირველად დავეცით წინანდლის უეზდის არტელშიკს მუზნეცოვს, წავართვით 8 000 მანეთამდე. ეს მოხდა ნასომხრის აქედან, შალაურის ხევში(51). ეს იყო 1906 წლის მკათათვეს. მაშინ მარტო ცხენი დავჭერით. მეთაურად ვანო ალიხანაშვილი გვყავდა’’. საინტერესოა, რომ იგი იქვე სხვა ტერორისტული აქტის შესახებ საუბრისას, როდესაც თელაველი ტერორისტები თავს დაესხნენ მაზრის უფროს ანტონოვს წერს შემდეგს: ,,ჩვენთან ერთად იყო საშა ახმეტელი (შემდეგში რეჟისორი რუსთაველის თეატრის), კენკიშვილი გოგია, ხარება, გაგნიძე ფირუზა, კურდღელაშვილი ვანო, ჟრენტი მიშა, სულ 23 კაცი ვიყავით’’.(52) რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა აქ, ამ კონტექსტში საშა ახმეტელის ხსენება, თუმცა, ვფიქრობთ ეს ცალკე კვლევის საგანია და აქ არ შევეხებით.

თელავის მაზრის სოციალ-პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ, თელავის მაზრის უფროსის მიერ დაწერილ 1907 წლის წლიურ ანგარიშში მითითებულია, რომ ქალაქ თელავში 1905-1906 წლებში რევოლუციური მოძრაობის დროს სისტემატურად ხდებოდა ძარცვა, ყაჩაღობა და ტერორისტული აქტები, რომლებსაც ძირითადად სწორედ ,,ჯგუფისტები’’ ჩადიოდნენ. აქვე აღნიშნულია: ,,მაზრის მდგომარეობის ამსახველ გასული წლის ანგარიშში(1906) მართალია ნათქვამია, რომ ,,ჯგუფისტებთან“ დაკავშირებით სიტუაცია უკეთესობისკენაა შეცვლილი, მაგრამ საქმე მთლად კარგად არაა. არა მხოლოდ მიხეილ ჟღენტი, მიხეილ მაყაევი, ალექსანდრე მათიკოვი არიან ,,ჯგუფისტების’’ ლიდერები არამედ სხვებიც. ,,ჯგუფისტების“ ორგანიზაციის ბევრი წევრი დაჭერილია - ძულიაშვილი, ეგოროვი, ბერძენოვი, ცინცაძე, ზურაბოვი, ყაველაშვილი, მოძღვრიშვილი, ინაევი, მურადაშვილი, ციხისთავი. ,,ჯგუფისტების’’ ორგანიზაცია მართალია შესუსტდა, მაგრამ ის, რომ ტერორისტული აქტების ჩადენაში დამნაშავე ყველა პირი არაა დაპატიმრებული ჩანს იქიდანაც, რომ 1906 წელს მკვლელობები და ძარცვები არ შემცირდა და თელავის მაზრაში სამხედრო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ ,,ჯგუფისტების’’ შემცირებული რაოდენობა გაათმაგდა და შესაძლებელია, ახალი მსხვილი ბანდა ჩამოყალიბდეს’’.(53)

,,ჯგუფისტების’’ ოპერირების ადგილებად ქალაქი თელავი და მისი მიმდებარე სოფლები - ვარდისუბანი, კურდღელაური, გულგულაა დასახელებული. მასალაში ჩამოთვლილია ,,ჯგუფისტების’’ მიერ ჩადენილი მკვლელობები და განხორციელებული თავდასხმები - პოლიციის აგენტ ჯოხარიძის, ბაშკადიკლარის სარეზერვო ბატალიონის რიგითი ჯარისკაცის, უმცროსი ცხენოსანი ,,სტრაჟნიკ“ თათულიშვილის მკვლელობები. ასევე მითითებულია ქალაქის ყოფილ ,,გოროდოვოი’’ მიხეილ ტერტეროვზე, თელაველ ვაჭარ იოსებ იარალოვზე, მაზრის ყოფილ უფროს ანტონოვზე, თელავის ,,მიროვოი ატდელის“ მდივან ბარსკიზე, მემამულე ოვჩარენკოზე და სხვებზე განხორციელებული თავდასხმები. მოხსენების ავტორები ხაზს უსვამენ: ,,ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა ვერც ერთი ,,ჯგუფისტის’’ ,,დააგენტურება“-გადაბირება, რაც ხელს უშლის მათ წინააღმდეგ ბრძოლას’’.(54)

საარქივო მასალების მიხედვით, თელავში ,,ჯგუფისტები’’ საკმაოდ აქტიურად მოქმედებდნენ 1907-1908 წლებშიც. 1908 წლის ნოემბერით დათარიღებულ თელავის მაზრის უფროსის მოხსენებაში თბილისის გუბერნატორისადმი ვკითხულობთ - ,,თელავში რევოლუციური მოძრაობის წამმართველი თელავის კოლექტივია, რომელიც შედგება თელაველი ივანე ცინცაძის (მეტსახელი - ღორი კრეჭიას ბიჭი), ტიგრან ნარიმანოვის, ბუღდან ეგოროვის, თაზო ერმილეს ძე სვიმონოვის, ბაგრატ ვანელის, გრიგორ ბუიშვილის, მიხეილ ამონაშვილის, ტატო დიასამიძის, გრიგოლ ფირანაშვილის, ბაგრატ სტეპანოვის, გიორგი კურდღელოვის, სარქის ყაზახოვის, ანისიმე და გრიგოლ ჩიკვაიძეების, სავვა ჩიდრაშვილისა და ივანე ჯავახიშვილისგან’’.(55)

ამავე მოხსენების მიხედვით ,,თელავის მაზრაში ორი მოქმედი ბანდა იყო: 1. პირველი ჯგუფი, ტერორისტების ხარებასა და გოგიას ხელმძღვანელობით. მასში შედიოდნენ ზალიკო სვიმონიშვილი. თელავის მცხოვრები არშაკ არუთინოვი (მეტსახელი - ბეგიას ბიჭი), სოფელ კურდღელაურის მცხოვრები ალექსანდრე სუხიტაშვილი (მეტსახელი - პეტუშოკ), მიხეილ მაყაევი 2. მეორე ჯგუფი - ,,შანტაჟისტების შაიკა’’, რომელიც ოპერირებული იყო თელავის მაზრაში და წარმოადგენდა იმ ბანდის ნარჩენებს, რომელიც ფიგურირებდა თელაველი ვაჭრების იარალოვის და სისოევის გატაცებაში’’. ამავე ბანდის წევრად იხსენიება გიორგი ბერძენიშვილიც, იგივე ,,ჟორჟიკა“.

დოკუმენტებში რამოდენიმეჯერ ნახსენებია არონ ბარძიმაშვილიც, რომელიც ,,თავს ეძახდა სოციალ-დემოკრატს, ხან ,,ჯგუფისტების’’ პარტიის წარმომადგენელს და თელაველ შეძლებულ მოქალაქეებს ფულის მოთხოვნის შინაარსიან წერილებს, ზედ დარტყმული ბეჭდით ,,ჯგუფი ანარქისტი კომუნისტების“ უგზავნიდა’’.(56) არონ ბარძიმაშვილი ნახსენებია სხვა საარქივო საქმეში, როგორც სოფელ გრემის მცხოვრები და სოციალისტ-რევოლუციური პარტიის წევრი, რომელიც თანასოფლელ გლეხებს მემამულეების მიწების ხელში ჩაგდებისკენ მოუწოდებდა.(57)

კახეთის რეგიონალურ არქივში - ,,ძველ ბოლშევიკთა კოლექციის ფონდში’’ დაცულია არონ ბარძიმაშვილის შვილის ნელი ბარძიმაშვილის პირადი ფონდი. მასში ეს უკანასკნელი ადასტურებს მამამისის რევოლუციურ საქმიანობას, რომელიც ამის გამო 1908 წელს ორენბურგის გუბერნიაში გადაუსახლებიათ.(58)

ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით კი თელავის მცხოვრები, ვინმე ფირუზ გიორგელაშვილი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის და კერძოდ ,,ჯგუფისტების“ ლიდერი და პარტიის მოსამართლე ყოფილა.(59) სხვა საარქივო საქმეში ნათქვამია: ,,სოფელ კურდღელაურის მცხოვრები თეოდორ, იგივე ფირუზ გიორგელაშვილი, კოლექტივისტია(60), არის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბოლშევიკების, იგივე ჯგუფისტების წევრი’’.(61) საინტერესოა, რომ 1918-1921 წლებში ეს უკანასკნელი უკვე მენშევიკური პარტიის აქტიური წევრი იყო, რის გამოც საბჭოთა პერიოდში იგი რევოლუციონერთა სიაში არ შეიყვანეს.(62)

აღსანიშნავია, რომ ამავე ,,ტიტულით“ - ,,სოციალ-დემოკრატიული პარტიის მოსამართლე’’, ქალაქ თელავში ,,მოღვაწე“ კიდევ ერთი რევოლუციონერი ,,სარგებლობდა“ - სოსია, იგივე სოლკა ბიწკინაშვილი, რომელიც 1906-1907 წლებში ,,სოციალ-დემოკრატიული პარტიის კომიტეტის უფროსი’’ ყოფილა.(63) ეს უკანასკნელი, როგორც პროფესიით კასრების ხელოსანი, იხსენიება სხვა საარქივო საქმეებში.(64) ერთ-ერთ დოკუმენტში იგი, როგორც ,,ბევრი მკვლელობის მონაწილე კასრების ხელოსანი და ტერორისტი“ არის მოხსენიებული.(65)

ამ წლებში ,,ჯგუფისტების“ წევრებად ასევე დასახელებული არიან  კახეთში მოქმედი ცნობილი ტერორისტები ხარება ჯიბუტი, გოგია კენკიშვილი, ზალიკო სვიმონიშვილი და სხვები. თუმცა, როგორც მასალების ანალიზიდან ჩანს ეს ადამიანები 1908 წლიდან ,,ჯგუფისტების’’ ორგანიზაციის დაშლის შემდეგ,  თელავის მაზრას რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ტერორისტებად მოევლინენ. ვფიქრობ პარტიული კუთვნილება მათ ,,პოლიტიკურ ორიენტაციაში“ ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობდა, რადგან უკვე 1909 წლის 5 ივნისს თელავის მაზრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ბარათოვი წერდა: ,,ხარება და გოგია სოციალ-დემოკრატიული პარტიის ტერორისტები არიან’’.(66)

იმავე წლით დათარიღებულ სხვა მასალაში კი ნათქვამია: ,,ზალიკო სვიმონიშვილი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრია და პარტიის მიერ გამოტანილ განაჩენებს ასრულებს - ანხორციელებს ტერორისტულ აქტებს’’.(67) სწორედ ეს უკანასკნელი ყოფილა განსაკუთრებით დაახლოებული იოსებ ჯუღაშვილთან, რასაც ცოტა ქვემოთ შევეხებით.

სხვადასხვა საარქივო დოკუმენტებიდან ჩანს, რომ პროვინციებში ტერორისტული ორგანიზაციების ჩამოყალიბების, რევოლუციური აგიტაციის წარმოების მიზნით იოსებ ჯუღაშვილი 1906 წლის იანვარში ჩასულა აღმოსავლეთ საქართველოში - ქალაქ თელავში.(68)

ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, რომ 1905-1907 წლებში კახეთში ,,მოღვაწე’’ რევოლუციონერ-ტერორისტის, საშა ობოლაძის, კამოს (ტერ-პეტროსიანი), ილიკო იმერლიშვილის და სხვა ბოლშევიკ ტერორისტების ,,თანამებრძოლის’’ ვანო მაისურაძის (ტურა) გამოუქვეყნებულ წიგნში - ,,მოგონებები გლეხთა მოძრაობაზე’’, ასევე დადასტურებულია სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბოლშევიკური ფრთის გავლენა ზალიკო სვიმონიშვილის, ასევე ,,ხარება და გოგიას’’ რაზმებზე.(69)

ამ საკითხს ეხება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პარტიული არქივის ფონდებში დაცული ქალაქ თელავის მაცხოვრებლების, თელავის რაიონში მცხოვრები ძველი რევოლუციონერების საბჭოთა პერიოდში დაწერილი, დღემდე გამოუქვეყნებელი მოგონებები. მათში ისინი საუბრობენ, 1906 წლის დასაწყისში ქალაქ თელავში და მის მეზობლად მდებარე სოფლებში, იოსებ ჯუღაშვილის (სტალინი) ჩასვლაზე და მის რევოლუციურ საქმიანობაზე.

ერთ-ერთ დღემდე გამოუქვეყნებელ დოკუმენტში, რომელიც ეკუთვნის თელავის მაზრის სოფელ იყალთოს მცხოვრებ ნიკოლოზ ზაქროს ძე ზამუკაშვილს, აღწერილია იოსებ ჯუღაშვილის მონაწილეობა თელავის მაზრის სოფელ ოსიაურში გამართულ მიტინგზე: ,,ამხანაგი კობა მიტინგზე შეეხო თვითმპყრობელობის რეპრესია-რეაქციას და შავი რაზმების მოქმედებას. მწვავედ დასვა საკითხი წითელი რაზმების შექმნისა და მათი ხელმძღვანელების გამოყოფის შესახებ. და მართლაც, მიტინგის დამთავრებისთანავე გამოყოფილ იქნენ თელავისა და სიღნაღის მაზრის წითელი რაზმების ხელმძღვანელები’’ .(70) (დოკუმენტები # 7,8,9)

სხვა დოკუმენტში, რომლის ავტორებიც არიან ქალაქ თელავის მცხოვრებნი, ნათქვამია: ,,იოსებ ჯუღაშვილი თელავში 1906 წლის გაზაფხულზე ჩამოვიდა და რამდენადაც გვახსოვს ამხანაგი კობა თელავში დარჩა ორ თვეზე მეტ ხანს. იგი უფრო მეტად ღამეებს ათევდა ჩხუბიანაშვილის ქალებთან, ხან კი ამხანაგ ალექსა ყარაულაშვილთან და სხვებთან. ამხანაგი კობა მუდმივად თელავში არ იყო. იგი ხშირად ... ხარება ჯიბუტთან, ბიწკინაშვილ სოლიასთან ერთად დადიოდა თელავის მაზრის სხვადასხვა სოფლებში, სადაც იწვევდნენ გლეხთა არალეგალურ კრებებსა და მიტინგებს... ამხანაგ კობას ხელმძღვანელობით თავად-აზნაურთა შავი რაზმების საწინააღმდეგოდ შედგა წითელი რაზმი თელავში. რაზმის ხელმძღვანელად გამოყოფილ იქნენ ალექსა ყარაულაშვილი, ხარება ჯიბუტი, სოლია ბიწკინაშვილი, მელიტონა, აქვსენტი სიდამონიძე და სხვები. წითელ რაზმებს მოუხდათ შეტაკება შავ რაზმელებთან’’.(71) (დოკუმენტები # 10)

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პარტიული არქივის ფონდებში დაცულია თელავის მცხოვრების სოსო სტეფანეს ძე აივაზოვის (აივაზაშვილი) მოგონება(72) და ავტობიოგრაფია.(73) აღნიშნული - ,,მოგონება 1905 წლის რევოლუციაზე’’ ავტორის ხელითაა დაწერილი, ,,ავტობიოგრაფია’’ კი სხვა პირის მიერ და სოსო აივაზოვი (აივაზაშვილი)(74) მხოლოდ ხელს აწერს.

მოგონებაში ვკითხულობთ: ,,1906 წლის იანვარში (რიცხვი არ მახსოვს) კობა (იოსებ სტალინი) მოდიოდა თბილისიდან გურჯაანში კონფერენციებზე, რადგან იმას დასდევდა პოლიცია დასაჭერად - ვერ დაესწრო კონფერენციას, ამოვიდა თელავში. ჩემმა ძმამ გიორგიმ და ვანო ალიხანაშვილმა (ხუნხუზა) მოიყვანეს ჩვენსა, საიდანაც გავაპარეთ თბილისში’’.(75)

ავტობიოგრაფიაში ავტორი აღწერს მისი ოჯახის წევრების რევოლუციურ საქმიანობას, თითქმის სრულად იმეორებს თავის მოგონებაში არსებულ ინფორმაციებს, მაგრამ აქ აღარ ამბობს იოსებ ჯუღაშვილის შესახებ არაფერს. სამაგიეროდ ადასტურებს ,,წითელ რაზმელების’’ კონფერენციის ჩატარებას სოფელ გურჯაანში, სოფელ ველისციხეში 1906 წელს: ,,ველისციხის კონფერენციის გადაწყვეტილების თანახმად თელავში დაარსდა სამაზრო შეიარაღებული რაზმები ამხ. ხუნხუზის, მ. ჟღენტის და ა. სიდამონიძის ხელმძღვანელობით’’. ავტობიოგრაფიაში იგი ასევე ახსენებს ხარებას, კ. გელოვანს, ა. სიდამონიძეს, ქ. ზარაფოვს(76)(ზარაფიშვილი) და 1905-1907 წლების რევოლუციაში აქტიურად ჩაბმულ სხვა პირებს.

გარდა ამისა, შემოგვრჩა მისი დედის - დარია დიმიტრის ასულ აივაზოვი-ჩხუბიანაშვილის ავტობიოგრაფია, რომელიც რეალურად არის ქალაქ თელავში რევოლუციური მოძრაობის პერიოდზე მოგონება. იგი არ ახსენებს იოსებ ჯუღაშვილის სტუმრობის ფაქტს მის ოჯახში, თუმცა სხვა საინტერესო ინფორმაციასთან ერთად აღნიშნავს, რომ მის ოჯახში იარაღს ინახავდნენ - აქვსენტი სიდამონიძე, ვანო ალიხანაშვილი, კ. გელოვანი, ხარება და სხვები.(77) დასახელებული მასალა დათარიღებული არ არის, მაგრამ სავარაუდოდ, სხვა რევოლუციონერების მოგონებების და ჩანაწერების მსგავსად, გაკეთებულია 1930-იანი წლების პირველ ნახევარში.

საბჭოთა პერიოდში, 1945 წლის იანვარში დაწერილი თელავის მაზრის სოფელ კურდღელაურის მკვიდრის, ვანო დიმიტრის ძე ებელაშვილის დღემდე გამოუქვეყნებელ მოგონებაში ვკითხულობთ, რომ იგი ,,ესწრებოდა კრებას სოფელ ოსიაურში, სადაც სიტყვით გამოვიდა კობა’’. ებელაშვილი ასევე დასწრებია ,,კრებას თვითმპყრობილების წინააღმდეგ’’ თელავის მახლობლად, ძველ შუამთაში სადაც კვლავ გამოსულა ,,კობა’’ სიტყვით.(78)

თელავის ისტორიულ მუზეუმშიც დაცულია თელავის მაცხოვრებლების მოგონებები იოსებ ჯუღაშვილის თელავში ყოფნის შესახებ. ერთ-ერთი მათგანი ძალიან საინტერესოა. ეს არის ნიკოლოზ ვაშაძის შესახებ ვანო ალიხანაშვილის, ასევე კიმო გელოვანის, თელავის მაზრაში მოქმედი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბოლშევიკების ფრთის წარმომადგენლის 1936 დაწერილი წერილები. მათში ვკითხულობთ, რომ ვაშაძე სიღნაღის თუ თელავის მაზრაში, 1906 წელს ყოფილა ბოქაულის თანაშემწედ და სწორედ მას გადაურჩენია ,,კობა’’ დაპატიმრებას: ,,შავი რეაქციის დროს კაზაკების მიერ დაპატიმრებას გადაარჩინეთ ამხ. კობა, რომ თქვენ არა მაშინ დაპატიმრებულ კობას კაზაკები შურისძიებით მოკლავდნენ. მაშასადამე  თქვენ სიკვდილს გადაარჩინეთ ჩვენი ქვეყნის სიამაყე, მსოფლიო პროლეტარიატის საყვარელი ბელადი, ბრძენი გენია, ჩვენი ძვირფასი სტალინი, ესაა უდიდესი საქმე’’. (79) თავისთავად ეს დოკუმენტი საინტერესოა, რომ დადასტურებულია იოსებ ჯუღაშვილის ყოფნა თელავის მაზრაში. თუმცა, აქ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაცაა აღნიშნული - მისი დაპატიმრება თელავის მაზრაში კაზაკების მიერ, რაც იოსებ ჯუღაშვილის (სტალინი) არც ერთ ოფიციალურ მასალაში არაა აღნიშნული.

თელავის ისტორიულ მუზეუმში, ალექსანდრე მამულაშვილის, მუზეუმის ყოფილი დირექტორის არქივში დაცულია ,,მოგონებები სტალინის კახეთში მოგზაურობის შესახებ’’. ალექსანდრე მამულაშვილს 1938 წლის მარტში გადაუწერია ვინმე პროვიზორ ივანე ნიკოლოზის ძე უზნაძის ავტობიოგრაფიიდან შემდეგი: ,,ბოლშევიკური ფრაქციის წინადადების თანახმად გადაწყდა, რომ სოციალ-დემოკრატიული კონფერენცია მოწვეულ იქნას ქ. სიღნაღში. ამისთვის ქ. სიღნაღში 3 თუ 4 იანვარს (1906) ჩამოვიდნენ, მაგრამ რადგან პოლიციის ჯაშუშებმა ალღო აიღეს, ამიტომ კონფერენციის ადგილად ველისციხე იქნა არჩეული... ტფილისელი დელეგატები ს. გურჯაანში ჩემთან მოვიდნენ. კარგად მახსოვს, მათ შორის ამხ. კობა (იოს. სტალინი). ჯაშუშების დადევნების გამო, ჩემთან რომ მივედით მე საჩქაროდ შევიძინე გლეხკაცის სამოსი და ჩავაცვი: ქალამნები, პაჭიჭები, კახური ნაოჭიანი ცოხა, ახალუხი, ნაბდის ქუდი, დახეული ფარაჯა და თავზედ შემოხვეული ყაბალახი. ასე გამოწყობილი ორი გლეხკაცის თანხლებით ფეხით ზამთარში ქარბუქში გომბორის გზით ტფილისისკენ გაემგზავრა’’.(80) შემდეგ ავტორი საუბრობს 1906 წლის 5 იანვარს ველისციხეში გახსნილ კონფერენციაზე და წერს: ,,აზრთა დიდი შეხლა-შემოხლის შემდეგ გაიმარჯვეს სამოქალაქო ომის მომხრეებმა და მახანაგი სტალინის რეზოლუცია მიიღეს’’. აქვე ვკითხულობთ: ,,1906 წლის მაისში ტფილისის და თელავის კომიტეტებთან შეთანხმებით ვანო გურული (ხუნხუზა) შვიდი წითელ რაზმელით წინანდლისა და თელავს შუა ფოსტას დაუხვდა, რომელსაც მიჰქონდა ხაზინის ფული ტფილისისკენ და რომელსაც მიაცილებდა 19 სტრაჟნიკი და 100 კაზაკი. ნასომხარში გურული აღნიშნული რაზმელებით გზაში დახვდათ სროლა აუტეხათ კაზაკებს’’.(81) საინტერესოა, რომ სხვა დოკუმენტში ალექსანდრე მამულიშვილი თითქმის დადასტურებულად წერს იოსებ ჯუღაშვილის კახეთში, კერძოდ კი თელავში ყოფნაზე. (დოკუმენტი 11)

ამ მასალებში დაცულია თინათინ ბურჭულაძის, თელაველი რევოლუციონერის დავით ბურჭულაძის დედის, 1938 წლის ივნისში დაწერილი მოგონება, სადაც აღნიშნავს, რომ მის შვილს და ძულიაშვილს(82) თბილისიდან ჩამოჰქონდათ გაზეთები ,,ისკრა“ და ,,საქართველო“. ასევე, სხვა არალეგალური ლიტერატურა და ავრცელებდნენ. აქვე ადასტურებს იოსებ ჯუღაშვილის თელავში ყოფნას: - ,,ჩემს ბინაზე ორი კვირის განმავლობაში ცხოვრობდა კობა, ეჭირა ერთი პატარა ოთახი, სადაც კითხულობდა, წერდა და საღამოობით აწყობდა საბუთებს’’.(83)

არჩილ მეგრელიშვილის, სოფელ წინანდლის მცხოვრების მოგონებაში, რომელიც ალექსანდრე მამულაშვილს 1938 წლის თებერვალში  ჩაუწერია, ნათქვამია: ,,ამხ. კობა იყო სოფელ წინანდალში 1906 წლის ადრე გაზაფხულზე, კარგად არ მახსოვს რომელი თვე იყო. გვერდით  ჰყავდა ორი კაცი - ერთი ხუნხუზა(85), მეორე არ მახსოვს’’.(86)

თელავის ისტორიულ მუზუმში ასევე დაცულია დოკუმენტი სათაურით: ,,ასლების ასლები. სხვადასხვა პირთა მოგონებებისა ამხ. სტალინის 1906 წელს კახეთში ყოფნაზე(გადაგზავნილია მოსკოვში ,,ცკ’’ მოთხოვნით 1938 წ. 24 დეკემბერი’’, სადაც ვხვდებით ინფორმაციებს სტალინის კახეთში ყოფნაზე 1906 წელს. 

სხვა დოკუმენტში სათაურით: ,,წერილი ფ. მახარაძეს, შეუძლია თუ არა დაგვიდასტუროს სტალინის კახეთში ყოფნა’’ ვკითხულობთ: ,,საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარეს ფ. მახარაძეს. თელავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მიერ არის შეგროვილი ფრიად საინტერესო მასალები სტალინის მოღვაწეობის შესახებ კახეთში. რევოლუციური ორგანიზაციებისადმი ხელმძღვანელობის გაწევის მიზნით სტალინი ყოფილა კახეთის სხვადასხვა ქალაქში და სოფელში’’. ეს წერილი 1938 წლის 5 ივლისით არის დათარიღებული და მასში აღწერილია სტალინის ,,ველისციხის კონფერენციაზე’’ დასწრება, თელავში ყოფნა და სხვ. აქვე ნათქვამია: ,,მივმართეთ მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტს, მაგრამ დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერც იქიდან მივიღეთ’’.

1938 წლის 29 სექტემბერს, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, სავარაუდოდ ფ. მახარაძეა ავტორი, უგზავნის წერილს: ,,თელავის სამხარეთმცოდნეო მუზეუმის დირექტორს ამხ. მამულაშვილს. თქვენი უაღრესად საყურადღებო წერილის საპასუხოდ ჩვენი დიდი და საყვარელი ბელადის ამხ. სტალინის კახეთში ყოფნის შესახებ 1905 წლის რევოლუციის პარიოდში უნდა გაცნობოთ შემდგი: მე დანამდვილებით ვიცი, რომ 1905 წლის რევოლუციიის პერიოდში 1905 წელს ამხანაგ სტალინს უხდებოდა აგიტაციის და პროპაგანდის მიზნით კახეთში წასვლა’’. წერილს დასასრულს ვკითხულობთ: ,,მე ვფიქრობ, რომ თქვენ სრულიად მართებულად მოქცეულხართ, როცა სტალინის 1906 წლის დასაწყისში კახეთში ყოფნის შესახებ და აგრეთვე ველისციხის კონფერენციის შესახებ, ამ ამბების უშუალო მონაწილეთ მიმართეთ და როგორც ცოცხალი მოწმეები აალაპარაკეთ და შემდეგ მათი ნათქვამის შემოწმებას შეუდექით. ეს ნამდვილად მეცნიერული მიდგომაა ამ საკითხისადმი. მუშაობის გაგრძელება არა თუ სასურველია, არამედ აუცილებლად საჭიროა.’’

კახეთში იოსებ ჯუღაშვილის (სტალინი) ჩასვლის და რევოლუციური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას შემხვდა ,,საქ.კპ.(ბ) ცეკასთან არსებული მარქს-ენგელს-ლენინის ინსტუტუტის საქართველოს ფილიალის ი. ბ. სტალინის ცხოვრების და მოღვაწეობის შემსწავლელი სექტორის“ 1945 წლის თებერვლით დათარიღებული ცხრა გვერდიანი გამოკვლევა თუ ,,ნაშრომი’’ სათაურით - ,,ცნობები ი. ბ. სტალინის კახეთში ყოფნის შესახებ 1905-1907 წლებში’’,(87) რომელიც მთლიანად ეძღვნება იოსებ ჯუღაშვილის (სტალინი)  კახეთში ,,მოღვაწეობას’’.

მასში მითითებულია, რომ - მასალებით კარგადაა დადასტურებული, გამოკვლეული სტალინის დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რაიონებში ჩასვლა და რევოლუციური საქმიანობა. ამიტომ, ამ ,,ნაშრომის’’ ავტორებმა მიზნად დაისახეს, ,,გამოკვლევა თუ სტალინს კახეთის რომელ სოფლებში და ადგილებში მოუწია ყოფნა და საქმიანობა. უკვე შეკრებილი ცნობების საფუძველზე, რაც მხოლოდ მოგონებების სახით არის, იკვეთება, რომ ტამერფორსიდან დაბრუნებული სტალინი გამგზავრებულა კახეთის სხვადასხვა სოფლებში... 1905 წელს კახეთის სოფლებში შედარებით ნაკლებად ჰქონდა ადგილი მასიურ რევოლუციურ გამოსვლებს, შეიარაღებულ ბრძოლას… პარტიული მუშაობის საწარმოებლად. გლეხთა მასების დასახმარებლად …ი. ბ. სტალინს პირადად მოუხდა გამგზავრება კახეთის სხვადასხვა ადგილებში ... კახეთში ი. ბ. სტალინის ჩასვლის შესახებ მრავალი პირი გვაძლევს ცნობას. (35 კაცი) უფრო მეტი მასალა მოცემულია თელავის მაზრაზე, არის მასალა სიღნაღის მაზრაზეც, მაგრამ ჯერჯერობით ეს ცნობები არ შეიძლება ჩაითვალოს საბოლოოდ და დადასტურებულად’’ .

,,ნაშრომის’’ ავტორებს ჩამოთვლილი აქვთ კახეთის ის ქალაქები და სოფლები სადაც იოსებ ჯუღაშვილი ჩადიოდა. მითითებულია, რომ თელავში სტალინი სხვადასხვა დროს, მათ შორის 1906 წლის იანვარში, თითქოს ორჯელ ყოფილა თელავში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე - გორიჯვარი, მაწანწარა, მუხიანი, ნადიკვარი და სხვაგან. აქ იგი ესწრებოდა კრებებს და მიტინგებს, თვითონაც გამოდიოდა სიტყვით, შედიოდა კამათში მენშევიკებთან, სოციალისტ-ფედერალისტებთან. დასახელებულია თელავის მაცხოვრებელი სხვადასხვა პირები, ვის ბინებშიც სტალინს ღამე გაუთევია - დათა ბურჭულაძე, სანდრო სუხიტაშვილი, გიორგი და სოსო აივაზაშვილები (აივაზოვი) და სხვები.

აღნიშნულია, რომ სტალინთან ერთად თელავში ჩასულა და მიტინგებზე და კრებებზე დადიოდა ილია მგელაძე - ,,ვარდინი’’, რომელიც თელავის მაზრაში ცნობილი იყო ,,ქოროღლის’’ მეტსახელით. ავტორები ასევე აღნიშნავენ: ,,რამდენიმე პირის ცნობით პირველად ი. ბ. სტალინი ჩავიდა თელავში ვანო ალიხანაშვილთან ერთად, მეტსახელებად ,,გურული’’, ,,ხუნხუზი’’ და თელავიდან გაბრუნდა გომბორის გზით ხარება ჯიბუტთან, ვანო ალიხანაშვილთან, გიორგი აივაზაშვილთან ერთად’’.

აქვე ჩამოთვლილია საკმაოდ ბევრი ადამიანი, მათ შორის ქალაქ თელავის მცხოვრებლები, რომლებიც ადასტურებდნენ იოსებ ჯუღაშვილის თელავში ჩასვლას - აბრამ ნიკოლოზის ძე ზამუკაშვილი, მიხა გლახას ძე ზამუკაშვილი, ნიკო ზაქარიას ძე ზამუკაშვილი, ნასყიდა გიორგის ძე ბაღუაშვილი, ვანო პაპოს ძე სომხიევი, იოსებ თევდორეს ძე ჯავახიშვილი, თინათინ სიმონის ასული ბურჭულაძე, სოსო სტეფანეს ძე აივაზაშვილი, დიანოზ დავითის ძე კოჭლამაზაშვილი, ვანო დიმიტრის ძე ებელაშვილი, ლაშქარაშვილი აბრია მიხეილის ძე, ვანო გიორგის ძე სოზაშვილი, შაქრო მიხას ძე ჩხუბიანაშვილი, ალექსი ოქრუას ძე რუსიაშვილი, ვანო ალიხანაშვილი და სხვები.

იოსებ ჯუღაშვილის ყოფნის ადგილად კახეთში მითითებულია სოფელი წინანდალიც, რის შესახებ ინფორმაცია ,,ნაშრომის’’ ავტორებს ამ სოფლის მაცხოვრებლების - ანდრია საბას ძე ვეფხიშვილის, საქულა არუთინას ძე ლუარსაბოვის, არჩილი მეგრელიშვილის მოგონებებიდან ამოუღიათ. ამ უკანასკნელის მოგონების შესახებ ჩვენ უკვე  ვისაუბრეთ. ამ მოგონებებიდან ჩანს, რომ იოსებ ჯუღაშვილი, რომელიც თელავში მიდენილა, სოფელ წინანდალში გზად გავლისას დასწრებია წინანდლის ეკლესიასთან მიტინგს და ფარულ კრებას მესხიშვილების ოჯახში.

ზემონახსენებ საარქივო საქმეში დაცული მასალების მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში იოსებ ჯუღაშვილი თელავის მაზრაში შემავალ სოფელ ქისტაურშიც ჩასულა. გლეხებთან თათბირი ჩაუტარებია და ადგილობრივ მაცხოვრებელთან, ვინმე ლევან ერისთავთან დარჩენილა, რომელსაც შემდეგ იოსებ ჯუღაშვილი წაუყვანია სანდრო ჩხუბიანაშვილთან.

ამავე მასალაში ვხვდებით ინფორმაციას, სოფელ ოსიაურში თელავის მაზრის სხვადასხვა სოფლების გლეხობის წარმომადგენლების ყრილობაში სტალინის მონაწილეობის შესახებ. აქ სიტყვით გამოსულან სტალინი და ქოროღლი, ანუ ი. მგელაძე. აქაც ყრილობის ჩატარების დროდ დასახელებულია 1906 წლის იანვარი. იოსებ ჯუღაშვილი ასევე ჩასულა თელავის მაზრის სოფელ რუისპირში. ი. მგელაძესთან (ქოროღლი) ერთად ასულა ძველ შუამთაში გლეხების შეკრებაზე და სიტყვითაც გამოსულა.(88)

სტალინი სიღნაღის მაზრაშიც ჩასულა და ზოგიერთი ცნობით დასწრებია, ზოგით კი გვერდზე სოფლიდან უდევნებია თვალი სოფელ ველისციხეში გამართული კონფერენციისათვის. დასახელებული ,,ნაშრომის“ ავტორები რატომღაც არ აზუსტებენ, რომ ეს იყო ქართლსა და კახეთში მოქმედი ,,წითელრაზმელების“ კონფერენცია.

აქვე სხვა საინტერესო ინფორმაციასაც ვხვდებით. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში სტალინი ვასო ბერძენიშვილთან(89) სოფელ ქვემო მაჩხაანშიც ყოფილა, სადაც შეხვედრია მიხეილ ჯანყარაშვილს. მითითებულია, რომ მ. ჯანყარაშვილიც სასულიერო სემინარიაში სწავლობდა და მათ, ე.ი. სტალინმა და ამ პირმა ერთმანეთი იცნესო.(90)

აღსანიშნავია, რომ გამოკვლევის ავტორები საკმაოდ კრიტიკულად უდგებოდნენ სტალინის კახეთში ჩასვლის შესახებ ინფორმაციების ნამდვილობას და მიუთითებენ: ,,აღნიშნული ცნობების სინამდვილეზე ეჭვს გამოთქვამს გიორგი თევდორეს ძე ბერძენიშვილი (ვასო ბერძენიშვილის ძმა). მისი აზრით სტალინის ჩასვლა ქვემო მაჩხაანში და ჯუგაანში სინამდვილეს არ უნდა შეესაბამებოდეს. ჩემი ძმა ვასო ამას აუცილებლად მეტყოდაო. თვით გიორგი ბერძენიშვილი 1904 წლის მეორე ნახევრიდან თბილისში გადავიდა საცხოვრებლად და ამის შემდეგ იშვიათად ჩადიოდა თავის სოფელ მაჩხაანში“.(91)

ზემომოყვანილი ამ და სხვა საარქივო დოკუმენტებიდან ასევე ირკვევა, რომ იოსებ ჯუღაშვილი აქტიურად იყო ჩართული 1905-1906 წლებში მენშევიკებსა და ბოლშევიკებს შორის გამართულ დისკუსიაში - უნდა გაეგრძელებინათ თუ არა შეიარაღებული ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ, თუ დაეშალათ ,,წითელი რაზმები’’. დოკუმენტების მიხედვით 1906 წლის დასაწყისში, კახეთში მენშევიკების მხრიდან წარმომადგენლად გაგზავნილ იქნა ცნობილი მენშევიკი ისიდორე რამიშვილი, ხოლო ბოლშევიკებიდან - იოსებ ჯუღაშვილი (სტალინი).

კახეთში მოღვაწე რევოლუციონერის კოტე გურგენიშვილის მოგონებების მიხედვით, 1906 წლის 6 იანვარს, ველისციხეში გამართულა ,,მენშევიკური კონფერენცია’’. მასზე განუხილიათ ისიდორე რამიშვილის და იოსებ ჯუღაშვილის რეზოლუციები - გაეგრძელებინათ თუ არა შეიარაღებული ბრძოლა მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ კონფერენციას პირადად უნდა დასწრებოდა ტამერფორსის კონფერენციიდან დაბრუნებული იოსებ ჯუღაშვილი, მაგრამ დაპატიმრების შიშის გამო, ,,მენშევიკური კონფერენციის’’ გამართვის ადგილთან ახლოს მდებარე სოფელში გადასულა ღამის გასათევად. სწორედ იქიდან გაუგზავნია შესაბამისი გადაწყვეტილების – რეზოლუციის ტექსტი, სადაც საუბარი იყო შეიარაღებული ბრძოლის გაგრძელებაზე ხელისუფლების წინააღმდეგ. მართლაც კონფერენციის მონაწილეებს არ გაუზიარებიათ ი. რამიშვილის მოსაზრება და გადაუწყვეტიათ შეიარაღებული ბრძოლის გაგრძელება.(92) (დოკუმენტი 12,13,14)

კოტე გურგენიშვილი წერს, რომ კონფერენციიდან ერთი კვირის შემდეგ `წითელი რაზმელების თანხლებით 12 იანვარს, ამხანაგ სტალინის ხელმღვანელობით სოფელ საგარეჯოში მოეწყო ქართლ-კახეთის წითელრაზმელთა სამხედრო შტაბის თათბირი~.(93) ამ თათბირზე გადაუწყვეტიათ თავდასხმების განხორციელება ხელისუფლების წარმომადგენლებზე, ექსპროპრიაციების წარმოება.

სამხედრო შტაბის ამ თათბირზე ასევე წერს ზემოდასახელებული ვანო მაისურაძე: ,,თათბირზე კვლავ განიხილეს ორი წინადადება: 1) კობასი (ი. ჯუღაშვილი) – ,შეიარაღებული აჯანყება’’, 2) ისიდორე რამიშვილის - მოცდა და თავის შეკავება შეიარაღებულ აჯანყებაზე’’. საგარეჯოში გამართულ თათბირზე კვლავ სტალინის წინადადებას გაუმარჯვია(94) როგორც ამ და სხვა საარქივო დოკუმენტებიდან ირკვევა ქართლ-კახეთის წითელრაზმელთა სამხედრო შტაბის ამ თათბირს სხვებთან ერთად დასწრებიან ბოლშევიკი ტერორისტები – საშა ობოლაძე, არკადი ელბაქიძე, კამო (ტერ-პეტროსიანი), ილიკო იმერლიშვილი, ვასო ფარეშიშვილი, რომან (რამანა) თარაშვილი და სხვები. ერთ-ერთი საარქივო დოკუმენტის მიხედვით, ტერორისტები ილიკო იმერლიშვილი და რამანა თარაშვილი უშუალოდ იყვნენ დაკავშირებული სოციალ-დემოკრატიული პარტიის თბილისის კომიტეტთან: ,,1906 წელს დიდმა ღორმა (ერთ-ერთი ტერორისტის მეტსახელია – თ.ს.) და რამანა თარაშვილმა თბილისის კომიტეტის დავალებით მოკლეს ჯაშუში ღვინიაშვილი... ამავე წელს საგურამოს რაიონში თავადაზნაურობას ჩამოართვეს იარაღი თარაშვილმა, ილიკო იმერლიშვილმა, დიდმა ღორმა და გადასცეს თბილისის კომიტეტს’’.(95)

ჩემი აზრით, სავარაუდოდ ეს დოკუმენტები გარკვეულწილად ადასტურებენ, რომ იოსებ ჯუღაშვილი (სტალინი) სწორედ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ტერორისტებთან ჩადიოდა კახეთში, რადგან ისინი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, პირიქით ავსებს კიდეც.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პარტიული არქივის ერთ-ერთ ფონდში მოვიძიე ტერორისტ გიორგი მაისურაძის მეუღლის - ნინა მაისურაძის ბიოგრაფია. ამ დოკუმენტის ბოლოში დადებულია შემდეგი შინაარსის რეზოლუცია: ,,სადგური მცხეთა, აზნეფტი, მათიაშვილი. გამოიძახეთ ნინა გიორგის ასული მაისურაძე“. გამოძახების მიზეზი სავარაუდოდ აღნიშნული დოკუმენტის შინაარსია.

აღნიშნული დოკუმენტი თითქმის სრულად უკვე გამოვიყენე სხვა ნაშრომში, ამიტომ მხოლოდ იოსებ ჯუღაშვილთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციას მოვიტან.(96)  დოკუმენტის მიხედვით, ნინა მაისურაძე და მისი მეუღლე გიორგი მაისურაძე საკმაოდ კარგად იცნობდნენ იოსებ ჯუღაშვილს: ,,ჩემმა ქმარმა დაიწყო რევოლუციური მუშაობა 1905 წელს. 1905, 1906, 1907 წლებში დაკავშირებული იყო ვანო სტურუასთან, ილია იმერლიშვილთან (მუშა ტიპოგრაფიიდან), ვასილ ფარეშიშვილთან, ჩუგუაშვილი, ვალიკო გურული, ზალიკო სვიმონიშვილი – იგივე კახელი, ჯუღაშვილი კობა ... მცხეთაში ჩვენთან ორჯელ იყო ჯუღაშვილი კობა. ის მოდიოდა (ჩემს) ქმართან – აძლევდა მას დავალებებს – შეეკრიბა გლეხები, რომლებიც თანაუგრძნობდნენ რევოლუციურ მოძრაობას. ღამით ამხანაგი კობა მოდიოდა ამ შეკრებებზე, შემდეგ ლაპარაკობდა გლეხებთან, ღამის გასათევად მიდიოდა ტყეში ... მოდიოდა ის ღამით, (ჩემს) ქმართან ერთად, ისაუზმებდა და მიდიოდა შეკრებაზე ... ეს იყო ერთხელ 1907 წლის ზაფხულში და 1907 წლის შემოდგომაზე ... 1908 წელს ჩვენ გადავედით ყვირილის ქუჩაზე #12, სადაც სარდაფში ვცხოვრობდით. აქ 1908 წლის შემოდგომაზე (ჩემმა) ქმარმა ჯუღაშვილი თავისთან ერთად ორჯელ მოიყვანა. მოდიოდნენ საღამოთი. მე მათ ვასაუზმებდი და მიდიოდნენ. მათთან ერთად არავინ მოდიოდა. ამ დროს ქმარი უკვე სახლში აღარ ცხოვრობდა, ის იმალებოდა და კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ მოდიოდა სახლში“.(97)

ამავე დოკუმენტიდან ჩანს, რომ ნინა მაისურაძე ესწრებოდა რევოლუციონერთა იმ კრებას, სადაც იმყოფებოდა იოსებ ჯუღაშვილი და თათბირობდნენ ექსპროპრიაციული აქტის ორგანიზებაზე: ,,1910 წელს, ზამთარში, ჩვენს ბინაში იმერლიშვილის მხრიდან შეიკრიბა იატაკქვეშა კრება იმერლიშვილის ბავშვის ნათლობის სახით. ამ შეკრებაზე იყო ამხანაგი კობა ჯუღაშვილი, მოვიდა ქართულ ქუდში, ახლალუხში და ზემოდან პალტოთი. მე მოვუმზადე მათ სადილი, ვახშამი. ისინი იყვნენ ბინაში მთელი დღე, და გაათენეს ყველა 15 კაცმა ჩემს ბინაში შეკრების დამთავრებამდე. დილით ადრევე ისაუზმეს და დაიშალნენ სათითაოდ. ამ დღეს ვარლამ გურულმა – რევოლუციური ორგანიზაციის წევრმა წაიყვანა ჩემი შვილი პეტრე თავისთან ფოსტაში, რომ ეჩვენებინა, ის მიდიოდა საქმეზე 10 წლის ბავშვთან ერთად რათა დაემალა თავისი ნამდვილი მიზანი.

საღამოთი იმერლიშვილი, ფარეშიშვილი, გედევანიშვილი (ილიკო იმერლიშვილის რაზმის წევრი - თ.ს.) და სხვები მოვიდნენ ჩვენთან და მოგვიყვნენ, რომ მოხდა თავდასხმა ფოსტაზე (მდებარეობდა ალექსანდრეს ბაღის წინ - თ.ს.) და თავდასხმისას სროლაში დაიხოცნენ ვარლამ გურული და ზალიკო სვიმონიშვილი, რომლებიც იყვნენ იატაკქვეშა კრებაზე იმ 15 კაცს შორის ჩვენს ბინაში’’.

ზემოდასახლებული პირები იმ პერიოდში ქართლსა და კახეთში მოქმედი ,,წითელი რაზმების“ აქტიური წევრები იყვნენ და სამეცნიერო ლიტერატურაში დღემდე მათ კავშირზე იოსებ ჯუღაშვილთან ცნობილი არ იყო. ცხადია, რომ ეს დოკუმენტები, როგორც მოგონებები მეორადი წყაროებია, მაგრამ სხვა საარქივო დოკუმენტებთან, პირველად წყაროებთან მათი შეჯერებით, ვფიქრობ კვლევის ამ ეტაპზე გარკვეულწილად დასტურდება კახეთში მოქმედი ,,წითელი რაზმების’’ ხელმძღვანელებთან და რიგით წევრებთან იოსებ ჯუღაშვილის კავშირები.

ამრიგად, ეს და სხვა მასალები საკმაოდ მნიშვნელოვანია და ჩემი აზრით, ისინი უტყუარი დასკვნების გამოტანის საშუალებას არა, მაგრამ იოსებ ჯუღაშვილის ოფიციალური ბიოგრაფიის მიმართ ახალი კითხვების დასმის უფლებას იძლევა.

საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივის ფონდებში ასევე ძევს დოკუმენტები თბილისში პოლიციის მიერ ტერორისტ ზალიკო სვიმონიშვილის მოკვლის შესახებ. აღმოჩნდა, რომ თავდაპირველად პოლიციას ეგონა ტერორისტ ზალიკო სვიმონიშვილთან ერთად ტერორისტი გიორგი ბერძენიშვილიც მოკლა.(98) ანუ, ნინა მაისურაძის მიერ დასახელებული ვარლამ გურული, რომლის ნამდვილი გვარი ბერძენიშვილი იყო, პოლიციას მის მოგვარეში შეეშალა. ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხს ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია თვითონ ის ფაქტი, რომ ე.წ. `ხარება და გოგიას~ დაჯგუფების წევრი გიორგი ბერძენიშვილი, მეტსახელად `ჟორჟიკა~ წარმოშობით თელავის მაზრის სოფელ იყალთოდან იყო. ეს სოფელი მდებარეობს იმ პერიოდში ოსიაურის სახელით ცნობილი სოფლის სიახლოვეს, სადაც ზემომოყვანილი თანამედროვეების მოგონებების მიხედვით იოსებ ჯუღაშვილი 1906 წლის პირველ ნახევარში, სავარაუდოდ იანვრის პირველ რიცხვებში, დაესწრო და გამოვიდა მიტინგზე. ჩემს ხელთ არსებული სხვა მასალებიდან კი ჩანს, რომ 1906 წლის იანვრის მეორე ნახევარში იოსებ ჯუღაშვილი კახეთიდან თბილისში დაბრუნდა. ამ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იოსებ ჯუღაშვილი და მასთან დაახლოებული რევოლუციონერი გიორგი აივაზოვი ერთმანეთს დაშორდნენ საგარეჯოს მახლობლად - იოსებ ჯუღაშვილი თბილისში, ხოლო გიორგი აივაზოვი თელავში წავიდა ე.წ. გომბორის გზით.(99) გზაზე გიორგი აივაზოვს თავს პოლიციელები, თუ ,,სტრაჟნიკები’’ დაესხნენ და მოკლეს. (დოკუმენტი #15)

რაც შეეხება იოსებ ჯუღაშვილს ცნობილია, რომ იგი 1906 წლის 28 იანვარს თბილისში ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში მწოლიარე ავადმყოფი,(100) სამხედრო პატრულმა ბინის ჩხრეკისას კინაღამ არ დააპატიმრა. ეს ბინა ზოგიერთი ცნობით ვასო ბერძენიშვილს ეკუთვნოდა.(101) იოსებ ჯუღაშვილს თან აღმოაჩნდა პასპორტი გიორგი ბერძენიშვილის სახელზე.(102) ვფიქრობ შესაძლებელია გამოითქვას ვარაუდი, რომ მან პასპორტი 1906 წლის იანვარში თელავის მაზრაში ყოფნის დროს ტერორისტ გიორგი ბერძენიშვილისგან მიიღო, თუმცა ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ იოსებ ჯუღაშვილთან კავშირში სხვადასხვა პირების მოგონებებში დასახელებულია ვინმე გიორგი ბერძენიშვილი, რომელიც იმ დროს თბილისში ცხოვრობდა. იყო თუ არა ეს ადამიანი და ტერორისტი გიორგი ბერძენიშვილი ერთი და იგივე პირი, რეალურად ვისი პასპორტით ისარგებლა ამ დროს – 1906 წლის იანვარში იოსებ ჯუღაშვილმა, ჯერ კიდევ დასადგენია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თავი III

იოსებ ჯუღაშვილი, დუშეთის მაზრაში მოქმედი ,,წითელ რაზმელები’’ და

ფერეიდნელი ქართველები

 

დავუბრუნდეთ კვლავ იოსებ ჯუღაშვილს. დუშეთის რაიონში მცხოვრები ძველი რევოლუციონერების მიერ 1933 წლის 7 იანვარს შედგენილ ერთ-ერთ დოკუმენტში - ,,დუშეთის მაზრაში სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის ცენტრიდან მოვლინებული რევოლუციონერების სია’’-ში, დასახელებული არიან: 1. იოსებ სტალინი 2. ფილიპე მახარაძე 3. მიშა კლიმიაშვილი 4. მიშა დავიდოვი 5. ვასო ცაბაძე.(103)

საინტერესოა 1908-1914 წლებში დუშეთის მაზრის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კომიტეტის ხელმძღვანელის, 1905-1921 წლებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრის, გიორგი (ივანე) ტატიშვილის (ტატიაშვილი) ახლად მოძიებული მოგონებების შინაარსი. ისინი ძირითადად ეხება გორში, დუშეთის მაზრაში, მათ შორის საგურამოში მოქმედი ,,წითელ რაზმელების’’ საქმიანობას. ასევე ილია ჭავჭავაძის მკვლელობას, მისთვის კარგად ნაცნობი წითელრაზმელების - ილიკო იმერლიშვილის, გიგლა ბერბიჭაშვილის, პავლე ფშავლიშვილის, ივანე ინაშვილის და სხვების მიერ ჩადენილ ტერორისტულ აქტებს.(104)

აღნიშნული მოგონებები რაოდენობრივად და ინფორმაციის მოცულობით საკმაოდ დიდია და ძალიან საინტერესოა, რასაც ცალკე გამოკვლევა სჭირდება. აღვნიშნავ მხოლოდ იმას, რომ გიორგი ტატიშვილიც, ზემოდასახელებული ავტორების მსგავსად, იოსებ ჯუღაშვილს აღმოსავლეთ საქართველოში მოქმედი ,,წითელი რაზმების’’ ერთ-ერთ ხელმძღვანელად ასახელებს: ,,1905 წლის დეკემბრის შეიარაღებულ აჯანყებაში ვმონაწილეობდი... ამ დროს თბილისში გოგოლის ქ. № 40-ში ი. ბ. სტალინმა მოიწვია გორის და დუშეთის მაზრების წითელრაზმელთა ხელმძღვანელობის კრება და დასვა საკითხი გაგვეგრძელებინა იარაღით ხელში ბრძოლა, თუ იარაღი დაგვეყარა’’.(105)

 გ. ტატიშვილი იმ დროს ირანში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ,,წითელრაზმელების’’ გაგზავნის ერთ-ერთ ორგანიზატორადაც იოსებ ჯუღაშვილს მოიხსენიებს. იგი წერს, რომ 1907 წელს საქართველოში ჩამოვიდნენ ფერეიდნელი ქართველები ონიკაშვილი და ხუციშვილი, რომლებიც ,,ირანის რევოლუციის მეთაურებმა სათარ-ხანმა და ბაგირ-ხანმა გამოგზავნეს... მათ რევოლუციურ კომიტეტთან და ამხანაგ სტალინთან, სერგო ორჯონიკიძესთან დადეს ხელშეკრულება… რომ აქედან იარაღი, ,,წითელრაზმელები’’, ხელმძღვანელი რევოლუციონერი ამხანაგები გაეგზავნათ და დახმარებოდნენ’’.(106)

ფერეიდნელი ქართველების ონიკაშვილის და ხუციშვილის შესახებ საკმაოდ საინტერესო ინფორმაციები არსებობს. თუმცა, ქართულ ისტორიოგრაფიაში ბევრი რამ შეუსწავლელია ფერეიდნელ ქართველებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. როგორც ირკვევა, ქართული ისტებლიშმენტის და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ნაწილი, ჯერ კიდევ 1900-იანი წლების დასაწყისში დაინტერესებული იყო საქართველოს ფარგლებს გარეთ კომპაქტურად მცხოვრებ ქართველებთან კავშირ-ურთიერთობის დამყარებით. თუმცა, მათი ინტერესი სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარეობდა. იაკობ გოგებაშვილის, სამსონ ფირცხალავას, ზაქარია ჭიჭინაძის, გიორგი ლასხიშვილის და სხვა თანამედროვეების მოგონებებიდან ჩანს, რომ 1907 წელს საქართველოში ორი ფერეიდნელი ქართველი - ყოლამ-ჰუსეინ ონიკაშვილი და ყოლამ-რეზა ხუციშვილი  ჩამოვიდნენ.

     ონიკაშვილის და ხუციშვილის საქართველოში ჩამოსვლის და აქ ცხოვრება-მოღვაწეობის შესახებ  საინტერესო წერილი აქვს მიძღვნილი გიორგი მახარაძეს. მისი ინფორმაციით, ისინი საქართველოში პირველად 1896 წელს ჩამოსულან,  ხელმეორედ კი - 1907 წლის იანვარში. გ. მახარაძის  მოძიებული მასალების მიხედვით, ისინი ჯერ ცნობილ საზოგადო მოღვაწე ლუარსაბ ბოცვაძესთან დაუბინავებიათ, შემდეგ კი მათთვის უმასპინძლია მღვდელ ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილს.(107)

,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას’’ უკისრია მათი პატრონობა. იაკობ გოგებაშვილი წერს: ,,წერა-კითხვის საზოგადოებამ მხურვალე მონაწილეობა მიიღო ამ ძვირფასი სტუმრების ბედში. გადასდო საკმარისი ფული მათ შესანახად, დაუნიშნა მასწავლებლად საუკეთესო ქართველი პედაგოგი რომელმაც სამიოდე თვის განმავლობაში საფუძვლიანად შეასწავლა ქართული წერა-კითხვა, გააცნო ზედმიწევნით ქართული’’. (108)

იმდროინდელი ქართული საზოგადოების ეროვნულ ნიადაგზე მდგომ პირებს ონიკაშვილი და ხუციშვილი დაჰყავდათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, უმართავდნენ საღამოებს და აამბობინებდნენ ფერეიდანში მცხოვრები ქართველების ცხოვრების შესახებ. როგორც ჩანს, ქართული სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის წამყვანი წევრებიც დიდ დაინტერესებას იჩენდნენ ამ ადამიანების მიმართ. დასახელებული პარტიის ერთ-ერთი აქტიური წევრი სამსონ ფირცხალავა, ასეთი მოგზაურობების დროს, ონიკაშვილს და ხუციშვილს ხშირად დაყვებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.(109)

სამსონ ფირცხალავა წერს: ,,ერთი ასეთი მოგზაურობის დროს მცხეთის სადგურზე მოულოდნელად შევეჩეხეთ ილიას - ის ალბათ საგურამოდან თბილისში მოდიოდა. ილია ბუფეტიდან გამოდიოდა, ჩვენ ბუფეტში შევდიოდით. მივესალმე ილიას. იგი ყურადღებით ჩააცქერდა ჩემს თანამგზავრებს, მიხვდა, ვინც იყვნენ, შევატყვე, უნდოდა მათთან გამოლაპარაკება, მაგრამ მე რატომღაც უხერხულად მივიჩნიე გაჩერება და მაშინვე ბუფეტში შევედი ჩემი თანამგზავრებით.

მალე ვიგრძენი ჩემი შეცდომა და საყვედური ვუთხარი ჩემს თავს. რატომ ვიყავი ასე ტლანქი, ვერ გამოვიჩინე უბრალო ზრდილობა და თავაზიანობა და არ მივეცი საშუალება მოხუცს, დამსახურებულს მოღვაწეს, დიდს პოეტსა და მამულიშვილს დამტკბარიყო ცოტა ხანს მაინც საქართველოს მოწყვეტილ ქართველებთან შეხვედრით და საუბრით? რატომ? იმიტომ, რომ ილია ვითომც «მემარჯვენე» იყო და მე ჩემი თავი ,,მემარცხენედ’’ მიმაჩნდა?’’.(110)

 ზემოდასახელებულ თანამედროვეთა მოგონებების მიხედვით, ხუციშვილისა და ონიკაშვილის ჩამოსვლის მიზანი და ერთადერთი სურვილი იყო: ,,აქაურ ქართველობას როგორმე მუდმივი კავშირი ჰქონოდა სპარსეთის ქართველებთან, რომ იქ ფერეიდანში ქართული სკოლა გახსნილიყო და იქიდან ჩამოეყვანათ რამდენიმე ყმაწვილი აქ, საქართველოში აღსაზრდელად და მოსამზადებლად“. ფერეიდანში უკან დაბრუნებულ ონიკაშვილსა და ხუციშვილს თან გაატანეს ,,დედა-ენა“ და სხვა ქართული სახელმძღვანელოები. ზოგიერთი ცნობის მიხედვით მათთვის გაუყოლებიათ მასწავლებელიც, მაგრამ საზღვარზე გადასვლისას ყაჩაღები დასხმიან თავს, მასწავლებელი დაუჭრიათ და იგი უკან დაბრუნებულა. ის გეგმა, რომ ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების’’ სახელით გაეხსნათ პირველი ქართული სკოლა, ჩაშლილა. ამასთან, თეირანში გულის ავადმყოფობით გარდაცვლილა ხუციშვილი.

ფერეიდნელი ქართველების შემდგომი ბედის შესახებ, ზემოდასახელებულ თანამედროვეებთან მწირ მასალას ვხვდებით.  გ. ლასხიშვილის ინფორმაციით: ,,ერთი მათგანი რამოდენიმე წლის შემდეგ კვლავ დაბრუნებულა საქართველოში, მაგრამ ყოველი გეგმა კავშირის დაჭერისა და იქ ქართული სკოლის დაარსებისა, სრულ დავიწყებას მიეცა’’.(111) ს. ფირცხალავას სიტყვებით: ,,ონიკაშვილი დიდხანს ელოდა აქედან კაცის ჩასვლას და სკოლის გამართვას და რაკი ვერაფერს ეღირსა, მეორედ ჩამოვიდა.’’ მისი მოგონებების მიხედვით, საქართველოში კვლავ ჩამოსული ონიკაშვილი (1910 წელი) დაუპატიმრებიათ და 7 თვეს ციხეში მჯდარა, შემდეგ რუსეთის იმპერიის ტერიტორიიდან გაუძევებიათ, ირანში დაბრუნებულა და სავარაუდოდ მალევე გარდაცვლილა.(112) ფერეიდნელი ქართველების საქართველოში ჩამოსვლა და მათი ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოქცევა არ გამოეპარა მეფის საიდუმლო პოლიციას - თბილისის ,,ოხრანკის’’ განყოფილებას. საარქივო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ თბილისის ,,ოხრანკის“ განყოფილებას ონიკაშვილისა და ხუციშვილის შესახებ ინფორმაციებს სოციალისტ-ფედერალისტურ პარტიაში ,,ოხრანკის“ საიდუმლო აგენტები აწვდიდნენ.

 სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის შესახებ საიდუმლო ცნობების მიმწოდებელი აგენტის - დიმიტრი ჯაშის, აგენტურული მეტსახელით ,,სლუჩაინის“ მოხსენებებში გვხვდება ვრცელი, დეტალური ინფორმაცია სოციალისტ-ფედერალისტების პარტიული კონფერენციებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.  ასევე გვხვდება დოკუმენტები, სადაც აღნიშნულია, რომ დასახელებული პარტიის მიზანს წარმოადგენდა დაემყარებინათ კავშირი თურქეთსა და ირანში, ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებთან.(113)

ჯაში-,,სლუჩაინის’’ 1910 წლის დასაწყისში მიწვდილ ერთ-ერთ `აგენტურულ ცნობაში“ საუბარია სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის იმ პრაქტიკული ნაბიჯების შესახებ, რის საშუალებითაც ეს პარტია  ცდილობდა ირანსა და თურქეთში კომპაქტურად მცხოვრებ ეთნიკურად ქართველ მუსულმანებთან მჭიდრო კავშირების დამყარებას. ჯაში-,,სლუჩაინის“ ინფორმაციით ქართველების რაოდენობა  თურქეთში 200000, ხოლო ირანში 300000-400000 ადამიანს აღწევდა.(114) აქვე ვკითხულობთ: ,,რუსი ქართველების სპარსელ ქართველებთან ურთიერთობა დაიწყო ჯერ კიდევ 1907 წელს, როდესაც ისპაჰანის ადგილიდან – გურჯისტანიდან თბილისში ჩამოვიდნენ კოლა-მრეზი ხუციშვილი და კოლა-ჰუსეინ ონიკაშვილი.’’ ჯაში-,,სლუჩაინი’’ აღნიშნავს, რომ ონიკაშვილსა და ხუციშვილს თბილისში შეუსწავლიათ ქართული ენა (სინამდვილეში აქ მათ შეისწავლეს ქართულად წერა კითხვა – თ.ს.) და გაცნობიან სოციალისტ- ფედერალისტური პარტიის მიზნებს.

ჯაში-,,სლუჩაინის’’ ამ ,,აგენტურულ ცნობაში’’ მითითებულია, რომ ხუციშვილი დაბრუნდა სამშობლოში და ,,სპეციალური ბიურო“ დააარსა: ,,რომელსაც თავის მიზნად დაუსახია გურჯისტანი (ფერეიდანი - თ.ს.) ქართული სკოლების ქსელით დაეფარა, რათა ამ გზით მოემზადებინათ ნიადაგი პროპაგანდისათვის ფედერაციული კავშირის შექმნის შესახებ... ბიუროს მოვალეობაა თბილისში მივლინება განსაკუთრებულ-უნარიანი ახალგაზრდების - სპარსელი ქართველებისა, რათა მათ შეისწავლონ მშობლიური ქართული.’’

როგორც ზემოთ განხილული მასალებიდან ჩანს, სოციალისტ-ფედერალისტური პარტია დაინტერესებული იყო საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები თანამემაულეების ბედით და საკმაოდ შორს მიმავალი გეგმებიც გააჩნდა. ცხადია, ამ პარტიის აქტიური საქმიანობა არ შედიოდა რუსეთის საიდუმლო პოლიციის ინტერესებში და 1910 წელს, ჯაში-,,სლუჩაინის“ და სხვა აგენტების საქმიანობამ შედეგი გამოიღო, სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ლიდერები და წამყვანი წევრების უმეტესობა, მათ შორის ს. ფირცხალავა, გ. ლასხიშვილი და სხვები დაპატიმრებულ იქნენ.(115)

საარქივო მასალების მიხედვით, დაახლოებით იმავე დროს, 1910 წლის მაისში დაპატიმრებული იქნა საქართველოში დაბრუნებული ფერეიდნელი ქართველი ონიკაშვილი. მისი დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია მოიპოვება თბილისის საგუბერნიო ჟანდარმთა სამმართველოს მასალებში. კერძოდ, სამმართველოს უფროსის, პესტრულინის მოხსენებაში, რომელიც ეხება სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ლიდერებისა და სხვა აქტიური წევრების დაპატიმრებას. მოხსენებაში მოცემულია ცნობები მათი საქმიანობის შესახებ. ამ ცნობებში კი ონიკაშვილის შესახებაცაა საუბარი.  დოკუმენტის მიხედვით: ,,1910 წლის 4 მაისს საქმიანი მონაწილეობისათვის სპარსეთში აგიტაცია-პროპაგანდაში, სპარსეთის ქვეშევრდომი ისპაჰანის მხარის, ფერეიდანის ოლქის, სოფელ მარტყოფის (ახორაბალი) ქართველი გლეხი კოლაგალ ჰუსეინ მაგომეთ-ოღლი ონიკაშვილი, 35 წლის, გაჩხრეკილ და დაპატიმრებულ იქნა დუშეთის მაზრაში’’.(116) ამ დოკუმენტის ავტორს სავარაუდოდ აგენტ ჯაში-,,სლუჩაინის’’ მიწვდილი ინფორმაციითაც უსარგებლია, რადგან თითქმის სიტყვა-სიტყვით მეორდება ინფორმაცია, რომ: ,,ონიკაშვილი ჯერ კიდევ 1907 წელს სპარსელ ქართველ კოლა-რეზამ ხუციშვილთან ერთად ჩამოვიდა თბილისში, სადაც შევიდა საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის წევრებთან ახლო ურთიერთობაში~. აქვე მეორდება ინფორმაცია, რომ ონიკაშვილსა და ხუციშვილს ,,ქართველ სპარსელებში უნდა გაეტარებინათ იდეა სპარსელ, თურქ და რუსი ქართველების მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ფედერაციული კავშირის შექმნის შესახებ.’’ ამ დოკუმენტებში ონიკაშვილისა და ხუციშვილის ქართულად წერა-კითხვის მასწავლებლებად დასახელებული არიან სამსონ ფირცხალავა და ლუარსაბ ბოცვაძე. მითითებულია, რომ ირანში დაბრუნებულმა ზემოდასახლებულმა ფერეიდნელმა ქართველებმა სპარსეთში ქართული სკოლების დაარსება დაიწყეს.

ამასთან, 1910 წლის მაისში საიდუმლო პოლიციის თანამშრომლებმა უკვე დანამდვილებით იცოდნენ, რომ 1909 წელს გარდაიცვალა ხუციშვილი და არა ონიკაშვილი. ირკვევა ისიც, რომ მათ უკვე მიღებული ჰქონდათ ინფორმაცია 1910 წლის მარტში ონიკაშვილის უკან დაბრუნების შესახებ. საქართველოში ონიკაშვილის დაბრუნების მიზეზად დასახელებულია ,,სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ინიციატივა - სპარსეთში, თურქთში და რუსეთში მცხოვრები ქართველების გამაერთიანებელი კონგრესის მოსამზადებლად.’’ აღნიშნულია, რომ ამ მიზნის განსახორციელებლად ონიკაშვილი სხვა ფედერალისტებთან ერთად საქართველოდან თურქეთში აპირებდა წასვლას, მაგრამ 1910 წლის 4 მაისს დაპატიმრებულ იქნა დუშეთის მაზრის სოფელ წინამძღვრიანთკარში. 

 როგორც სხვა მასალებიდან გაირკვა, ფერეიდნელი ქართველები, ხუციშვილი და ონიკაშვილი, ჯერ კიდევ 1907 წელს საქართველოში ჩამოსვლისას, გარკვეული დროის განმავლობაში, დუშეთის მაზრის სოფელ წინამძღვრიანთკარშიც ცხოვრობდნენ. ვახტანგ გიორგის ძე წინამძღვრიშვილის ხელნაწერის ,,მოგონებები ილია ჭავჭავაძის შესახებ’’ მიხედვით, რომელიც ალექსანდრე კოჭლავაშვილის ფონდში მოვიძიეთ, მათი ოჯახი ე.წ. ,,მესამედასელთა’’ შეკრების ადგილს წარმოადგენდა.(117)

ამ ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ ისიდორე რამიშვილი, ფილიპე მახარაძე, ნოე ჟორდანია და სხვა სოციალ-დემოკრატები. მოგონებების ავტორი აქვე აღნიშნავს, რომ მათთან იმალებოდნენ ,,ირანიდან ფარულად ჩამოსული ქართველი ძმები ონიკაშვილები’’. ვ. წინამძღვრიშვილი წერს: ,,ფერეიდნელი ქართველების მათ ოჯახში ყოფნა გაიგო სოფელ ახატნის პრისტავმა საშა ნათიშვილმა და მისი მამა გააფრთხილა - ვიცი ონიკაშვილები თქვენთან იმალებიან, რაც სახიფათოა როგორც მათთვის, ასევე თქვენთვის და აქედან წავიდნენო’’. ვ. წინამძღვრიშვილის სიტყვებით, ისინი ,,მართლაც გაემგზავრნენ და ერთი მათგანი ბაქოში გარდაცვლილა’’.(118)

ალ. კოჭლავაშვილის ფონდში არსებულ სხვა დოკუმენტში, კერძოდ პავლე წინამძღვრიშვილის 1958 წელს დაწერილ მოგონებაში,  აღნიშნულია, რომ ვახტანგის (ვ. წინამძღვრიშვილი) მამა გიორგი იყო ილია წინამძღვრიშვილის ბიძა და ,,ირანიდან ჩამოსული ძმები ონიკაშვილები ერთხანს თავს ინახავდნენ გიორგის ოჯახში’’.(119)

ახლად მოძიებული მასალებიდან ირკვევა, რომ 1910 წლის გაზაფხულზე ირანიდან საქართველოში დაბრუნებული ონიკაშვილის როლი, სრულიად განსხვავებული იყო იმისგან, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი. კერძოდ, 1908-1914 წლებში დუშეთის მაზრის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კომიტეტის ხელმძღვანელის, 1905-1921 წლებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრის, გიორგი ტატიშვილის დღემდე გამოუქვეყნებელ მოგონებები საკმაოდ საინტერესო მასალებს შეიცავენ ამ საკითხთან დაკავშირებით.

გ. ტატიშვილი ერთ-ერთ თავის დღემდე გამოუქვეყნებელ მოგონებაში, სათაურით - ,,კოლია ონიკაშვილი პერსია“ სულ სხვაგვარად აღწერს იმ პერიოდში ხუციშვილის და ონიკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის რეალურ მიზეზებს.(120)

 მისი სიტყვებით, 1905-1907 წლების რევოლუციის დამარცხების შემდეგ, სოციალ-დემოკრატი ,,წითელ რაზმელები“ იძულებული გახდნენ წასულიყვნენ თურქეთსა და ირანში დაწყებულ რევოლუციებში მონაწილეობის მისაღებად. სხვა მოგონებაში სათაურით - ,,ციმბირიდან გამოპარვა“, ტატიშვილი თავის თავს ასახელებს გორისა და დუშეთის მაზრაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის პასუხისმგებელ პირად. აღნიშნავს, რომ, სწორედ მას ევალებოდა ირანში რევოლუციონერების გაგზავნის ორგანიზება. მისი სიტყვებით: ,,1908 წლის ივნისში 5 რიცხვიდან ცენტრალურმა კომიტეტმა გორიდან დუშეთის მაზრაში გამიყვანა მაზრის კომიტეტად და დამავალეს: 1. აღმედგინა დაშლილი პარტიული ორგანიზაციები; 2. წითელ რაზმელი ტერორისტები, რევოლუციონერი ხელმძღვანელები თავიანთი იარაღებით დიდი სიფრთხილით პერსიაში გამეგზავნა რევოლუციონერებთან სათარ-ბეგ-ხანთან დასახმარებლად  3. ყველაზე დიდი სახიფათო იყო პოეტ ილია ჭავჭავაძის ვერაგულად მკვლელების აღმოჩენა. სასტიკი დავალება - ორში ერთი ან სიკვდილი ან შესრულებაო, ასეთი იყო თბილისის კომიტეტის დავალება ყოველთვის’’.(121)

ალ. კოჭლავაშვილის ფონდში ასევე მოვიძიეთ გიორგი ტატიშვილის, 1958 წლის 26 ნოემბრით დათარიღებული წერილი, სადაც იგი აკონკრეტებს, რომ 1908 წლის ივნისში, გორში წავიდა ვ. ცაბაძის მითითების თანახმად, რათა განეიარაღებინა იქ მოქმედი ,,წითელ რაზმელები’’. ამ დავალების შესრულების შემდეგ, გ. ტატიშვილი უკვე თბილისის კომიტეტის დავალებით წასულა დუშეთში და იქაც განუიარაღებია ,,წითელ რაზმელები’’ და მათი ნაწილი სპარსეთში გაუგზავნია.(122)

გ. ტატიშვილი, სხვა, ასევე გამოუქვეყნებელ დოკუმენტში - 1949 წელს საქართველოს საბჭოთა სციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის, ასევე სსსრ პროკურორის თანაშემწის სახელზე გაგზავნილი განცხადებაში, სათაურით ,,წერილი საგურამოდან“, კვლავ იმეორებს ზემოაღნიშნულს და წერს, რომ დუშეთის მაზრაში მისი ჩასვლის და შეხვედრის  შემდეგ: ,,წითელ რაზმელების“ ხელმძღვანელებმა ტერორისტების ნაწილს მისცეს ფული, პასპორტები და ,,პერსიაში გაისტუმრეს“. ასევე მოქცეულა ცნობილი ტერორისტი და ადგილობრივი ,,წითელი რაზმის“ უფროსი ილიკო იმერლიშვილიც, რომელმაც მისი სიტყვებით: ,,ექვსი კაცი დაიტოვა და დანარჩენი თავშესაფრად გააგზავნა დროებით.“ გ. ტატიშვილი სხვა მასალებშიც ადასტურებს, რომ სწორედ იგი უზრუნველყოფდა დუშეთის მაზრიდან ირანში რევოლუციონერების და ,,წითელ რაზმელების“ გაგზავნას.(123)

გ. ტატიშვილის მიხედვით, მას ამ საქმეში ქმედით დახმარებას უწევდნენ – ,,პერსიაში გატაცებული გამაჰმადიანებული ქართველები კოლია ონიკაშვილი და ფედო ხუციშვილი’’.(124)

გიორგი ტატიშვილი სხვაგან წერს, რომ ონიკაშვილი და ხუციშვილი საქართველოში 1907 წელს ჩამოვიდნენ და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებმა: ,,ბევრგან მიიწვიეს, შესახვედრი საღამოები გაუმართეს“, მაგრამ ,,მათი მიზანი და დავალება სულ სხვა იყო’’.(125) მისი სიტყვებით, ონიკაშვილი და ხუციშვილი, ირანში დაწყებული რევოლუციის მეთაურებმა სათარ-ხანმა და ბაგირ-ხანმა გამოგზავნეს. მათ საქართველოს რევოლუციურ კომიტეტთან და ამხანაგ სტალინთან, სერგო ორჯონიკიძესთან დადეს ხელშეკრულება, რომ: ,,ონიკაშვილის და ხუციშვილის ხელმძღვანელობით დიდი საიდუმლოებით იგზავნებოდა იარაღი, რევოლუციის ხელმძღვანელები და ,,წითელ რაზმელები“ პერსიაში“. როგორც ჩანს, რევოლუციის ხელმძღვანელებში ტატიშვილი გულისხმობდა სერგო ორჯონიკიძეს და ვლასა მგელაძეს, ვისაც იგი ირანში წასული სოციალ-დემოკრატების ,,წითელი რაზმების“ ხელმძღვანელებად ასახელებს.(126)

გ. ტატიშვილის ცნობებით, დუშეთის მაზრაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ,,წითელი რაზმების“ წევრების, ტერორისტების გაგზავნის ცენტრი, სოფელ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლა: ,,რევოლუციის გაუტეხელი ციხე და მთავარი შტაბი და ჩვენი თავშესაფარი იყო’’.(127)

  მისი ერთ-ერთი მოგონების მიხედვით, წინამძღვრიანთკარის სკოლას, 1910 წლის 10 თებერვალს(?!) ღამის 12 საათზე, მცხეთის ბოქაული ქუმსიაშვილი ,,ერთი ასეული ყაზახებით ჟანდარმ-ჯაშუშები  და დუშეთის მაზრის სტრაჟნიკების უფროსი საშა (შაშა) ნათიშვილი“ თავს დასხმიან. გ. ტატიშვილს მიმალვა მიუსწრია, მაგრამ სკოლის გამგის ოჯახში სძინებია – ,,ფედო ხუციშვილის ამხანაგ კოლია ონიკაშვილს“, რომელიც მაშინვე დაუპატიმრებიათ და დუშეთის ციხეში ჩაუსვამთ. სკოლიდან წაუღიათ დიდძალი არალეგალური ლიტერატურა, პროკლამაციები, წიგნები. ტატიშვილი წერს, რომ როდესაც ბოქაულმა ქუმსიაშვილმა გაიგო, რომ ,,ონიკაშვილი იყო პერსიიდან და აქედან ,,წითელ რაზმელებს“ და იარაღს პერსიაში აგზავნიდა,  უთქვამს - ჩვენ შენ დიდი ხანია გეძებთო და ახლა შენ და შენს ამხანაგებს გაზღვევინებთო’’.(128)

ამის შემდეგ ონიკაშვილის კვალი დაუკარგავთ: ,,ონიკაშვილი დუშეთის ციხეში დიდხანს ყავდათ და მერე რა უყვეს არ ვიცი - წინათ როცა წავიდოდა პერსიაში იწერებოდა ხოლმე’’.(129) ონიკაშვილის, როგორც სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის მნიშვნელოვანი მოკავშირის როლს ადასტურებს, გ. ტატიშვილის სხვა გამოუქვეყნებელი მოგონება სათაურით - ,,პერსიის რევოლუციის ხელმძღვანელი კოლია ონიკაშვილის დაპატიმრება წინამძღვრიშვილის სკოლაში’’.(130) ამ და სხვა მოგონებაში იგი უთითებს, რომ იმ დროს იყო: ,,დუშეთის მაზრის ს.დ. პარტიის კომიტეტის თავმჯდომარე და ჩვენ მაშინვე... დუშეთის მაზრის კომიტეტის კრებაზე გადავწყვიტეთ ბოქაულ ქუმსიაშვილის და დუშეთის მაზრის სტრაჟნიკების უფროსის საშა ნათიშვილის სიკვდილი. ერთად ეს დავალება მივეცით მცხეთის რაიონის წითელი რაზმის უფროსს ამხ. იმერლიშვილს, რადგან ეს სკოლა და მოხდენილი ონიკაშვილის დაპატიმრება, დაღუპვა იმის რაიონში საგურამოში მოხდა. წითელი რაზმის უფროსმა იმერლიშვილმა დავალება კარგად შეასრულა. ბოქაული ქუმსიაშვილი დაიჭირა. ბაზალეთის ტყეში მოკლეს და მკვდარი ცეცხლში დაწვეს, ეს მთელი დუშეთის მაზრის ხალხმა იცის’’.(131) (დოკუმენტი #16) ამრიგად, ჩანს ონიკაშვილი მართლაც საკმაოდ მნიშვნელოვანი და საჭირო ფიგურა იყო სოციალ-დემოკრატებისათვის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ძნელი ასახსნელია ის სისატიკე, რითაც ,,მცხეთის რაიონის წითელი რაზმის უფროსი’’ ილიკო იმერლიშვილი გაუსწორდა მის დამტუსაღებელს.

გვინდა აქვე დავამატოთ, რომ არა მარტო გიორგი ტატიშვილის, არამედ დუშეთის მაზრაში იმ დროს მოქმედი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის სხვა წევრებისა და ,,წითელ რაზმელების’’ მოგონებებში მითითებულია, რომ საგურამოს რაიონში მოქმედებდა ილიკო იმერლიშვილის ,,წითელი რაზმი“.

1936 წლის შემდეგ, როდესაც ლავრენტი ბერიას მითითებით პარტიული ფუნქციონერი კოტე გორდელაძე იწყებს ილიას მკვლელობის შესახებ მასალების შეგროვებას, სოციალ-დემოკრატი გიორგი ტატიშვილი და სხვები აღარ ახსნებენ, რომ ილიკო იმერლიშვილი იყო საგურამოს ტერიტორიაზე მოქმედი ,,წითელი რაზმის’’ უფროსი. მიზეზი უკვე გარკვეულია - ილიას მკვლელობის მეოთხე მონაწილე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ,,წითელი რაზმის“ უფროსი ილიკო იმერლიშვილი, ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის ცნობილი იყო მეტსახელით ,,იმერელი“.(132) თუმცა, ამ უკანასკნელს თბილისში სხვა მეტსახელით - ,,მცხეთელი“ მოიხსენიებდნენ.

დღეისათვის ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტებით ილიკო იმერლიშვილის ,,წითელ რაზმში“ შედიოდა გიგლა ბერბიჭაშვილიც. საარქივო მასალები პირდაპირ ადასტურებენ, რომ ილიკო იმერლიშვილი, გიგლა ბერბიჭაშვილი და ილია ჭავჭავაძის მკვლელობის სხვა მონაწილე - პავლე ფშავლიშვილი ერთობლივად ჩადიოდნენ მკვლელობებს, ფულის გამოძალვას, ადამიანების გატაცებას და სხვა სახის დანაშაულებებს 1907-1910 წლებში.  დოკუმენტებს გარდა ზემოთ დასახელებული პირების ერთ ბანდაში, თუ ,,წითელ რაზმში’’ ყოფნის ფაქტს ადასტურებს, ბატონ ნოდარ გრიგალაშვილის მიერ მოძიებული, დაახლოებით 1908-1909 წლებში გადაღებული ილიკო იმერლიშვილის ,,წითელ რაზმელების’’ ერთობლივი ფოტოსურათი, რომელთა რიგებში დიდი ალბათობით გიგლა ბერბიჭაშვილიცაა.(133)

გიორგი ტატიშვილის 1933 წელს დაწერილი ავტობიოგრაფიის მიხედვით, გიგლა ბერბიჭაშვილი დუშეთის მაზრაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის აქტიური წევრი და ,,წითელ რაზმელი“ იყო: ,,დუშეთის მაზრის ერთ-ერთ სოფელში... კომიტეტის სახელით რამოდენიმე შეიარაღებულმა ადამიანმა ფულის გამოძალვა დაუწყო გლეხებს. სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი კომიტეტის დავალებით მათი დაჭერა... დაეკისრათ ლავრენტი ასათიანს, გიგლა ბერბიჭაშვილს, სანდრო მამულაშვილს და სანდრო ოძიშვილს’’.(134)

გიგლა ბერბიჭაშვილის, როგორც სოციალ-დემოკრატიული პარტიის ,,წითელ რაზმელის“ საქმიანობა დასტურდება სხვა დოკუმენტებითაც. მაგალითად, 1933 წლის 15 მარტს დაწერილ სანდრო მამულაშვილის ავტობიოგრაფიაში ვკითხულობთ: ,,ჩვენში მოდიოდნენ ხელმძღვანელი რევოლუციონერი ამხანაგები ისიდორე რამიშვილი, შაქრო უზნაძე, ლავრენტი ასათიანი და შემდეგ გიორგი ტატიშვილი, არსენ წითლაძე, ადგილობრივი სოფლიდან კოლა ოძიაშვილი, გიგლა ბერბიჭაშვილი და სხვები. ვმუშაობდით რ. ს. დემოკრ. მუშათა პარტიის ხაზით... სოფელ წინამძღვრიანთკარის სასწავლებელში ფერმის თავზე კრება მოიწვიეს მთელი საგურამოს რაიონის ასისთავების და პარტიული ხელმძღვანელების საერთო კრება... მეორე დღეს დუშეთიდან სტრაჟნიკების ურიადნიკი ვასილა მოვიდა ჩვენს სოფელში კაზაკებით. დამიჭირა და გიგლა ბერბიჭაშვილს და სანდრო ოძიაშვილსაც ძებნა დაუწყეს სოფელში. თქვენ გუშინ სკოლის თავზე წინამძღვრიანთკარში კრებაზე იყავითო’’.(135)

ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ილიას მკვლელობის საქმის გამოძიება გიორგი ტატიშვილის სიტყვებით მას დაავალა. თუმცა, იგი 1940-იანი წლების დასაწყისიდან დაწერილ თავის მოგონებში, უკვე უარყოფით კონტექსტში იხსენიებდა ივანე ინაშვილს, პავლე ფშავლიშვილს და გიგლა ბერბიჭაშვილს. გ. ტატიშვილი 1941-1942 წლებში გამართულ გიგლა ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესზეც ილიას მკვლელობაში გ. ბერბიჭაშვილის აქტიურ მონაწილეობაზე ჩვენებას ჩვენებაზე იძლეოდა. როგორც სასამართლოს მასალებიდან ჩანს, ის და სხვა პირები ყოველნაირად ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, თითქოსდა გ. ბერბიჭაშვილი ირანში არ იყო ნამყოფი. საქმე, იმაში მდგომარეობს, რომ ამით სურდათ ბერბიჭაშვილის განცხადებები, რომ იგი 1905-1907 წლებში,,წითელ რაზმელი’’ იყო გაებათილებინათ.

  დღეს მოძიებული მასალების მიხედვით, სასამართლო პროცესის დროს დასმული კითხვა – იმყოფებოდა თუ არა გიგლა ბერბიჭაშვილი ირანში, შესაძლებელია ითქვას რომ დადებითადაა პასუხგაცემული. თვით გიგლა ბერბიჭაშვილის წინასწარი დაკითხვების პერიოდში უშიშროების საგამოძიებო ნაწილის უფროსი ალ. კოჭლავაშვილი წერს: ,,შეიძლება ითქვას, რომ ბერბიჭაშვილი ირანში ნამდვილად ნამყოფი უნდა იყოს. ბერბიჭაშვილის ჩვენებებში მოცემულია მთელი რიგი ცნობები, რომლებიც მიგვითითებენ, რომ ამ ცნობების მფლობელი იმ მოვლენების თვითმხილველი იყო’’.(136) მართლაც, გიგლა ბერბიჭაშვილის წინასწარი დაკითხვისას, თუ სასამართლოზე მიცემულ ჩვენებებში საკმაოდ საინტერესო ინფორმაციებია მისი ირანში ყოფნის შესახებ. და რაც მთავარია, როგორც მისი ჩვენებებიდან ირკვევა იგი ფერეიდანში ცხოვრობდა გარკვეული დროის განმავლობაში.

მაგალითად, გიგლა ბერბიჭაშვილის 1941 წლის 20 აგვისტოს წინასწარი დაკითხვის ოქმში გამომძიებლის - ალ. კოჭლავაშვილის შეკითხვაზე: ირანში ფერეიდნელ ქართველებს ხომ არ შეხვედრიხართ? ბერბიჭაშვილი თავიდან პასუხობს დადებითად, ხოლო შემდეგ კი უარყოფს. შემდეგ დღეებში დაკითხვებისას გ. ბერბიჭაშვილი რამოდენიმეჯერ კვლავ დადებითად პასუხობს კითხვას მისი ფერეიდანში ყოფნის შესახებ. ერთგან ასე ამბობს: ,,1908 წელს ისევ დავბრუნდი თეირანში. დავრჩი იქ 1910 წლამდე. 1910 წელს ომი გაჩაღდა... თავი დავანებე ჯარს ავადმყოფობის გამო და გადავედი ფერეიდანში, სადაც ქართველების სოფლებია. იქ დავრჩი 1917 წლამდე’’.(137) (დოკუმენტი #17,18)

 და აქ ისმება ლოგიკური კითხვა - რატომ ფერეიდანში? ვინ იყო გიგლა ბერბიჭაშვილისათვის იქაურ ქართველებში მასპინძლების მისამართის მიმცემი? რეკომენდაციის გამწევი? იქნებ ეს იყო ფერეიდნელი ონიკაშვილი, რომელიც 1910 წელს, სწორედ საგურამოში, წინამძღვრიანთკარში, დუშეთის მაზრის ტერიტორიაზე, სადაც გ. ბერბიჭაშვილი სხვა სოციალ-დემოკრატ `წითელ რაზმელებთან“ ერთად ,,მოღვაწეობდა“, შეხვდა ბერბიჭაშვილს და სხვა ტერორისტების მსგავსად ისიც ,,დააკვალიანა“ ირანში გადასასვლელად.

ამრიგად, როგორც ზემომოყვანილი მასალებიდან ჩანს ონიკაშვილს ქართველი სოციალისტ-ფედერალისტების გარდა, დიდი ხნის კავშირი ჰქონდა სოციალ-დემოკრატებთან, და როგორც ვნახეთ, იგი  მათი ერთგული მოკავშირე და ,,წითელ რაზმელების“ ირანში გაგზავნის ერთ-ერთი ორგანიზატორიც იყო. ამასთან, ეს მასალები გვიჩვენებენ თუ რა განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ საქართველოში მოქმედ პარტიებს, საქართველოს გარეთ კომპაქტურად მცხოვრები ქართველებისადმი - თუ სოციალისტ-ფედერალისტების მიზანი იგივე ფერეიდანში ქართული სკოლების გახსნა, ადგილობრივ ქართველებთან მჭიდრო კავშირ-ურთიერთობის დამყარება იყო, სოციალ-დემოკრატებისათვის ფერეიდნელ ქართველებთან კავშირი იყო გზა ირანში გადასასვლელად და იქ რევოლუციური საქმიანობის გასაგრძელებლად.

 

 

 

 

 

 

თავი IV

,,მთაწმინდის ჯგუფის’’ წევრები და ილია ჭავჭავაძის მკვლელობა

 

მინდა აღვნიშნო, რომ არა მარტო იოსებ ჯუღაშვილი, საშა ობოლაძე, ილიკო იმერლიშვილი და სხვები, არამედ ილია ჭავჭავაძის მოურავი დიმიტრი ჯაშიც, 1906 წელს მჭიდროდ იყო დაკავშირებული ზემოთ დასახელებულ ტერორისტულ ორგანიზაცია ,,მთაწმინდის ჯგუფთან’’. დღეისათვის ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტებიდან და მასალებიდან ჩანს, რომ საბჭოთა ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა დაემალა კავშირი ერთის მხრივ, დიმიტრი ჯაშს და ილიკო იმერლიშვილს, მეორეს მხრივ კი სოციალ-დემოკრატებს, კერძოდ ბოლშევიკებს და დიმიტრი ჯაშს შორის.

 იმისათვის, რომ მკითხველს ვუჩვენო, თუ საბჭოთა პერიოდში როგორ ხდებოდა სოციალ-დემოკრატების ორივე ფრთის წევრებთან, ასევე ,,მთაწმინდის ჯგუფთან’’, დიმიტრი ჯაშის ახლო ურთიერთობის უარყოფა და მიჩქმალვა, მომყავს გიგლა ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესის თამჯდომარის, ბატონ ისიდორე ოდიშვილის მიერ, 1953 წელს გამოქვეყნებულ წიგნში ,,წიწამურის ტრაგედია’’ დაბეჭდილი შემდეგი მასალა. თავდაპირველად მოვიყვან ამ წიგნში თითქოსდა სრულად დაბეჭდილ დიმიტრი ჯაშის მეუღლის დარია ჯაშის პასუხებს გიგლა ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესზე. აღნიშნული წიგნის მიხედვით, დარია ჯაში მისთვის დასმულ კითხვაზე, თუ რითი ირჩენდა დიმიტრი ჯაში თავს, თუ ის არსად მუშაობდა პასუხობს შემდეგს: ,,იმ ხანებში, როდესაც წამიყვანა, მან გაძარცვა სასოფლო-სამეურნეო ბანკი... ბოლო დროს ძალიან დაახლოებული იყო მეფის მთავრობის მოხელეებთან... ყოველ კრებაზე ესწრებოდა, მე თვითონ მქონდა რამდენიმე მოსაწვევი ბარათი. იმიტომ, რომ ხშირად სწერდა გაზეთებში და აქებდა მას... ის ისეთი კაცი იყო, რომ ხუთჯერ იყო დაპატიმრებული მეფის დროს... ღამე სად დადიოდა არ ვიცი, ყოველთვის ღამე ღებულობდა ჯამაგირს’’.(138) (აქ მრავალწერტილით აღნიშნულია გამოტოვებულია სიტყვები - თ.ს.)

ახლა კი, სასამართლო მასალებში არსებულ დარია ჯაშის ზემოაღნიშნული პასუხის სრულ ვერსიას შემოგთავაზებთ, რომელიც ი. ოდიშვილის წიგნში, მხოლოდ პირველად ნათქვამ წინადადებას მოსდევს. საუბარია მრავალწერტილის ადგილზე არსებულ რეალურ ტექსტებზე.

 ეს მასალები შემონახულია, როგორც სრული სასამართლოს სრული ანგარიშის, ასევე სასამართლოს სტენოგრაფისტის მიერ, უშუალოდ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ჩაწერილი პირველადი დოკუმენტის სახით. მათში განსხვავება უმნიშვნელოა, ამიტომ, გთავაზობთ დარია ჯაშის სასამართლოზე დაკითხვისას, სტენოგრაფისტის მიერ პირველადი დოკუმენტის სახით ჩაწერილ მასალას. აი, ასეთი მოცულობითია დარია ჯაშის ზემოთ მოყვანილი ვითომდა რამოდენიმე წინადადებიანი პასუხის სრული ტექსტი: ,,მე როცა წამიყვანა დიმიტრი ჯაშმა, ყაჩაღების საშუალებით მას ჰქონდა გაცარცული სასოფლო-სამეურნეო ბანკი და იმით ცხოვრობდა.(139) ეს მე გავიგე იქიდან, სადაც ვცხოვრობდი ნახლებნიკათ გვერდით ყაჩაღები ცხოვრობდნენ იმერლიშვილი, ობოლაძე, ჩიკვაიძე და ავალიშვილი. (სტენოგრამულ ანგარიშში ავალიშვილის მაგივრად წერია ავალიანი, როგორც ჩანს ეს ,,მთაწმინდის ჯგუფის” წევრი ავალიანია - თ.ს.) ბანკის გაცარცვის გეგმაც ჰქონდათ შედგენილი და ფულის გაყოფაზე დავაც მოუვიდათ.

მე იძულებით გამაყოლეს, თავის მოკვლა მინდოდა.

მე მეუბნებოდა ჩემი ქმარი ვისოცკის მეურნეობაში ვმუშაობო და ღამე არ მოდიოდა. მე არ ვიცი მუშაობდა თუ არა.

დიმიტრი ჯაშს კარგად იცნობდნენ და ახლო დამოკიდებულებაში იყვნენ, წიგნის თარგმნის გამო ეხმარებოდნენ ლადო და ილიკო დარჩიები. 

აგრეთვე იმერლიშვილი და ობოლაძეც ხშირათ დადიოდნენ დიმიტრისთან. დიმიტრი ნახაზს უკეთებდა გაცარცვისას. ესენი ანარხისტები იყვნენ.

როცა მე წამიყვანა დიმიტრიმ თავი სოციალ-დემოკრატათ გამაცნო.

ჩვენს გვერდზე მცხოვრები იყო ნოე რამიშვილი. დიმიტრი მეტწილად დაახლოებული იყო იმერლიშვილთან და ობოლაძესთან. ისინი ეჩხუბებოდნენ, შენ ნოე რამიშვლთან დადიხარ.

ანარქისტებთან ერთად ჩემმა ქმარმა ბანკი გაცარცვა.

ერთხელ კაცი მოვიდა და მე მითხრა, თქვენი ქმარი წერილს მწერს და ფულს მთხოვს, რა უნდაო.

საერთოდ ასეთ საქმეს აწარმოებდნენ ჩემი ქმარი და მისი მეგობრები.

ის კაცი რომელიც წერილის შესახებ მელაპარაკებოდა მთაწმინდაში ცხოვრობდა. გვარი არ მახსოვს.

მე გავყევი მაისში და მეორე წლის ივნისში წავედით საგურამოში.

დიმიტრი მეუბნებოდა მე ილია ჭავჭავაძესთან ვარო გაზრდილი და მის დასთან საგინოვასთან ქონდა ახლო ურთიერთობა...’’.(140)

 ამრიგად, დარია ჯაშის პასუხის ტექსტი საკმაოდ დიდია და შეიცავს ძალიან მნიშვნელოვან ინფორმციებს, რომლებიც ი. ოდიშვილის წიგნში ,,ვერ’’, თუ ,,არ’’ მოხვდა. ჩვენს მიერ ზემომოყვანილ სტენოგრამულ ანგარიშში აღდგენილია კითხვებიც და შესაბამისად ამ დაკითხვის ტექსტი საკმაოდ დიდია. ამის მიუხედავად, სტენოგრაფისტის მიერ ზემომოყვანილი პირველადი დოკუმენტის სახით ჩაწერილი მასალაც ი. ოდიშვილს მხოლოდ რამოდენიმე წინადადებით აქვს მოყვანილი თავის წიგნში. საერთოდ კი, დარია ჯაშის ვითომდა ჩვენების პირველი წინადადების მომდევნო წინადადებებიც: ,,ბოლო დროს ძალიან დაახლოებული იყო მეფის მთავრობის მოხელეებთან’’, ,,ყოველ კრებაზე ესწრებოდა, მე თვითონ მქონდა რამოდენიმე მოსაწვევი ბარათი’’, ,,იმიტომ რომ ხშირად სწერდა გაზეთებში და აქებდა მას’’ - სასამართლოზე მისი დაკითხვის სხვა, უფრო დიდი ტექსტებიდანაა ამოგლეჯილი, შემცირებული და ხელოვნურად შეკოწიწებული.

ამრიგად, ბატონ ი. ოდიშვილთან კონტექსტიდან ამოვარდნილი და რამოდენიმე სტრიქონამდე დაყვანილი დარია ჯაშის ჩვენება კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ გაყალბდა საბჭოთა პერიოდში ილიას მკვლელობის გარემოებები. აქვე მინდა დავამატო ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში ი. ოდიშვილმა და სხვა პირებმაც, საბჭოთა ხელისუფლების მისაღები, ილიას მკვლელობის გაყალბებული ვერსია წარმოგვიდგინეს, მათი მხრიდან მაინც დიდი გმირობა იყო სწორედ იმ მასალების გამოყენება, რომელთა დედნის ნახვისას უბრალო ადამიანიც კი მიხვდება, რომ სიმართლე სწორედ ტექსტიდან ამოგლეჯილ წინადადებებში და იქ მოხსენიებულ გვარებთან კავშირში უნდა ვეძიოთ.

მაგალითად, დარია ჯაშის მიერ ნახსენები ილია დარჩია, თავის დღემდე გამოუქვეყნებელ 1929 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში წერს, რომ იგი იყო ალიოშა სვანიძის, სოსო ჯუღაშვილის(სტალინი) და სხვა ბოლშევიკების თანამებრძოლი. ილია დარჩიას სიტყვებით: ,,მე 1905 წლის ბოლოს მე შევედი წითელ გვარდიაში, რომელიც ორგანიზებული იყო პარტიისგან. ვისწავლე ბომბების სროლა ანარქისტ დ. როსტომაშვილთან. იარაღით ხელში ვმონაწილეობდი მთაწმინდის რაიონის დაცვაში’’.(141) ანუ, ჩანს ილია დარჩია იყო მთაწმინდის ტერიტორიაზე მოქმედი ზემოდასახელებული ,,მთაწმინდის ჯგუფის’’ ერთ-ერთი რიგითი წევრი.

ბაჭუა კუპრაშვილის მოგონებიდან და სხვადასხვა მემუარული ლიტერატურიდან, არქივებში დაცული დოკუმენტებიდან ირკვევა, ბოლშევიკების ზემოდასახელებული ორგანიზაცია ,,სამხედრო ჯგუფი’’ პარტიის საჭიროებებისათვის ფულს რამოდენიმე გზით შოულობდა. მათ შორის ექსპროპრიაციებით და ე.წ. შემოწირულობებით. აღმოჩნდა რომ, ,,მთაწმინდის ჯგუფის’’ წევრებთან დაახლოებული, ილიკო იმერლიშვილის ბავშვობის მეგობარი, მასთან ერთად სტამბებში ნამუშევარი დიმიტრი ჯაშიც უშუალოდ იყო ჩართული ამ სახის საქმიანობაში.

ცნობილია, რომ 1905 წელს, კავკასიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური ორგანიზაციის სამხედრო-ტექნიკური კომისიის მიერ გავრცელდა მოწოდება, რომ შეეგროვებინათ ფული იარაღის შესაძენად. სახსრების უკეთ შეგროვების მიზნით სოციალ-დემოკრატიული პარტიის კავკასიის კავშირის კომიტეტებმა: ,,გამოუშვეს ფურცლები, სადაც აღნიშნული იყო თუ რომელი კომიტეტის ,,საბრძოლო სალაროს სასარგებლოდ’’ შეჰქონდათ ფული, ვის და რამდენი შეჰქონდა. სალაროში ფულის შემტანს კომიტეტის ბეჭედდასმული ქვითარი ეძლეოდა’’.(142)

საარქივო დოკუმენტების მიხედვით, კერძოდ კავკასიის პოლიციის გამგის 1905 წლის 23 ოქტომბრის წერილიდან ჩანს, რომ ფულის შეკრება რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მენშევიკების თბილისის კომიტეტის მიერ ხდებოდა ,,თბილისის მთელ პროლეტარიატში და მათ შორის სტამბებში’’. ამ სახის დაწესებულებებს შორის პირველ რიგში დასახელებულია ,,ქართული საგამომცემლო ამხანაგობის სტამბა’’. მითითებულია, რომ აქ ,,ყოველთვიური შენატანის გარდა, გამომუშავებული თანხის პროცენტიდან ხდება თანხების დამატებით შეკრება შეიარაღებაზე და სხვა ექსტრემალურ ხარჯებზე. ფულის ამკრეფები არიან განსაკუთრებული პირები დანაშაულებრივი ორგანიზაციების წევრებიდან, რომლებიც შეგროვილ ფულს აძლევენ თავის რაიონულ წარმომადგენლებს. ეს უკანასკნელნი კი აბარებენ კომიტეტში. ორგანიზაციაში ყოველთვიურად ცხადდება საიდუმლო სალაროში ფულის შემოსავლის და გასავლის ანგარიში. მეტწილად ფულს იხდიან არანებაყოფილობით, რადგან ფულის გადახდის არმოსურნე პირებს აიძულებენ გადახდას სხვადასხვა მუქარით’’.(143)

 ფულის აკრეფის ამ წესის სისტემად არსებობას ადასტურებს, ჟანდარმთა როტმისტრის ლომიაშვილის მიერ 1906 წელს გორში, ერთ-ერთ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას აღმოჩენილი რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის რაიონული კომიტეტის სხვადასხვა საბუთები და მათ შორის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი კომიტეტის ფულის ამკრეფების 1905-1906 წლიური ანგარიშები და ასევე, 1905-1906 წლებში მიღებული ,,შემოწირულობების’’ სალაროს ქვითრების ორი წიგნაკი.(144)

ცხადია, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორივე ფრთის მესვეურები ასეთი სახის შეწირულობების შეგროვებას მხოლოდ სანდო და პარტიისათვის ერთგულ პირებს დაავალებდნენ. ამ ადამიანებს ასევე უნდა ჰქონოდათ სხვა პირებზე ზეგავლენის მოხდენის უნარი პირადი გავლენით, თუ სხვა საშუალებების გამოყენებით. მაგალითად, ასეთ სანდო პირად ჩანს ითვლებოდა ოფიციალურად თავართქილაძის სტამბაში მუშა-ასოთამწყობად მომუშავე, რეალურად კი ბოლშევიკი ტერორისტი ილიკო იმერლიშვილი. 1926 წლის ჟურნალ `რევოლუციის მატეანეში~ დაბეჭდილ მის ბიოგრაფიაში, აღნიშნულია, რომ ილიკო იმერლიშვილი გახდა რა თბილისის სტამბაში ერთ-ერთი რევოლუციური წრის წევრი: ,,მას მიანდვეს არალეგალური ლიტერატურის გავრცელება და ფულის შეგროვება ამხანაგებში’’.(145)

დიმიტრი ჯაშის მონაწილეობას ,,ფულის შეგროვებაში’’ ,,მთაწმინდის ჯგუფის’’ სახელით ირიბად ადასტურებს დარია ჯაშის საბჭოთა სასამართლოზე მიცემული ზემომოყვანილი ჩვენება, სადაც ის მიუთითებს, რომ ერთხელ მასთან მისულა პიროვნება, რომელიც ცხოვრობდა მთაწმინდაზე და უთქვამს: ,,თქვენი ქმარი წერილს მწერს და ფულს მთხოვს, რა უნდაო’’.(146) დარია ჯაშის ჩვენებაში მითითებული ეს ინფორმაცია - დიმიტრი ჯაშის მიერ დამაშანტაჟებელი წერილების მეშვეობით ფულის მოთხოვნა მთაწმინდაზე მცხოვრები პირისათვის მეტყველებს მძარცველურ-შანტაჟისტური მეთოდებით ,,მომუშავე’’ ,მთაწმინდის ჯგუფის’’ წევრებთან მის ახლო კავშირზეც. საქმე იმაშია, რომ დიმიტრი ჯაში გამომდინარე მისი პროფესიული საქმიანობიდან, ამ სახით ფულის გამოძალვას დამოუკიდებლად ვერ გაბედავდა. 

დარია ჯაშის ჩვენებითვე, მისი მეუღლის, რომელიც მას ,,თავიდან სოციალ-დემოკრატად’’ გაეცნო, საახლობლო წრე არ კმაყოფილდებოდა ფულის შეგროვებით და ფულის საშოვნელად ჩადიოდნენ სხვადასხვა სახის დანაშაულს. დიმიტრი ჯაში და მისი მეგობრები აქტიურად ეწეოდნენ ტერორისტულ და გამოძალვით საქმიანობას თბილისში და როგორც ჩანს, ძირითადად სწორედ მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე.

შეგახსენებთ, რომ დარია ჯაშის თქმით, მისი მეუღლე და მეუღლის მეგობრები - იმერლიშვილი (ილიკო იმერლიშვილი), ობოლაძე (ალექსანდრე (საშა) ობოლაძე), და სხვები ძარცვავდნენ ბანკებს და დიმიტრი ჯაში ილიკო იმერლიშვილს და საშა ობოლაძეს - ,,ნახაზს უკეთებდა გაცარცვისას’’. დარია ჯაში მათ ახასიათებს, როგორც ანარქისტებს, ბაჭუა კუპრაშვილის სიტყვებითაც, როგორც ზემოთ ვნახეთ - ,,თბილისის მოქმედი მოანაქრისტო ჯგუფებიდან ყველაზე უფრო ძლიერი იყო ,,მთაწმინდის ჯგუფი’’. რაც შეეხება ალექსანდრე ობოლაძეს, მასზეც უკვე ვისაუბრეთ.

ამრიგად, ზემოთ დასახელებული პირები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან და მათ შორის ძირითადი მაკავშირებელი, როგორც ჩანს იყო ალექსანდრე ობოლაძე. ალექსანდრე ობოლაძე ამ დროს უკვე 21-22 წლისაა, ილიკო იმერლიშვილი და დიმიტრი ჯაში კი ძალიან ახალგაზრდები 17-20 წლის.

ა. ობოლაძის სიტყვებით, იგი თავდაპირველად შესულა ხელაძის სტამბაში და იქ ნანახით გამოუტანია დასკვნა, რომ მესტამბეები ყველაზე ,,ერთგულნი და რევოლუციურად განწყობილი იყვნენ’’. სტამბებში მომუშავე რევოლუციურად განწყობილ პირებს შორის ალექსანდრე ობოლაძე ასახელებს ვასო ურუშაძეს, სერგო ქორიძეს და სხვებს. მიუთითებს, რომ მან ერთ წელიწადში თითქმის ყველა სტამბა მოიარა და გაფიცვებში ახალგაზრდებს იყოლიებდა.(147) საინტერესოა, რომ იგი აქვე ამჟღავნებს უარყოფით დამოკიდებულებას ნოე რამიშვილთან და საერთოდ მენშევიკებთან, რაც დიმიტრი ჯაშის მეუღლის 1941 წელს მიცემულ ჩვენებაშიცაა ასახული. დარია ჯაშის სიტყვებით, ალექსანდრე ობოლაძე და ილიკო იმერლიშვილი მის მეუღლეს ნოე რამიშვილთან ურთიერთობას უშლიდნენ. 

დიმიტრი ჯაშის და ალექსანდრე ობოლაძის მსგავსად, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე ილიკო იმერლიშვილიც სტამბის მუშა იყო. კავკასიის რაიონული ,,ოხრანკის’’ ერთ-ერთ საქმეში არსებული ინფორმაციით ი. იმერლიშვილი 1907 წლის ოქტომბრამდე ოფიციალურად მუშაობდა ასოთამწყობად თავართქილაძის სტამბაში.(148) 1941 წელს გ. ბერბიჭაშვილის სასამართლო პროცესზე უშანგი ჯაშის ჩვენების მიხედვით, მისი ძმა დიმიტრი ჯაშიც 1904 წელს ,,მგონი თავართქილაძის სტამბაში ასოთამწყობად მუშაობდა, ხოლო 1905 წელს ,,ივერიის’’ სტამბაში’’.(149) ასევე თავართქილაძის სტამბის მუშა იყო ზემოდასახელებული ტიტე ჯაში, რომელზეც თბილისის ,,ოხრანკის’’ განყოფილების ერთ-ერთ საქმეში აღნიშნულია: ,,ის არის ტერორისტი სტამბიდან და 1905 წლის 23 დეკემბერს სწორედ მან ესროლა გოროდოვოი გელიუსს და არა ალისტ ვადაჭკორიამ’’.(150) მას ქუთათელაძის სტამბის გარდა უმუშავია სოციალ-დემოკრატების გაზეთ ,,სხივში’’. ,,ტიტე (ტიტიკო) კონსტანტინეს ძე ჯაში, სტამბის მუშა გლეხებიდან’’  - ასე იხსენიება იგი სხვა საარქივო საქმეში,(151) იგი როგორც ჩანს, შემდეგში ცნობილი ტერორისტი გამხდარა, რაზეც გარკვეულწილად ზემოთ გვქონდა კიდეც საუბარი.

დიმიტრი ჯაშის მიერ ფულის შეგროვებას სოციალ-დემოკრატების ,სამხედრო სალაროსათვის’’ და მის კავშირს ,,მთაწმინდის ჯგუფთან’’, ვფიქრობ, სრულად ადასტურებს საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში დიმიტრი ჯაშის დაპატიმრების შესახებ არსებული ცალკე საქმე.(152) ამ საქმიდან ირკვევა, რომ იგი 1906 წლის 15 თებერვალს გოროდოვოებს დაუპატიმრებიათ. დიმიტრი ჯაშის დაპატიმრების საქმის წარმოება 1906 წლის 16 თებერვალს დაწყებულა და 1906 წლის 1 მარტს დამთავრებულა.

საქმეში ჩაკერებული პირველი ფურცელი არის თბილისის და თბილისის მაზრის დროებითი გენერალ-გუბერნატორის, გენერალ-მაიორ ტიმოფეევის, 1906 წლის 16 თებერვლის დადგენილება დიმიტრი ჯაშის, გაზეთ ,,ივერიის’’ თანამშრომლის, მცხოვრები ქალაქ თბილისში, ვეძინის ქუჩაზე, გოგ(ი)აშვილის სახლში, დაპატიმრების და მეტეხის ციხეში მოთავსების შესახებ. მითითებულია, რომ დიმიტრი ჯაშის დაპატიმრება მოხდა მის მიერ ,,რევოლუციური საჭიროებებისათვის ფულის შეგროვების გამო’’.(153)

ირკვევა, რომ დიმიტრი ჯაში დააპატიმრეს თბილისის პოლიციის მეორე ნაწილის რაიონში გოროდოვოებმა, რადგან რევოლუციური მიზნებისათვის შემოწირულობების შეგროვებას ეწეოდა. მისი ბინის ჩხრეკა ჩატარდა თბილისის ,,ოხრანკის’’ განყოფილების უფროსის ბრძანებით. ჩხრეკის ოქმს მოწმეებად ხელს აწერენ დარია გოგ(ი)აშვილი, სტეფანე პიატნიკი და ილია დარჩია.(154) ცნობისათვის, დარია ჯაშის ინფორმაციით, რომელიც მოიპოვება კ. გორდელაძის ნაწერებში, ნოე რამიშვილი მათ გვერდზე გოგ(ი)აშვილის სახლში ცხოვრობდა.(155) ბინის ჩხრეკისას უნახავთ რევოლუციური შინაარსის აკრძალული ლიტერატურა. ამ საარქივო საქმეში ჩაკერებულ გაზეთებს მოსდევს ფულის გადახდის ხელნაწერი ფურცლები, რომლებიც როგორც ჩანს, დიმიტრი ჯაშს თან ჰქონდა დაპატიმრებისას. ფურცლების ნაწილი შევსებულია და ნაწილი კი შესავსები. ერთ-ერთ ფურცელს აწერია: ,,შემოწირულობა გადასატანად ნეშტისა 18 ქრისტეშობასთვეს გასული წლისა კაზაკებისაგან მოკლული მილიციონერის გრიგოლ ფარსადანის ძე ჯაშისა, თბილისიდან სადგურ საჯავახოში’’. (სტილი დაცულია - თ.ს.) ამ თავსათაურის ქვეშ მოთავსებულია ცხრილი, სადაც ჩამოთვლილია სხვადასხვა გვარი, ასევე უამრავი მეტსახელი. კერძოდ, ნოსიევი, გრ. დიასამიძე, ნ. ნასარიძე, ნ. ლეჟავა, სეფე არჩვაძე, პ.რ., მეთევზე, ნიკოლაი და სხვა. ყველა მათგანი დაწერილია სხვადასხვა ხელით, ფაქტობრივად ისინი ხელმოწერებია და არა უბრალოდ პირთა სია.(156)

შეწირული თანხა მერყეობს 10 კაპიკიდან ორ მანეთამდე. ვფიქრობ, დ. ჯაშის დაპატიმრებისას მისი თანმხლები პირების საქციელი,  ანუ გაქცევა, მანიშნებელია, რომ ფული მართლაც რევოლუციური მიზნისათვის იკრიბებოდა. საქმე იმაშია, რომ დ. ჯაშისათვის აღმოჩენილ სხვა ფურცლებზე მოთავსებულია ასეთივე ფულის შეკრების უწყისი, ოღონდ მას აწერია, რომ შემოწირულობა გროვდებოდა ვინმე ნესტორ შაფაქიძის მეუღლის დასამარხად.(157) ჩანს, რევოლუციური მიზნისათვის ფულის შეკრების უწყისების ასეთი სახით გაკეთება, გამოწვეული იყო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ეჭვის ასაცილებლად. თუმცა გინდაც ეს ასე არ იყოს, ფულის შეკრება გრიგოლ ფარსადანის ძე ჯაშის გადასასვენებლად მეტყველებს, რომ ეს ადამიანები, ფულის შემკრებები, დიმიტრი ჯაშთან ერთად სწორედ სოციალ-დემოკრატიული პარტიის და სავარაუდოდ, ბოლშევიკური ფრთის წარმომადგენლები იყვნენ.

როგორც დიმიტრი ჯაშის ძმის, უშანგი ჯაშის ჟურნალ ,,რევოლუციის მატეანეში’’ დაბეჭდილი წერილიდან ვიგებთ, გიორგი ჯაში წარმოშობით სოფელ აბაშიდან ყოფილა და იგი კაზაკებმა ,,ნაძალადევში’’1906 წლის დეკემბერში მოკლეს. 1886 წელს დაბადებულ გ. ჯაშს უმუშავია ,,ცნობის ფურცელში’’, რომელიც იბეჭდებოდა ,,ქართველთა ამხანაგობის სტამბაში’’ და როგორც ჩანს, ყოფილა ასოთამწყობი მუშა.(158)

სხვა დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ გრიგოლ ჯაში სოციალ-დემოკრატების ,,საბრძოლო რაზმის’’ წევრი იყო. ის 1906 წლის 18 დეკემბერს ,,ნაძალადევში’’ ხელისუფლების დამჯელი რაზმების და სოციალ-დემოკრატების ,,საბრძოლო რაზმის’’ წევრების შეტაკებისას დაღუპულა. მასთან ერთად მოკლულ იქნა ცხრა ,,რაზმელი’’ - მ. კალაძე, პ. ცინცაძე და სხვები. დაიჭრა და დააპატიმრეს სამი ადამიანი, რომელთა შორის იყო ცნობილი ბოლშევიკი ტერორიტ-ექსპროპრიატორი კამო (ტერ-პეტროსიანი).(158) შესაბამისად, ეს ადამიანებიც სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, ზოგი მენშევიკებს და ზოგიც ბოლშევიკებს ეკუთვნოდნენ.

1906 წლის 22 თებერვალს, სახელმწიფო დანაშაულის ჩადენის მტკიცებულობების არარსებობის გამო, დიმიტრი ჯაშის წინააღმდეგ აღძრული საქმის წარმოება შეწყდა. ამ გადაწყვეტილების ასლი, გადაგზავნილი თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსის მიერ, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმის გამომძიებელ ნ. ფ. ილიაშენკოსთან, მოთავსებულია ილიას მკვლელობის გამოძიების ერთ-ერთ საქმეში. მასში, თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსი ნ. ილიაშენკოს სწერს: ,,თქვენი 15 სექტემბრის მოკითხვის პასუხად, გაცნობებთ დიმიტრი სოფრომის ძე ჯაშზე, გაზეთ ,,ივერიის’’ თანამშრომელზე, 1906 წელს ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს მიერ აღძრული იყო მოკვლევა სახელმწიფო დაცვის დებულების თანახმად, მაგრამ შეწყდა მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო’’.(159)

ამ მასალის და სხვა დოკუმენტების ანალიზიდან არ დასტურდება, რომ 1905-1907 წლებში ილიას მკვლელობამდე დიმიტრი ჯაში ხელმძღვანელობდა რაიმე თავყრილობას, დემონსტრაციას, იყო რევოლუციური ორგანიზაციის ადგილობრივი უჯრედის ლიდერი, ან რომელიმე ტერორისტული თუ ექსპროპრიაციული აქტის ხელმძღვანელი. ყველა დოკუმენტი იმაზე მიუთითებს, რომ იგი აქტიურად იყო ჩართული რევოლუციურ მოძრაობაში, მაგრამ ყოველთვის მეორეხარისხოვან დავალებებს ასრულებდა.

დიმიტრი ჯაში ჭკვიანი, თავისი წრის სტამბის მუშების უმეტესი ნაწილისაგან განსხვავებით, ძალიან განათლებული ადამიანი იყო. როგორც ჩანს, გამომდინარე თავისი სხარტი გონებიდან და მიღებული თვითგანათლებიდან, იგი სოციალ-დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერ ღონისძიებებში მონაწილეობის, სოციალ-დემოკრატების ,სამხედრო სალაროსათვის“, კონკრეტულად კი ,,მთაწმინდის ჯგუფის’’ საჭიროებისათვის ფულის შემგროვებლის გარდა, რევოლუციური ორგანიზაციისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების შემსრულებლის, ტერორისტული და ექსპროპრიაციული აქტების რიგითი დამგეგმავის ფუნქციასაც ასრულებდა.

გარკვეულწილად ამას ადასტურებს მისი მეუღლის მიერ მიცემული ჩვენებები. როგორც ზემოთ ვნახეთ, დარია ჯაში უჩვენებს ,,მე როცა წამიყვანა დიმიტრი ჯაშმა, ყაჩაღების საშუალებით მას ჰქონდა გაცარცული სასოფლო-სამეურნეო ბანკი და იმით ცხოვრობდა.’’ სწორედ ამ საკითხთან კავშირში ძალიან საინტერესოა, კვლავ იმის აღნიშვნა, რომ მისივე ჩვენების მიხედვით: ..აგრეთვე იმერლიშვილი და ობოლაძეც ხშირათ დადიოდნენ დიმიტრისთან. დიმიტრი ნახაზს უკეთებდა გაცარცვისას’’.

საქმე იმაშია, რომ თუ გავითვალისწინებთ ერთ-ერთი ტერორისტ-ექსპროპრიატორის მოგონებებს, რომელიც მოყვანილი აქვს სიმონ მონტეფიორის თავის წიგნში ,,ახალგაზრდა სტალინი’’: ,,სტალინის ბანდიტები მეფისნაცვლის სასახლის მოპირდაპირე მხარეს არსებულ სასოფლო-სამეურნეო ბანკში შევარდნენ, ბანდიტებმა ხალხს იარაღი მიუშვირეს და იყვირეს: ხელები მაღლა... მერე ბანკნოტები მოაგროვეს და სროლით ჰაერში გაუჩინარდნენ. სტალინის მიერ დაგეგმილ ამ თავდასხმას კამო ხელმძღვანელობდა’’(160), სულ სხვაგვარად წარმოგვიდგება დიმიტრი ჯაშის და ილიკო იმერლიშვილის საქმიანობა, ფუნქციები, კავშირ-ურთიერთობები ბოლშევიკების ,,სამხედრო ჯგუფსა’’ თუ ,,მთაწმინდის ჯგუფს’’, ასევე ადგილობრივი ბოლშევიკური პარტიის ხელმძღვანელობასთან.

ქვემომოყვანილი დოკუმენტი კი, შეიძლება ითქვას, ავსებს ამ გამოკვლევის თემატიკას. მასში ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილე გიგლა ბერბიჭაშვილსაც შევხვდებით. საქმე იმაშია, რომ ილიას მკვლელობის ირგვლივ მასალების მოძიებისას აშკარად გამოიკვეთა, თუ რატომ მალავდა საბჭოთა ხელისუფლება ილია ჭავჭავაძის მკვლელების, მათ შორის ილიკო იმერლიშვილის, გიგლა ბერბიჭაშვილის და სხვა პირების პარტიულ კუთვნილებას, კავშირებს ბოლშევიკური პარტიის სხვადასხვა რანგის წევრებთან. კვლევის შედეგებიდან ჩანს, რომ ამის ძირითადი მიზეზი ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში მონაწილე პირების იოსებ ჯუღაშვილთან გარკვეული კავშირები იყო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პარტიული არქივის ფონდებში დაცულია ძველი რევოლუციონერის, მარო ნიკოს ასული ხუციშვილის 1934 წლის სექტემბერში დაწერილი ავტობიოგრაფია. მ. ხუციშვილი წერს: ,,თბილისში... 1904 წელს... მე ვასრულებდი არალეგალური კრებების დარაჯობას... მეთაურად ითვლებოდნენ ბათუმიდან: კოლია ლომთათიძე, თბილისში კი - თეოფილე ჩიჩუა, კიდევ მოდიოდა ბოლქვაძე ვანო და კამო პეტროსიანი (ჩიკორა). (ჩანს ეს იყო კამოს (ტერ-პეტროსიანი) სხვა მეტსახელი - თ.ს.) წევრებად ითვლებოდნენ - ტრიფონ რამიშვილი, სოლომონ დოლიძე, იუსტინე ვადაჭკორია, მაკარ გოგუაძე, ბესო მაისურაძე, ვარლამ სიმონიშვილი, ვასო ზაქარიაშვილი, მიხა ჩოდრიშვილი, გიგო ხეჩუაშვილი, გიორგი ქუჩიშვილი, ბერბიჭაშვილი გიგლა, ანდრო დოლიძე, თედორე დოლიძე, ვანო გაგუა, ევგენი დვალი, კასპიდან მოდიოდა გამხიტაშვილი კოსტა, თბილისში - ჯორჯიაშვილი არსენა, ბათუმიდან ჩამოდიოდა კობა ჯუღაშვილი იგივე სტალინი’’.(161)

იოსებ ჯუღაშვილის და გიგლა ბერბიჭაშვილის ერთად მონაწილეობა ბოლშევიკების არალეგალურ კრებებში, ირიბად დასტურდება თვითონ გ. ბერბიჭაშვილის მიერ, ამ დოკუმენტზე გაკეთებული წარწერით: ,,ნამდვილად ვადასტურებ რომ ამხ. ხუციშვილი მარო ნიკოს ასული ღებულობდა მხურვალე მონაწილეობას 1905 წლიდან 1907 წლამდის ნიკოლოზის წესწყობილების წინააღმდეგ. ორჯელ იყო დაჭრილი. 1907 წლიდან მე წავედი პერსიაში. ბერბიჭაშვილი’’.(162) (დოკუმენტი #19,20)

ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციას, რომ იოსებ ჯუღაშვილი და გიგლა ბერბიჭაშვილი სავარაუდოდ ერთმანეთს იცნობდნენ, რადგან თბილისში გამართულ არალეგალურ კრებებში ერთად ღებულობდნენ მონაწილობას, დასტურდება ამავე დოკუმენტზე, მარო ხუციშვილის თანასოფლელის და, რაც მთავარია, გორის სემინარიიდან იოსებ ჯუღაშვილის ახლობლის, მისი მეჯვარის, საბჭოთა პერიოდში საქართველოში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე, მათ შორის საქართველოს ჩეკას-ს პირველი უფროსის გიორგი ელისაბედაშვილის დოკუმენტის შინაარსის სისწორის დამადასტურებელი წარწერით და ხელმოწერით.(163) აქვე დავამატებ იმასაც, რომ გიგლა ბერბიჭაშვილი საბჭოთა პერიოდში 1941 წლის მის სასამართლო პროცესზე ამბობდა, რომ ილიას მკვლელობის შემდეგ ბაქოში ჩავიდა, იქ შეხვდა და ირანში გადასვლაში დაეხმარა ბოლშევიკი რევოლუციონერი ვალიკო ბაქრაძე, მეტსახელად `ჟელეზა~. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პარტიული არქივში არსებულ სტალინის შესახებ დაწერილ დღემდე გამოუქვეყნებელ მოგონებებში არის ერთი საინტერესო მოგონება, ავტორია გ. ნუცუბიძე. იგი წერს: ,,ვალიკო ბაქრაძეს მაშინ ეძახდნენ ,,ჟელეზნის’’. ამხანაგი კობა გამაცნო ამხანაგმა ,,ჟელეზნიმ’’, მან ჩემზე უთხრა, მას(სტალინს) რომ მე საიმედო წევრი ვარ ბოლშევიკური ორგანიზაციის’’.(164)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თავი V

იოსებ ჯუღაშვილი, ილიკო იმერლიშვილი და

ილია ჭავჭავაძის მკვლელობა

 

იოსებ ჯუღაშვილის (სტალინი) შესახებ მოვიძიე საკმაოდ საინტერესო მასალები. მათ შორის შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი დოკუმენტი, საქართველოს საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცულ ,,თბილისის სამძებრო პოლიციის ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოძიების საქმეში’’ აღმოჩნდა.

თბილისის სამძებრო პოლიციის ოპერატიული თანამშრომელი ვინმე ფიცხელაური, თბილისის პოლიციის სამძებრო განყოფილების უფროსს პეტრე ევტუშევსკის,(165) ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან სულ რამოდენიმე დღეში წერს ორ წერილს. ფაქტობრივად ისინი არაოფიციალური შეტყობინებებია მკვლელობაში მონაწილე პირების ვინაობის შესახებ. მომაქვს ამ წერილის ტექსტი:

,,ძვირფასო პეტრე ალექსანდრეს ძევ! ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შესახებ უნდა იცოდეს დუშეთის მაზრის სოფელ მცხეთის მცხოვრებმა სახელით ილია მცხეთელი. იგი თუ არ მონაწილეობდა დანაშაულში, მაშინ მას ეცოდინება, რადგან იცის ვინ ჩადის მსგავს დანაშაულს, ამიტომ ვვარაუდობ რომ დავიჭიროთ. ამის გარდა აუცილებელია დაჭერა მეფაიტონის, რომელიც როგორც მოვიკვლიე იცნობს პირებს, ვინც ჩაიდინა თავად ჭავჭავაძის მკვლელობა.

უღრმესი პატივისცემით, თქვენი ფიცხელაური

ქ. ტფილისი

4 სექტემბერი 1907 წელი’’ .(166) (წერილის სტილი დაცულია)

მკვლევართათვის ეს წერილი საინტერესოა იმიტომ, რომ 1907 წლის 4 სექტემბერს გამოძიებისათვის უკვე ცნობილი იყო ბოლშევიკი ტერორისტის ილიკო იმერლიშვილის ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში მონაწილეობის შესახებ. საქმე იმაშია, რომ ი. იმერლიშვილის მეტსახელი, თბილისში სოციალ-დემოკრატი მუშების მიერ შექმნილ ტერორისტულ ორგანიზაციაში - ,,მთაწმინდის ჯგუფი’’, ყოფნისას ,,ილია მცხეთელი’’ გახლდათ. შესაბამისად, ილიკო იმერლიშვილის და ,,ილია მცხეთელის’’ იგივეობის შესახებ ამ დროს პოლიციამაც იცოდა, თუმცა ამ კუთხით ძიება არ უწარმოებია. უშუალოდ დუშეთის მაზრაში ილიკო იმერლიშვილის მეტსახელი `იმერელი~ იყო. აღნიშნული დასტურდება დოკუმენტურად.(167) დასახელებულ საარქივო საქმეში არსებულ ამ წერილს მოსდევს ფიცხელაურის მიერ თბილისის სამძებრო პოლიციის უფროსის პ. ევტუშევსკისადმი გაგზავნილი, 1907 წლის 5 სექტემბერით დათარიღებული მეორე წერილი:

,,ძვირფასო პეტრე ალექსანდრეს ძევ! თავად ჭავჭავაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ნიჟარაძე დაკავებულ იქნა ბორჯომში, როგორც მე საიდუმლოდ გავიგე მას უპოვეს მოკლულის საათი, ასევე დააპატიმრეს მეეტლე. არ სურთ გაამჟღავნონ საათის პოვნა იმ მოსაზრებით, რომ მკვლელობის მონაწილეები შესაძლებელია დაიმალნენ.

უღრმესი პატივისცემით, თქვენი ფიცხელაური.

5 სექტემბერი 1907 წელი’’.(168) (წერილის სტილი დაცულია)

ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ,,ილია მცხეთელის’’ და ვინმე ,,ნიჟარაძის’’ სავარაუდო მონაწილეობის შესახებ, ჯერ კიდევ 2011 წელს გამოსულ ჩემს წიგნში - ,,სოციალ-დემოკრატი  ბოლშევიკი  ტერორისტები  ილია  ჭავჭავაძის  მკვლელები’’ მაქვს ნათქვამი.(169) საინტერესოა, რომ ,,ნიჟარაძე’’ და ,,ილია მცხეთელი’' ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილებად აღნიშნული საარქივო საქმის სარჩევშიც არიან დასახელებული.

ჩემი აზრით, ახლად მოძიებული უამრავი დოკუმენტის გამომზეურებით, ჩემს ნაშრომებში ნათლად დავასაბუთე მეტსახელების - ,,ილია მცხეთელის’’ და ,,იმერელის’’ იგივეობა ილიკო იმერლიშვილთან, ასევე ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ილიკო იმერლიშვილის უშუალო მონაწილეობა. თუმცა, ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში სავარაუდო მონაწილის - ,,ნიჟარაძის’’ ვინაობის დასადგენად ჩემს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები და დეტალური ანალიზი არ გამომიქვეყნებია. ვცდილობდი მომეძიებინა დამატებითი მასალები, რადგან ეს გვარი შესაძლებელია უაღრესად მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი იყოს იოსებ ჯუღაშვილის (სტალინი) ბიოგრაფიის შესწავლასთან დაკავშირებით.

საქმე იმაშია, რომ იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი, 1908 წელს ბაქოში ყალბი პასპორტით - გაიოზ ბესოს ძე ნიჟარაძის სახელზე იქნა დაპატიმრებული. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პარტიულ არქივში, ასევე ეროვნულ არქივშიც მოიპოვება, ამ საკითხთან კავშირში არსებული საარქივო დოკუმენტების ასლები. მათ შორის ერთ-ერთია, ბაქოს ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსის მიერ 1908 წლის 31 მაისს, ბათუმის ოლქში ქუთაისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსის მოადგილისადმი გაგზავნილი შემდეგი საიდუმლო წერილი:

,,ამა წლის 25 მარტს ბაქოში მცხოვრები პიროვნება ყალბი პასპორტით გაიოზ ბესოს ძე ნიჟარაძის სახელზე ბაქოს ციხეში იქნა დაპატიმრებული. დაკითხვისას ნიჟარაძემ აღიარა, რომ მისი ნამდვილი სახელია იოსებ ბესარიონის ძე ჯუგაშვილი და არის თბილისის გუბერნიის და მაზრის დიდი ლილოს სოფლის საზოგადოების გლეხი, და რომ 1902 წელს იგი ქალაქ ბათუმში, ქუთაისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს მიერ პროპაგანდის წარმოების გამო დააპატიმრეს და იაკუტიის მხარეში სამი წლით იქნა გასახლებული. გადასახლების ადგილი 1904 წელს თვითნებურად დატოვა.

თან ვურთავთ მის ფოტოს, რათა დაადგინოთ მასზე გამოსახული პირი, რომელმაც თავი დაასახელა ჯუგაშვილად, თუ იყო ბრალდებული ბათუმში და რა ცნობები გაქვთ მასზე.

როტმისტრი...’’ (170)

ეს დოკუმენტი ისტორიკოსებისათვის ცნობილია, მაგრამ უცნობი იყო ჩემს მიერ მოძიებული დოკუმენტი ვინმე ,,ნიჟარაძის’’ ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში მონაწილეობის შესახებ. სწორედ ამიტომ აღვნიშნე ზემოთ, რომ მსურდა სრულყოფილი მასალები მომეკვლია და შემდეგ გამომექვეყნებინა ჩემი ანალიზი. სამწუხაროდ, სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო, რასაც დასასრულს მივუთითებ, არ მომეცა ამის საშუალება.

კვლევის ამ ეტაპზე მოძიებული მასალებიდან ირკვევა, რომ გაიოზ ნიჟარაძის სახელზე ყალბი პასპორტი გაცემული იყო 1906 წლის 7 აპრილს.(171) სავარაუდოა, რომ იოსებ ჯუღაშვილმა იგი ,,შეიძინა’’ გიორგი ბერძენიშვილის სახელზე გაცემული პასპორტის სანაცვლოდ, რომელიც მას 1906 წლის მარტში პოლიციამ ჩამოართვა.

იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილის და გაიოზ ბესოს ძე ნიჟარაძის იგივეობას ეხება სხვა დოკუმენტიც. ეს არის თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსის 1908 წლის 10 ივნისით დათარიღებული წარწერის (რეზოლუციის) ასლი ბაქოს ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსის 1908 წლის 31 მაისის წერილზე:

,,ბაქოში თავად გაიოზ ბესოს ძე ნიჟარაძის სახელით ყალბი პასპორტით მცხოვრებმა პირმა დაკითხვისას აღიარა, რომ მისი ნამდვილი სახელია იოსებ ბესარიონის ძე ჯუგაშვილი - თბილისის გუბერნიის და მაზრის დიდი ლილოს სოფლის საზოგადოების გლეხი, რომ 1902 წელს იგი ქალაქ ბათუმში ქუთაისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს მიერ თბილისის სოციალ-დემოკრატიული პარტიის საქმის გამო იყო დაპატიმრებული და გასახლებულ იქნა იაკუტიის მხარეში სამი წლით, რომელიც 1904 წელს თვითნებურად დატოვა’’.(172)  

ამ დოკუმენტში უკვე დაკონკრეტებულია იოსებ ჯუღაშვილის პარტიული კუთვნილება. მომდევნო დოკუმენტში - 1908 წლის 13 ივნისით დათარიღებულ ბათუმის ოლქში ქუთაისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსის მოადგილის საიდუმლო წერილში, ბაქოს ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსისადმი, წერია: ,,თქვენი 1908 წლის 31 მაისის წერილის პასუხად მოგახსენებთ, რომ თბილისის გუბერნიის და მაზრის დიდი ლილოს სოფლის საზოგადოების გლეხი, იოსებ ბესარიონის ძე ჯუგაშვილი 1902 წელს ქალაქ ბათუმში ქუთაისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს მიერ პროპაგანდის გამო დაპატიმრებული იყო და გასახლებულ იქნა იაკუტიის მხარეში სამი წლით. იგი ჩემს ქვემდებარე პუნქტში(173) ანტისახელმწიფოებრივი საქმის გამოძიებასთან ნამდვილად იყო დაკავშირებული.(174) მისი დანაშაული იმაში მდგომარეობდა, რომ იგი მთავარი ხელმძღვანელი და მასწავლებელი იყო ბათუმის მუშების, ასევე მუშათა რევოლუციურ მოძრაობის, რაც გამოიხატებოდა პროკლამაციების გავრცელებაში (გაფანტვა), აჯანყების მოწოდებით არსებული წყობის დასამხობად. ჯუგაშვილის ამოცნობა, თანდართული ფოტოსურათის მიხედვით ჩემი პუნქტის ვერც ერთმა თანამშრომელმა და პოლიციის ჩინმა დიდი დროის გასვლის გამო ვერ შეძლო.

ასევე ვთვლი საჭიროდ დავამატო, რომ დასახელებული ჯუგაშვილი, როგორც ჩემი ხელმძღვანელობით მოქმედი პუნქტის მასალებიდან ჩანს, ბრალდებულის სახით ნამდვილად იყო დაკავშირებული თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს მიერ წარმოებული ,,თბილისის რსდმპ წრის’’ საქმის მოკვლევასთან და მასში მთავარი ბრალდებული იყო.

ხელმოწერა: როტმისტრი...’’(175) 

ზემოდასახელებული დოკუმენტები, როგორც აღვნიშნე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პარტიულ არქივში ასლების სახით არის შემორჩენილი. ქვემომოყვანილი დოკუმენტი კი ბაქოს ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსის გენერალ-მაიორ კოზინცევის 1908 წლის 4 აგვისტოს დადგენილებაა, რომელიც ეგზავნება თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსს.(იღებს 1908 წლის 7 აგვისტოს - თ.ს.) საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივის ერთ-ერთ საქმეში ასეთი წერილის დედანია დაცული:

,,დადგენილება # 4287

1908 წლის 4 აგვისტოს ქალაქ ბაქოში, მე ბაქოს ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსმა, გენერალ-მაიორმა კოზინცევმა, განვიხილე მიმოწერა ცნობების შეგროვებაზე პოლიტიკური კეთილსაიმედოობის დასადგენად პიროვნების, რომელიც დასახელებული იყო ქაიხოსრო ნიჟარაძედ და რომელიც, სინამდვილეში აღმოჩნდა იოსებ ბესარიონის ძე ჯუგაშვილი, ვიპოვე შემდეგი:

ამა წლის 25 მარტს ბაქოს სამძებრო პოლიციის ჩინების მიერ დაკავებული იქნა უცნობი პიროვნება, რომელმაც თავი დაასახელა ქუთაისის გუბერნიის და მაზრის სოფელ მაღლაკის მცხოვრებ ქაიხოსრო ნიჟარაძედ, რომელსაც ჩხრეკისას აღმოაჩნდა პარტიული მიმოწერა. ამ საქმეზე მიმოწერისას გამოირკვა, რომ ნიჟარაძე არის იოსებ ბესარიონის ძე ჯუგაშვილი - თბილისის გუბერნიის და მაზრის დიდი ლილოს სოფლის საზოგადოების გლეხი, რომელიც 1902 წელს დაკავშირებული იყო  ქუთაისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს მიერ 251 სტატიით და თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს მიერ 251 სტატიის პირველი ნაწილი საქმის ძიებასთან. საბოლოოდ საქმე გადაჭრილ იქნა ადმინისტრაციული წესით და ჯუგაშვილი 1903 წლის 9 ივლისს გასახლებულ იქნა პოლიციის ღია ზედამხედველობის ქვეშ აღმოსავლეთ ციმბირში, საიდანაც გამოიქცა და პოლიციის დეპარტამენტის 1904 წლის 1 მაისის ცირკულარით იძებნებოდა. იოსებ ჯუგაშვილი ამა წლის 25 მარტიდან ბაქოს ციხეშია დაპატიმრებული. ვვარაუდობ, რომ იოსებ ბესარიონის ძე ჯუგაშვილი პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ აღმოსავლეთ ციმბირში სამი წლით იქნას გაძევებული.

დავადგინე: აღნიშნული მიმოწერა გადაიგზავნოს ბაქოს ქალაქისთავის განკარგულებაში.

ხელმოწერა: გენერალ მაიორი კოზინცევი’’.(176)

სწორედ ამ დოკუმენტის ასლი, ოღონდ როგორც ტექსტის ანალიზიდან ჩანს, იგი ამოღებულია ბაქოს არქივიდან, მოვიძიე ლავრენტი ბერიას წიგნად გამოცემულ მოხსენებაში.(177)

იოსებ ჯუღაშვილის ,,ნიჟარაძის’’ გვარით საქმიანობის, 1908 წლის მარტში დაპატიმრების შესახებ ინფორმაციებს, ლავრენტი ბერიას წიგნის გარდა სხვა, მათ შორის, თანამედროვე ავტორების შრომებშიც ვხვდებით, რასაც ქვემოთ შევეხები. ახლა კი აღვნიშნავ, რომ ზემოთ მოყვანილ საარქივო დოკუმენტში, ილია ჭავჭავაძის მკვლელად ვინმე ,,ნიჟარაძის’’ დასახელება თითქოსდა სრულიად ახლებურად გვანახებს იოსებ ჯუღაშვილის (სტალინის) სიყრმის მეგობრის იოსებ ირემაშვილის ბერლინში 1932 წელს გამოსულ წიგნში – "Stalin and Die Tragoedie Georgiens." (სტალინი და საქართველოს ტრაგედია) გამოთქმულ მოსაზრებას, რომ - იოსებ ჯუღაშვილს ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან ჰქონდა კავშირი. ამრიგად, ერთის მხრივ, თითქოსდა გვარების ასეთი დამთხვევა პირდაპირ მიანიშნებს იოსებ ჯუღაშვილის მონაწილეობაზე ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში. მეორეს მხრივ კი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მასალებზე მუშაობისას, ილიას ფიზიკური მკვლელების – ილიკო იმერლიშვილის, ივანე ინაშვილის, პავლე ფშავლიშვილის და გიგლა ბერბიჭაშვილის შესახებ საქართველოში არსებულ არქივებში არსებული დოკუმენტების დამუშავებისას, სხვა რაიმე მინიშნებას ვინმე ,,ნიჟარაძის’’, ანდა იოსებ ჯუღაშვილის მონაწილეობაზე ამ მკვლელობაში, ვერ მივაკვლიე.

იმის გამო, რომ ზემომოყვანილ დოკუმენტში ნათქვამია ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ნიჟარაძე, მოკლულის საათით(178) ბორჯომში დააკავეს, შეძლებისდაგვარად გამოვიკვლიე იმ პერიოდში ბორჯომში, მის მიმდებარე ტერიტორიებზე მოქმედი რევოლუციონერების, ტერორისტების, ,,წითელ რაზმელების’’ ვინაობა, საქმიანობა. მათ შორის, იმ ხანად ბორჯომის ხეობაში მოქმედი ერთ-ერთი სახელგანთქმული ყაჩაღის და ტერორისტის ,,ფორიას’’ - ალექსანდრე ცაგურიშვილის  გარემოცვა, ვისზეც ზემოთაც მაქვს მითითებული. როგორც ვნახეთ, ეს პიროვნება დაკავშირებული იყო ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მონაწილე ბოლშევიკ ტერორისტ ილიკო იმერლიშვილთან, სხვადასხვა მასალების მიხედვით ასევე კამოსთან (ტერ-პეტროსიანი), ბაჭუა კუპრაშვილთან და სხვებთან. თუმცა, გაიოზ ნიჟარაძის, ან მხოლოდ ნიჟარაძის გვარით 1906-1908 წლებში მოქმედ ტერორისტს ბორჯომში, ანდა მიმდებარე ტერიტორიაზე ჯერ-ჯერობით ვერ მივაგენი.

სამაგიეროდ კვლევის პროცესში აღმოჩნდა, რომ 1908 წლის მარტში იოსებ ჯუღაშვილთან ერთად ბაქოში, ბაილოვის ციხეში მჯდარა ვინმე შ. ნიჟარაძე. ერთ-ერთ დოკუმენტში ვკითხულობთ: ,,ბაილოვის ციხეში სტალინი იჯდა მესამე კამერაში, იქ იჯდა ს. ორჯონიკიძე ... მესამე კამერიდან გაქცევა გვინდოდა და შემოვიყვანეთ შ. ნიჟარაძე’’.(179) ვინმე შალვა ვასილის ძე ნიჟარაძის ფოტო მოვიძიე თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს კართოტეკაში, თუმცა სხვა დამატებითი მასალას მასზეც ჯერჯერობით ვერ მივაკვლიე და ვაგრძელებ ამ მიმართულებით ძიებას.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ იოსებ ჯუღაშვილის შესახებ გამოსული ნაშრომების ავტორების ნაწილი, მასთან კავშირში ,,ნიჟარაძეს’’ სხვადასხვანაირად მოიხსენიებენ. მაგალითად, ვ. ს. კრასკოვა თავის წიგნში ,,დანაშაულობები კრემლის კედლებში’’ წერს: ,,დილეგი, რომელშიც მოხვდა ვიშინსკი იტევდა იმაზე მეტ ადამიანს, ვიდრე შესაძლებელი იყო. საწოლ ნარებზე ერთი ადგილი ეკავა ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ მარტში მოიყვანეს. პოლიციის დოკუმენტებში იგი აღნიშნული იყო როგორც გაიოზ ნიჟარაძე. პატიმრები მას კობას ეძახდნენ, ნამდვილი სახელი კი იყო იოსებ ბესარიონის ძე ჯუგაშვილი, ანუ სტალინი. კუთხეში მიყუჟული და ფეხებმოკეცილი, იგი ყველასათვის ზურგშექცეული... საათობით სწავლობდა ,,მომავლის ენას’’ ესპერანტოს’’.(180)

მ. ს. ალდანოვის სიტყვებით: ,,ლენინის მარჯვენა ხელი პირველი რევოლუციის ,,ჩავარდნის’’ შემდეგ ,,ექსპროპრიაციების’’ განხორციელებაში - იმ დროს უკვე ცნობილი კავკასიელი ,,ბოევიკი’’, რევოლუციური მეტსახელით ,,კობა’’, იგივე ,,დავითი’’, იგივე ,,ნიჟარაძე’’, იგივე ,,ჩიჟიკოვი’’, იგივე ,,ივანოვიჩი’’, იგივე ყოვლისშემძლე რუსი დიქტატორი იოსებ ბესარიონის ძე სტალინი-ჯუგაშვილი გახდა’’.(181) სხვა ავტორის, 1929 წელს დასავლეთ ევროპაში გაქცეული საბჭოთა დიპლომატის (ყოფილი მემარცხენე სოციალისტ-რევოლუციონერი) გ. ზ. ბესედოვსკის აზრით, სტალინს ძარცვების შესახებ ქმედებები შეთანხმებული ჰქონდა ლენინთან: ,,ი. ჯუგაშვილმა-კობა... დაიწყო თავისი ლიდერის განკარგულებების შესრულება და მიიღო ახალი მეტსახელი. ახლა მას ნიჟარაძეს ეძახდნენ. ამ მეტსახელით მან ბოევიკების საქმიანობის ხელმძღვანელობა დაიწყო. ნიჟარაძემ მალე იპოვა საბრძოლო ორგანიზაციის ძალიან კარგი ხელმძღვანელი სომეხი, გვარად პეტროსიანი’’.(182)

გ. ზ. ბესედოვსკის სიტყვებით, ნიჟარაძე-სტალინი არა მარტო ექსპროპრიაციებს ხელმძღვანელობდა, არამედ მათში თვითონაც მონაწილეობდა: ,,ნიჟარაძემ ისროლა თბილისში 1907 წლის 13 ივნისის ექსპროპრიაციის დროს პირველი ბომბი თავად სუმბატოვის სახლის სახურავიდან’’.(183)  სხვადასხვა მიზეზის გამო, ჯერჯერობით ვერ მოვიძიე საარქივო დოკუმენტები, რომლებიც დასახელებული ავტორების მოსაზრებებს დაადასტურებდა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მთელი რიგი ავტორები თვლიან სტალინი უშუალოდ ხელმძღვანელობდა და მონაწილეობდა 1907 წლის 13 ივნისის ექსპროპრიაციაში, ვფიქრობ ამ მიმართულებით კვლევის გაგრძელება საკმაოდ საინტერესო შედეგებს მოგვცემს. მით უმეტეს, აღმოჩნდა დღემდე უცნობი რამოდენიმე საარქივო საქმე, ასევე ცალკეული დოკუმენტები, სადაც 1907 წლის 13 ივნისს, ერევნის მოედანზე განხორციელებულ ექსპროპრიაციაში იოსებ ჯუღაშვილის უახლოესი გარემოცვის მონაწილეობის დამატებითი ეპიზოდების შესახებაა საუბარი.

რაც შეეხება ნიჟარაძეს, მისი ვინაობის ძიების პროცესში, ასევე გაირკვა, რომ ვინმე ,,თავადი ნიჟარაძე’’ მოხსენიებულია 1905 წლის ბოლოს და 1906 წლის დასაწყისში, საქართველოში მცხოვრებ ცნობილი მისტიკოსის და ფილოსოფოსის გიორგი ივანეს გურჯიევის წიგნში - ,,შეხვედრები გამოჩენილ ადამიანებთან’’.

ვინმე ,,თავადი ნიჟარაძე’’ დაახლოებით 1900-იანი წლების დასწყისში, გ. გურჯიევთან ერთად საიდუმლო (ეზოთერული) ცოდნის მოსაძიებლად, სპარსეთის ყურის ქვეყნებში წასული ექსპედიციის მონაწილე ყოფილა. არსებული ცნობებით, გ. გურჯიევის დასახელებულ წიგნში ,,თავად ნიჟარაძეს’’ ცალკე თავი ჰქონია მიძღვნილი, მაგრამ ავტორს გარკვეული მოსაზრებების გამო ეს თავი აღარ დაუბეჭდია.

ზოგიერთი ავტორი ,,თავადი ნიჟარაძის’’ ქვეშ იოსებ ჯუღაშვილს მოიაზრებს, რომელიც მათი აზრით გიორგი გურჯიევის მოსწავლე იყო და ამ პიროვნებების ურთიერთობას სხვადასხვა ინტერპრეტაციას აძლევენ. დღეისათვის გამოსულ პოპულარულ ოკულტურ, ეზოთერიკულ ლიტერატურაში, ასევე ინტერნეტ-რესურსებში მოიძიება უამრავი მასალა გიორგი გურჯიევის და სტალინი-ნიჟარაძის ურთიერთობის შესახებ. ეს ინფორმაციები საკმაოდ ჭრელი და ურთიერთგამომრიცხავია. საუბარია ისეთ თემატიკაზე – როგორიცაა ეზოთერულ-მისტიკური სკოლები, ოკულტური პრაქტიკა და ასე შემდეგ, რომლებიც ცდება ჩემი კომპეტენციის სფეროს. შესაბამისად, მათ როგორც გასაანალიზებელი დოკუმენტური მასალის სახით, ასევე არსებული ინფორმაციის სანდოობის და რეალობის კუთხით მათ ამ კვლევაში ვერ განვიხილავ.

კვლევის პროცესში მოძიებული დოკუმენტებიდან კი ჩანს, რომ გიორგი გურჯიევი 1906 წლის მარტ-აპრილში ასაფეთქებელი ნივთიერებების დამზადებას, ქალაქში ბარიკადული ბრძოლების წარმოებას, სხვა ,,სასარგებლო ჩვევებს’’, ცნობილი ,,ავლაბრის არალეგალურ სტამბის’’ ზედა სართულზე განლაგებულ ბინაში, ბოლშევიკებისგან და მენშევიკებისგან შემდგარ ექვს კაციან ჯგუფს ასწავლიდა. მეტიც, მთელი რიგი წყაროები, მას როგორც ამ ე.წ. ,,სამხედრო-ტექნიკური ჯგუფის’’ და ასევე ,,ავლაბრის არალეგალური სტამბის’’ გამცემად, პოლიციის აგენტად ასახელებენ. ამ საკითხისადმი საკმაოდ ვრცელი გამოკვლევა სათაურით - ,,მისი ნამდვილი ვინაობა’’(რეპლიკა პროფ. მ. კვესელავას), ალექსანდრე კოჭლავაშვილს აქვს მიძღვნილი, რომელიც მის  არქივში ინახება და დღემდე გამოუქვეყნებელია. მეტიც, იგი ავტორს გამოკვლევა რუსულადაც უთარგმნია, ოღონდ მის სათაურად რუსულად უწერია ,,გიორგი გურჯიევი - მეფის ,,ოხრანკის’’ აგენტი’’.(185)

ალექსანდრე კოჭლავაშვილის აზრით, გიორგი გურჯიევი მეფის ხელისუფლების ,,საიდუმლო აგენტი’’ იყო. თუმცა, ჩემს მიერ მოძიებული საარქივო მასალების ანალიზიდან გამომდინარე, გიორგი გურჯიევის, როგორც რუსეთის საიდუმლო პოლიციის აგენტად ყოფნა, იმ პერიოდში არ დასტურდება. პირიქით, როგორც ირკვევა იგი სოციალ-დემოკრატებთან საკმაოდ ყოფილა დაახლოებული. ,,სამხედრო-ტექნიკური ჯგუფის’’ წევრების მასწავლებლად რეკომენდაცია გიორგი გურჯიევისათვის, ერთი წყაროს ინფორმაციით - ბოლშევიკ მიხა ბოჭორიძეს, მეორე წყაროთი კი, ცნობილ მენშევიკ სილიბისტრო ჯიბლაძეს გაუწევიათ. ისე კი, საინტერესოა, რომ საბჭოთა პერიოდში გიორგი გურჯიევს მენშევიკადაც ასახელებდნენ.(186)

საარქივო დოკუმენტების მიხედვით, გიორგი გურჯიევი 1906 წლის იანვარში ხაშურში ცხოვრობდა. მეტიც, იგი სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტივისტებს და მათ შორის, ვლადიმერ (ვალერიან) ბილანოვს (ბილანიშვილი) ასაფეთქებელი ნივთიერებების დამზადებას ასწავლიდა.(187) სავარაუდოდ, სწორედ ეს უკანასკნელია დასახელებული, 1905 წლის შემოდგომაზე სომეხ-თათრების შეტაკების აცილების მიზნით შექმნილი, სოციალ-დემოკრატების ორივე ფრთის (მენშევიკები და ბოლშევიკები) შეიარაღებული რაზმების წევრად ილიკო იმერლიშვილთან, ალექსანდრე (საშა) ობოლაძესთან, გიგლა ბერბიჭაშვილთან და სხვებთან ერთად. სხვადასხვა ინფორმაციის მიხედვით, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ამ შეიარაღებულ რაზმებს მენშევიკების მხრიდან ისიდორე რამიშვილი, ხოლო ბოლშევიკებიდან იოსებ ჯუღაშვილი ხელმძღვანელობდნენ.

საყურადღებოა ისიც, რომ ზოგიერთი ავტორი თვლის არა გიორგი გურჯიევი, ან სხვა პიროვნება, თუ პირთა ჯგუფი, არამედ იოსებ ჯუღაშვილი იყო ,,ავლაბრის არალეგალური სტამბის’’ გამცემი. ამ საკითხს ეხებიან ლ. ტროცკი, ჩ. მალამუდა, ი. ლევინი, ბ. სუვორინი, დ. კენანი და სხვები.  მათი აზრით, აღნიშნული სტამბა, რომელიც თავიდან ბოლშევიკებს ეკუთვნოდათ, მენშევიკების ხელში გადავიდა, რამაც გამოიწვია ბოლშევიკების მიერ მისი ,,ჩაგდება’’. თუმცა, ,,ავიწყდებათ’’, ანდა არ იციან, რომ ,,ავლაბრის არალეგალური სტამბა’’, რომელიც სარდაფში იყო განლაგებული 1906 წლის მარტ-აპრილში აღარ ფუნქციონირებდა და სტამბის განთავსების ადგილის ზედა შენობის ოთახები, სწორედ ბოლშევიკ-მენშევიკების გაერთიანებული ე.წ. ,,სამხედრო-ტექნიკური ჯგუფის’’ ,,სამეცადინოდ’’ იყო გამოყენებული. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ ,,ავლაბრის არალეგალურ სტამბასთან’’ დაკავშირებული იყო, იმ პერიოდში იოსებ ჯუღაშვილის უახლოესი ამხანაგი, თანამებრძოლი მიხა ბოჭორიძე (ბოჭორიშვილი), ვფიქრობ ამ კუთხით დამატებითი კვლევებია ჩასატარებელი.

საზღვარგარეთულ არქივებში, ფონდებში, მათ შორის - საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს უამრავი მასალა და დოკუმენტები, რომლებიც ეხება იოსებ ჯუღაშვილის (სტალინი) ბიოგრაფიას. მაგალითად, ჩემს ხელთ არსებული მასალების ანალიზიდან გამომდინარე სტენფორდის უნივერსიტეტის (კალიფორნია) ჰუვერის ინსტიტუტის, ე.წ. რუსულ საარქივო მასალებში, ილინოისის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რუსულ საარქივო ფონდებში და სხვაგან, შესაძლებელია მოძიებულ იქნას პასუხები, თუნდაც ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში სავარაუდო მონაწილის, ვინმე ნიჟარაძის იოსებ ჯუღაშვილთან იგივეობის ან უარყოფის შესახებ.

და ბოლოს, ვფიქრობ ნაშრომში მოყვანილი დოკუმენტები და მათი ანალიზი, შესაძლებლობას იძლევა დავასკვნათ – ახალგაზრდა იოსებ ჯუღაშვილის (სტალინი) რევოლუციური წარსული და ზოგადად ბიოგრაფია არასაკმარისადაა შესწავლილი, შესაბამისად აუცილებელია ამ მიმართულებით დამატებითი კვლევების წარმოება.

 

P.S.

ნაშრომში მოყვანილი მასალების დიდი ნაწილი დღემდე უცნობი იყო ქართული საზოგადოებისათვის. მათ მოსაძიებლად უამრავი დრო და მხოლოდ საკუთარი სახსრები დავხარჯე.

დღევანდელ დღეს კი, საქართველოს, თუ საზღვარგარეთის არქივებში მასალების მოძიება საკმაოდ ძვირადღირებული პროცესია. სამწუხაროდ, მრავალი მცდელობის მიუხედავად ვერ მოვახერხე, როგორც საზღვარგარეთულ, ასევე ადგილობრივ, საქართველოში არსებულ სამეცნიერო კვლევების დაფინანსებაზე ორიენტირებულ ფონდებში დაფინანსების მოძიება.

მკითხველს, ვინც უკმაყოფილო დარჩება ჩემი ნაშრომებით, მინდა ვუთხრა, რომ ასეთ შემთხვევაში ზემოდასახელებულ ფონდებში ,,სასარგებლო’’ კავშირების წყალობით დაფინანსებული ავტორების წიგნები წაიკითხოს და შეადაროს ზემომოყვანილ კვლევას. შესაბამისადაც, სწორედ ამის შემდეგ გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ამ და სხვა ჩემი ნაშრომებისადმი.

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა და მასალები

1.         შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 704, გვერდი 1.

2.         ჟორდანია, ნ., ჩემი წარსული, თბილისი, ,,სარანგი”, 1990, გვ. 49-50.

3.         Ленин В.И. Партизанская война, Полное собрание сочинений, Том 14, Страница 152

4.         მკითხველს ალბათ არც თუ უსაფუძვლოდ გაუჩნდება ასოციაცია, 1990-იან წკლებში თბილისში მოქმედ ე.წ. საძმოებთან - `ვერის საძმო~, `ვაკის საძმო~ და სხვები. მასალების მცირეოდენი ანალიზიც კი საკმარისია, რომ ამ დროში აცდენილი, მსგავსი სახელის მქონე შეიარაღებული დაჯგუფებების საქმიანობაში ბევრი საერთო დავინახოთ, თუმცა ეს სხვა კვლევის საგანია და ამ თემას სიღრმისეულად არ შევეხებით.

5.         ფორია, იგივე ალექსანდრე ცაგურიშვილი, 1905-1912 წლებში ბორჯომის ტერიტორიაზე, საირმის ტყეებში `ბინადრობდა~, ტერორისტულ და ყაჩაღურ  საქმიანობას ეწეოდა. 1914-1917 წლებში თურქეთის ტერიტორიაზე მოქმედი ქართული ლეგიონის წევრი იყო. დღეს მისი სახელი ბევრს არაფერს ეუბნება ქართულ საზოგადოებას, მაგრამ აღნიშნულ პერიოდში იგი საკმაოდ ცნობილი პიროვნება იყო.

6.         შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 2, ნაწილი I, საქმე 25, გვერდი 52.

7.         შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 2, ნაწილი I, საქმე 25, გვერდი 54.

8.         შიმონ შებაგ Mონტეფიორე, Yოუნგ შტალინ, Vინტაგე Bოოკს, Nეწ Yორკ, 2008, Pაგე 151.

9.         შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 2, ნაწილი I, საქმე 25, გვერდი 54.

10.       თ. სიმაშვილი, სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტები ილია ჭავჭავაძის მკვლელები (ილიას მკვლელთა ვინაობისათვის), 2011, თბილისი.

11.       შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 2, ნაწილი I, საქმე 25, გვერდი 69.

12.       შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 376, გვერდი 1-3.

13.       უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება, ფონდი 318, აღწერა 1, საქმე 49, გვერდი 166-168.

14.       უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება, ფონდი 318, აღწერა 1, საქმე 49, ფურცელი 162.

15.       ბოლშევიკი ტერორისტი.

16.       ბოლშევიკი, ტერორისტი. მოკლულ იქნა თბილისში მას შემდეგ, რაც 1919 წლის 13 სექტემბერს ვერის დაღმართზე მან განახორციელა ტერორისტული აქტი, რომლის შედეგადაც ყუმბარით მძიმედ დაიჭრა დენიკინის პირადი წარმომადგენელი საქართველოში გენერალი ბარათოვი.

17.       კამო (სიმონ არშაკის ძე ტერ-პეტროსიანი), ბოლშევიკი, ექსპროპრიაციული და ტერორისტული აქტების ხელმძღვანელი, იოსებ ჯუღაშვილთან დაახლოებული პიროვნება.

18.       ილიკო იმერლიშვილის მეგობარი, მოკლეს 1914 წლის იანვარში თბილისში.

19.       რამანა თარაშვილი, დუშეთის მაზრაში არსებული სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბოლშევიკური ფრთის წარმოამდგენელი, ადგილობრივი ,,წითელი რაზმის” წევრი 1906 წელს, სავარაუდოდ ილია ჭავჭავაძის მეეტლის იაკობ ბითარიშვილის, რომლის მეორე გვარი იყო თარაშვილი ახლო ნათესავი

20.       ვანო ალხანიშვილი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი, ახლოს იყო ბოლშევიკებთან და მენშევიკებთან. ,,ვანო გურული’’ და ,,ხუნხუზი” იმ დროს მისი მეტსახელები იყო.

21.       შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 376, გვერდი 3

22.       შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 555, გვერდი 4

23.       შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 6, საქმე 309

24.       შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 6, საქმე 309, გვერდი 67.

25.       შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 6, საქმე 309, გვერდი 60.

26.       შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 6, საქმე 309, გვერდები 67-68.

27.       შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 6, საქმე 309, გვერდი 68.

28.       ვანო ბუჩაშვილი, იმ დროს სოციალისტ-რევოლუციური პარტიის წევრი, 1921 წლიდან ჩადგა ბოლშევიკების სამსახურში, მეგობრობდა გიგლა ბერბიჭაშვილთან, საბჭოთა პერიოდში იყო ე.წ. ,,პოლიტკატორღელების” ორგანიზაციის წევრი.

29.       შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 555, გვერდი 4.

30.       შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 704, გვერდი 1,2.

31.       საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 153, აღწერა 1, საქმე 793, გვერდი 209.

32.       საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 95, აღწერა 1, საქმე 9, გვერდი 27.

33.       გრიგალაშვილი, ნ., თანამდევი სული, 2011, ტ. II, თბილისი, გვ. 481-521.

34.       საუბარია ტიტე ჯაშზე, ის იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის, ბოლშევიკურად განწყობილი შეიარაღებული დაჯგუფების წევრი, ტერორისტი.

35.       გრიგალაშვილი, ნ., თანამდევი სული, 2011, ტ. II, თბილისი, გვ. 481-521.

36.       შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 555, გვერდები 35.

37.       შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 555, გვერდები 9-10.

38.       აქ კვლავ საუბარია ტიტე

39.       შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 555, გვერდი 13.

40.       შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 555, გვერდები 35

41.       აქვსენტი სიდამონიძე, კახეთში მოქმედი ,,წითელი რაზმების” ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ტერორისტი, მეტსახელად ,,ნადირი”, მოკლეს 1907 წელს.

42.       სანდრო ყაველაშვილი, მეტსახელად ,,ძია’’, კახეთში მოქმედი ,,წითელი რაზმების” აქტიური წევრი, თელავში დახვრიტეს 1919 წელს ყაჩაღობის ბრალდებით .

43.       შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 2(1), საქმე 2, გვერდი 97-100.

44.       დუშეთის მაზრაში მოქმედი ერთ-ერთი ,,წითელი რაზმის” ხელმძღვანელი.

45.       შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 2(1), საქმე 2, გვერდი 144-146

46.       საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 94, აღწერა 1, საქმე 53, გვერდი 96. 

47.       შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 2(1), საქმე 11, გვერდი 97-100.

48.       საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის არქივი, ფონდი 2417, აღწერა 1, საქმე 236, გვერდი 3.

49.       35 საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის არქივი, ფონდი 2417, აღწერა 1, საქმე 236, გვერდი 3.

50.       შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 35, გვერდი 1-2.

51.       აქაც საუბარია თელავის მახლობლად, ე.წ. ნასომხართან 1906 წელს ფულის გატაცებაზე.

52.       თელავის ისტორიული მუზეუმი, ,,კახეთში 1905 წ. რევოლუციური მოძრაობის ამსახველი მასალა, 1905-1907 წლებში ი.ბ. სტალინის მოღვაწეობის სესახებ კახეთში’’, არშაკა არუთინოვის მოგონება, გვერდი 5.

53.       საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 17, აღწერა 1, საქმე 6341, გვერდები 33-34.

54.       საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 17, აღწერა 1, საქმე 6341, გვერდი 34.

55.       საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 94, აღწერა 1, საქმე 45, გვერდები 46-48.

56.       საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 94, აღწერა 1, საქმე 45, გვერდი 61.

57.       საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 17, აღწერა 1, საქმე 5869, გვერდი 167.

58.       კახეთის რეგიონალური არქივი, თელავის რაიონი, ფონდი 467, აღწერა 6, საქმე 1, გვერდი 4.

59.       საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 94, აღწერა 1, საქმე 45, გვერდი 65.

60.       სიტყვა კოლექტივისტის მნიშვნელობა გაშიფრულია თვით თავად ბარათოვის მიერ ერთ-ერთ დოკუმენტში. იგი ჩამოთვლის თელაველ ,,ჯგუფისტებს“ და მათ ნაწილზე ამბობს რომ ,,ესენი არიან კოლექტივისტები სოციალ-დემოკრატიული პარტიის, ანუ მთავარი წამმართველები“ - სსცა, ფონ. 94, აღ. 1, საქ. 45, გვ. 65.

61.       საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 115, აღწერა 1, საქმე 2590, გვერდი 14.

62.       შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 94, აღწერა 2, საქმე 1124, გვერდი 6.

63.       საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 17, აღწერა 1, საქმე 7217, გვერდი 11.

64.       საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 94, აღწერა 1, საქმე 45, გვერდი 57.

65.       საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 113, აღწერა 27, საქმე 726, გვერდი 15.

66.       საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 153, აღწერა 1, საქმე 1582, გვერდი 4.

67.       საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 113, აღწერა 27, საქმე 726, გვერდი 30.

68.       შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 2(1), საქმე 310, გვერდი 307; შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 2(1), საქმე 17, გვერდი 38-82.

69.       შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 6, საქმე 309, გვერდი 180.

70.       შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 6, საქმე 17, გვერდები 38-40.

71.       შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 6, საქმე 17, გვერდები 41-42.

72.       შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 11, გვერდები 2-6.

73.       შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 11, გვერდები 7,9.

74.       ს. აივაზაშვილი დაკრძალულია თელავში, ე.წ. მაწანწრის ახლოს მდებარე ,,ძმათა სასაფლაოზე’’

75.       შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 11, გვერდები 2-6.

76.       ქეთო ზარაფიშვილი იყო ცნობილი პუბლიცისტის და საზოგადო მოღვაწის ილია ზარაფიშვილის ძმიშვილი.

77.       შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 9, გვერდები 3-5.

78.       შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 2 (1), საქმე 58, გვერდი 10.

79.       თელავის ისტორიული მუზეუმი, `კახეთში 1905 წ. რევოლუციური მოძრაობის ამსახველი მასალა, 1905-1907 წლებში ი.ბ. სტალინის მოღვაწეობის შესახებ კახეთში~, არშაკა არუთინოვის მოგონება, გვერდი 6-8.

80.       ალექსანდრე მამულაშვილი, თელავის მუზეუმის ყოფილი დირექტორის არქივი, `მოგონებები სტალინის კახეთში მოგზაურობის შესახებ~.

81.       საუბარია 1906 წელს თელავის მახლობლად, კისისხევის ბოლოზე, ე.წ. ნასომხართან, ვანო ალიხანაშვილთან ერთად თავდასხმაში მონაწილე გიო ძულიაშვილზე.

82.       ალექსანდრე მამულაშვილი, თელავის მუზეუმის ყოფილი დირექტორის არქივი, ,,მოგონებები სტალინის კახეთში მოგზაურობის შესახებ’’.

83.       ლექსანდრე მამულაშვილი, თელავის მუზეუმის ყოფილი დირექტორის არქივი, ,,მოგონებები სტალინის კახეთში მოგზაურობის შესახებ’’.

84.       ალექსანდრე მამულაშვილი, თელავის მუზეუმის ყოფილი დირექტორის არქივი, ,,მოგონებები სტალინის კახეთში მოგზაურობის შესახებ’’.

85.       ლექსანდრე მამულაშვილი, თელავის მუზეუმის ყოფილი დირექტორის არქივი, ,,მოგონებები სტალინის კახეთში მოგზაურობის შესახებ’’.

86.       შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 2, ნაწილი 2, საქმე 24, გვერდები 38-45.

87.       შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 2, ნაწილი 2, საქმე 24, გვერდი 43.

88.       იოსებ ჯუღაშვილის თანასემინარიელი.

89.       შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 2, ნაწილი 2, საქმე 24, გვერდი 43.

90.       შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 2, ნაწილი 2, საქმე 24, გვერდი 43.

91.       შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 2, ნაწილი I, საქმე 11, გვერდები 97-100.

92.       შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 2, ნაწილი I, საქმე 11, გვერდები 97-100.

93.       შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 6, საქმე 309, გვერდი 51.

94.       შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 94, აღწერა 2, საქმე 855, გვერდი 2.

95.       თ. სიმაშვილი, ,,ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მეოთხე მონაწილის დაფარვის მიზეზები საბჭოთა პერიოდში”(ილიკო იორდანეს ძე იმერლიშვილის და იოსებ ჯუღაშვილის კავშირები), ,,ცისკარი”, # 11-12, 2012.

96.       შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 553.

97.       საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 17, აღწერა 1, საქმე 7915, გვერდი 3.

98.       შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 2, ნაწილი 2, საქმე 24.

99.       არსებობს ინფორმაცია, რომ ამ დროს იოსებ ჯუღაშვილი ,,კონკიდან’’ გადმოვარდა და სახეზე დაზიანებები ასე მიიღო, ზოგი ცნობით კი პოლიციამ თუ ჟანდარმებმა სცემეს. არსებობს ასევე მასალები, რომლებიც იძლევა ამ ფაქტის სხვა კუთხით ინტერპრეტაციის საშუალებას.

100.     შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 2, ნაწილი 2, საქმე 5, გვერდი 91.

101.     შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 558, აღწერა 4, საქმე 658, გვერდები 222-223.

102.     შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 1111, გვერდები 3-5.

103.     აღსანიშნავია, რომ გიორგი ტატიშვილის მიერ დაწერილ მოგონებებში ილია ჭავჭავაძის მკვლელობისადმი, ასევე მკვლელობის მონაწილე პირებისადმი დამოკიდებულება დროთა განმავლობაში -1936-1937 წლამდე და შემდეგ პერიოდში – დადებითიდან უარყოფითისკენ იცვლებოდა. მაგალითად, მისი ნაწერების მიხედვით გიგლა ბერბიჭაშვილი, თუ მანამდე ცნობილი რევოლუციონერი და აქტიური ,,წითელ რაზმელი’’ იყო, 1940-იან წლებში სისხლის სამართლის დამნაშავედ ,,იქცა”. ჩანს ამ უკანასკნელის სასამართლო პროცესმა 25 დეკემბერი 1941 წელი – 5 იანვარი 1942 წელი, გ. ტატიშვილს `თვალები აუხილა~.

104.     გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ალექსანდრე კოჭლავაშვილის ფონდი, საქმე 48-5, გვერდი 2.

105.     უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება, ფონდი 267, აღწერა 1, საქმე 58, გვერდები 3-4.

106.     გიორგი მახარაძე, პირველი ფერეიდნელები, რომლებმაც წინაპართა სამშობლო მოინახულეს. ჟურნალი `გზა~, 3 (397), 17-23 იანვარი, 2008.

107.     იაკობ გოგებაშვილი, `პატარა საქართველო სპარსეთში (ისტორიული მოთხრობა)~ ჰტტპ://წწწ.ურაკპარაკი.ცომ/?მ=13&Fორუმ=20&თჰემე=297&სტ=20).

108.     სამსონ ფირცხალავა, ,,მაჰმადიანი ქართველები საქართველოს გარედ სპარსეთში’’, ჰტტპ://წწწ.აი-ია.ინფო/ონლინე-არქივი/111-სამსონ-პირცხალავა-მაჰმადიანი-ქარტველები-საქარტველოს-გარედ.ჰტმ.

109.     სამსონ ფირცხალავა, `ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების გარშემო~ (ჰტტპ://წწწ.ირეპორტერ.გე/ილია-ტცჰავტცჰავადზის-გარდატსვა/).

110.     გიორგი ლასხიშვილი, მემუარები (ჰტტპ://წწწ.წებმიხ.გე/ვვი/დოც.პჰპ?დოც=902).

111.     სამსონ ფირცხალავა, `ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების გარშემო~ (ჰტტპ://წწწ.ირეპორტერ.გე/ილია-ტცჰავტცჰავადზის-გარდატსვა/).

112.     საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 95, აღწერა 1, საქმე 48.

113.     საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 95, აღწერა 1, საქმე 48, გვერდი 83.

114.     თენგიზ სიმაშვილი, თბილისის ,,ოხრანკის“ განყოფილების აგენტი დიმიტრი ჯაში და სოციალისტ-ფედერალისტები, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. IV, თბილისი, გამომცემლობა `მერიდიანი~, 2012.

115.     საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 153, აღწერა 1, საქმე 1834, გვერდები 1-9.

116.     ალექსანდრე კოჭლავაშვილი მუშაობდა სხვადასხვა პარტიულ და სახელმწიფო ორგანოებში. 1941 წლის 23 მაისიდან 6 აგვისტომდე მუშაობდა სსსრ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო ნაწილის უფროსად. ამ დროს რამოდენიმეჯერ დაკითხული ჰყავს გიგლა ბერბიჭაშვილი. იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. სხვა თემატიკასთან ერთად 1950-1960-იან წლებში ნაყოფიერად მუშაობდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მასალებზე.

117.     საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ალექსანდრე კოჭლავაშვილის ფონდი, წინამძღვრიანთკარის მცხოვრებლების მოგონებები, #27433.

118.     საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ალექსანდრე კოჭლავაშვილის ფონდი, წინამძღვრიანთკარის მცხოვრებლების მოგონებები, #27433.

119.     საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება, ფონდი 267, აღწერა 1, საქმე 58, გვერდი 3-4.

120.     საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება, ფონდი 267, აღწერა 2, საქმე 10, გვერდი 26-34.

121.     საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ალექსანდრე კოჭლავაშვილის ფონდი, გიორგი ტატიშვილის ხელნაწერი.

122.     საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება, ფონდი 303, აღწერა 1, საქმე 1059, გვერდი 1-14. 

123.     საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება, ფონდი 267, აღწერა 2, საქმე 10, გვერდი 26-34. 

124.     საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტარატურისა და ხელოვნების განყოფილება, ფონდი 267, აღწერა 1, საქმე 58, გვერდი 3-4.

125.     საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება, ფონდი 267, აღწერა 1, საქმე 48, გვერდი 1-16.

126.       საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება, ფონდი 267, აღწერა 2, საქმე 10, გვერდი 26-34.

127.     საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება, ფონდი 267, აღწერა 1, საქმე 58, გვერდი 3-4.

128.     საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება, ფონდი 267, აღწერა 2, საქმე 10, გვერდი 26-34.

129.     საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება, ფონდი 267, აღწერა 2,  საქმე 10, გვერდი 31.

130.                  თენგიზ სიმაშვილი, უახლესი დოკუმენტები და ილია ჭავჭავაძის მკვლელობა(ილიას მკვლელობიდან გასული 105 წელი), თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. VI, თბილისი, გამომცემლობა ` მერიდიანი~, 2012.

131.     ნოდარ გრიგალაშვილი, ერთი უნიკალური ფოტოს გამო, გაზეთი `24 საათი~, 26 ივნისი, 2012 წელი.

132.     შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, 9ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი, ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 858, გვერდი 8.

133.     შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 166, გვერდი 8.

134.     შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 166, გვერდი 8

135.     საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ალექსანდრე კოჭლავაშვილის ფონდი, ბერბიჭაშვილი ირანში.

136.     შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ,,გიორგი პლატონის (პეტრეს) ძე ბერბიჭაშვილის  ბრალდების საქმე მწერალ ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში’’, ფონდი 8, აღწერა 25, საქმე 683

137.     ოდიშვილი, ი., `წიწამურის ტრაგედია”, თბილისი, სახელმწიფო გამომცემლობა, 1953, გვერდი 60.

138.     სამეურნეო ბანკი მართლაც გაძარცვეს 1906 წლის აპრილის დასაწყისში და მოკლეს ბანკის გამგეობის თავმჯდომარე გ.ს. განძიელი.

139.     შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ,,გიორგი პლატონის (პეტრეს) ძე ბერბიჭაშვილის  ბრალდების საქმე მწერალ ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში’’, ფონდი 8, აღწერა 25, საქმე 683, გვერდები 112-114.

140.     შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 278, გვერდი 3.

141.     ებანოიძე, ლ., ,,საქართველოს ბოლშევიკური ორგანიზაციები 1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში”, თბილისი, ,,საბჭოთა საქართველო”, 1959, გვერდი 319.

142.     საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 94, აღწერა 1, საქმე 2, გვერდი 21.

143.     ,,რევოლუციის მატიანე”, თბილისი, #1, 1925, გვერდი 105.

144.     გრიგალაშვილი, ნ., ,,თანამდევი სული“, 2011, ტ. II, თბილისი, გვ. 481-521.

145.     შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ,,გიორგი პლატონის (პეტრეს) ძე ბერბიჭაშვილის  ბრალდების საქმე მწერალ ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში’’, ფონდი 8, აღწერა 25, საქმე 683.

146.     ფონდი 8, აღწერა 25, საქმე 683, გვერდები112-114.

147.     ბადრიძე, შ., ,,წიწამურის ტრაგედიის გამოცანები”, ,,სახალხო განათლება”, 1990, 26 აპრილი.

148.     საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 94, აღწერა 1, საქმე 124, გვერდი 30.

149.     შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ,,გიორგი პლატონის (პეტრეს) ძე ბერბიჭაშვილის  ბრალდების საქმე მწერალ ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში’’, ფონდი 8, აღწერა 25, საქმე 683 ფონდი 8, აღწერა 25, საქმე 683, გვერდები 42.

150.     საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 95, აღწერა 1, საქმე 7, გვერდი 4.

151.     საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 153, აღწერა 1, საქმე 793, გვერდი 188.

152.     საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ,,დიმიტრი ჯაშის დაპატიმრების საქმე”, ფონდი 20, აღწერა 2, საქმე 107.

153.     საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ,,დიმიტრი ჯაშის დაპატიმრების საქმე”, ფონდი 20, აღწერა 2, საქმე 107, გვერდები 6, 10, 33.

154.     უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება, ფონდი 215, აღწერა 1, საქმე 19, გვერდი 431.

155.     საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ,,დიმიტრი ჯაშის დაპატიმრების საქმე”, ფონდი 20, აღწერა 2, საქმე 107, გვერდი 24-27.

156.     საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ,,დიმიტრი ჯაშის დაპატიმრების საქმე”, ფონდი 20, აღწერა 2, საქმე 107, გვერდი 6-8.

157.     ხუციშვილი, ი., ,,1905-1907 წლების რევოლუცია საქართველოში”, თბილისი, სახელგამი, 1955, გვ. 361-362.

158.     საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ,,ილია ჭავჭავაძის მკვლელობსი გამოძიების საქმე”,ფონდი 116, აღწერა 1, საქმე 13363, გვერდი 105.

159.     შიმონ შებაგ Mონტეფიორე, Yოუნგ შტალინ, Vინტაგე Bოოკს, Nეწ Yორკ, 2008, Pაგე 152.

160.     შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 948, გვერდი 2.

161.     შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 948, გვერდები 2, 5.

162.     შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 948, გვერდი 6.

163.     შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 2, ნაწილი I, საქმე 8, გვერდები 155-157.

164.     პ. ევტუშევსკი იძიებდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობას.

165.     საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 97, აღწერა 2, საქმე 35, გვერდი 26.

166.     გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ალექსანდრე კოჭლავაშვილის ფონდი, დარია ჯაშის ნაამბობი, ჩაწერილი 1957 წელს, ქ. ბათუმი, 48-ხ, გვერდი 12; თ. სიმაშვილი, სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტები ილია ჭავჭავაძის მკვლელები, თბილისი, 2011, გვერდი 114.

167.     საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 97, აღწერა 2, საქმე 35, გვერდი 25.

168.     თ. სიმაშვილი, სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტები ილია ჭავჭავაძის მკვლელები,  თბილისი, 2011, გვერდი 70.

169.     შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 5, საქმე 207, გვერდი 27.

170.     А. В. Островский,‘’Кто стоял за спиной Сталина?’’, Москва, 2004, Страница 291.

171.     შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 5, საქმე 207, გვერდი 53.

172.     საუბარია ბათუმზე სადაც არსებობდა თბილისის ,,ოხრანკის~ ქვემდებარე განყოფილება ე.წ. ბათუმის ,,ოხრანკის’’ პუნქტი.

173.     თ. სიმაშვილი საიდუმლო (პოლიტიკური) პოლიცია რევოლუციონერების წინააღმდეგ საქართველოში 1894-1908 წლებში, თელავი, 2003.

174.     შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 5, საქმე 207, გვერდი 28.

175.     საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 94, აღწერა 1, საქმე 157, გვერდი 34.

176.     ლ. ბერია ,,ამიერკავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციების ისტორიის საკითხისათვის~. (მოხსენება თბილისის პარტაქტივის კრებაზე 1935 წლის 21-22 ივლისს) მეექვსე გამოცემა, 1945 წელი, გვერდები 208-209.

177.     საინტერესოა, რომ სტალინს, ისევე როგორც სხვა უამრავ ადამიანს ჰქონია თავისი ჰობი. აღმოჩნდა, რომ სტალინი აგროვებდა საათებს. 1940-1949 წლებში `სოვნარკომის~ (საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭო) საქმეების მმართველი ი. ე. ჩაადაევის მოგონებაში აღნიშნულია, რომ სტალინი აგროვებდა საათებს და ჰქონდა კოლექცია. მათ შორის მაჯის და ასევე ე.წ. ჯიბის საათების. Г. А. Куманев,  Говорят сталинские наркомы, Смоленск, 2005, Страница 512.

178.     შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 2, ნაწილი I, საქმე 42, გვერდები 33-39.

179.     В. С. Краскова, Преступления за кремлевской стеной, Минск, 1999. Страница 113–114.

180.     Е. Н. Гусляров, Сталин в жизни: систематизированный свод воспоминаний современников ..., Москва, 2003, Страница 60.

181.     Г.З. Беседовский, На путях к термидору, Париж, 1931, Страница 350.

182.     Г.З. Беседовский, На путях к термидору, Париж, 1931, Страница 351.

183.     გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ალექსანდრე კოჭლავაშვილის ფონდი, საქმე 269.

184.     ‘’Заря Востока’’, 20. 08. 1937.

185.     საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 153, აღწერა 1, საქმე 761, გვერდი 51.

186.     საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 153, აღწერა 1, საქმე 761, გვერდი 51.