თელავი და ხელოსნური წარმოება
თენგიზ სიმაშვილი,სსიპ თელავის იაკობ
გოგებაშვილის სახელობისთელავის სახელმწიფო
უნივერსიტეტი,ისტორიის მეცნიერებათა
დოქტორი
სამეცნიერო შრომების კრებული No. 1(35) (2022):
https://journals.4science.ge/index.php/TUW/article/view/1691
აბსტრაქტი:
საქართველოს
უძველესი ქალაქი თელავი, უძველესი საქარავნო „აბრეშუმის დიდი სავაჭრო გზის“ ერთ-ერთ
მთავარ არტერიაზე მდებარეობდა, მრავალი წლის მანძილზე იყო კახეთის სამეფოს დედაქალაქი
და კახეთის მეფეთა რეზიდენცია. თელავი ერთგვარ მიზიდულობის ცენტრს წარმოადგენდა და
აქ სამუშაოდ, სავაჭროდ თუ საცხოვრებლად მოდიოდნენ სხვადასხვა დარგის ხელოსნები, ვაჭრები
და მოგზაურები.
საუკუნეების
განმავლობაში თელავში ხელოსნობის განვითარება, შედარებით მაღალ დონეზე იდგა - ამ დროს
უკვე არსებობდა ხელოსნების პროფესიული გაერთიანებები - ,,ამქრები’’ თავისი იერარქიით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ქალაქებიდან მხოლოდ თელავში არსებობდა ე.წ. „ამქრის
ბაღები“.
რუსეთის
იმპერიის მიერ საქართველოს ძალდატანებითი მიერთების შედეგად მართალია თელავმაც დაკარგა
თავისი მნიშვნელობა - იგი პროვინციულ ქალაქად
იქცა და სამაზრო ცენტრის ფუნქცია დაეკისრა. ამის მიუხედავად, საქალაქო ცხოვრება და
მისი შემადგენელი ნაწილი - ხელოსნური წარმოება ამ პერიოდის თელავში საკმაოდ განვითარებული
იყო.
საბჭოთა პერიოდში, 1920-იანი წლების ბოლოს ხელოსნური
წარმოების განვითარებას საკმაოდ დიდი დარტყმა ფაბრიკა-ქარხნების რაოდენობის ზრდამ მიაყენა.
გარდა ამისა, ამ დროს იწყება ინდივიდუალური შრომის შეზღუდვა და ქალაქად ხელოსნებს აიძულებდნენ
გაერთიანებულიყნენ არტელებში. სხვადასხვა მიზეზის გამო ხელოსნების ნაწილი არტელებში
არ ერთიანდებოდნენ, რაც 1920-იანი წლების ბოლოს მათზე რეპრესიების გამხორციელების მიზეზად იქცა.
დღეს,
ისევე როგორც სხვა ქალაქებში თელავში ძველი ხელოსნური წარმოების კვალი თითქმის აღარაა
შემორჩენილი, გაქრა ,,ამქრის ბაღებიც“, მათი ადგილი თანამედროვე შენობებმა და სხვადასხვა
დაწესებულებებმა დაიკავა.
საკვანძო სიტყვები: ქალაქები, ვაჭრობა, ხელოსნობა, ამქრები, არტელები
ტექსტი:
არქეოლოგიური კვლევების შედეგად დასტურდება,
რომ დღევანდელი თელავის ტერიტორიაზე პირველი დასახლება გვიანდელი ბრინჯაოს ეპოქაში
გაჩნდა. თელავის ისტორიულ მუზეუმში დაცულია, თელავის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე
აღმოჩენილი უამრავი ნივთი, საუბარია ხელოსნურ ნაწარმზე, რომელიც, როგორც ჩანს ადგილობრივი
წარმოების იყო - თიხის, ლითონის ჭურჭელი, ბრინჯაოს, სპილენძის, რკინის სამეურნეო და
საბრძოლო იარაღები და სხვ. სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობების ნაშთები ადასტურებენ,
რომ ელინიზმის პერიოდში თელავი კიდევ უფრო გაიზარდა და განვითარდა, ხოლო გვიანდელ ანტიკურ
ხანაში მის ბაზაზე წარმოიქმნა ქალაქური ტიპის დასახლება.
X საუკუნის
არაბი მოგზაურ-გეოგრაფი, მკვლევარი ალ-მუკადასიც (მუკკადისი). იგი ჩამოთვლის რა თავისი
დროის დიდ და მნიშვნელოვან ქალაქებს - თბილისს, შამქორს, განჯას, შემახას, შარვანსა
და სხვა, თელავსაც (არაბული ტრანკრიპიით ,,თებლა“), მათ რიგში აყენებს. [Н. А. Караулов.
1881-1915: 3-6]
როგორც
ჩანს, თელავი იმ დროისათვის საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ყოფილა. უნდა ვივარაუდოთ,
რომ სანამ დიდი გეოგრაფიულ აღმოჩენები დაიწყებოდა, იგი როგორც „აბრეშუმის დიდი სავაჭრო
გზის“ ნაწილი, ღირსეულად მასპინძლობდა ევროპიდან და აზიიდან მოსულ ვაჭარ-მექარავნეებს
და დიპლომატ მოგზაურებს.
XVIII საუკუნის დიდი ქართველი განმანათლებელი, ისტორიკოს-გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი,
რომელიც, თელავს, როგორც ქალაქს საქართველოს სხვა ახალი ქალაქების მსგავსად X საუკუნით
ათარიღებს. [ვახუშტი, 1941:100]
თელავის, როგორც ქალაქის განვითარება და წინსვლა
საკმაოდ შეაფერხა 1614-1617 წლებში შაჰ-აბას I-ის ოთხგზის მოწყობილმა ლაშქრობებმა საქართველოში,
ძირითადად კი კახეთში, რის შედეგადაც თითქმის ყველა დასახლებული პუნქტი და სოფელი განადგურდა.
მართალია სრულ განადგურებას თელავი გადაურჩა, მაგრამ მოსახლეობისგან დაცლილი კახეთის
სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია ძალიან უარყოფითად აისახა თელავის საქალაქო ცხოვრების
განვითარებაზე. პირველი ის რომ, აღარ იყო მოთხოვნა ხელოსნურ ნაწარმზე, მეორეს მხრივ
კი, არ იშოვებოდა ნედლეული, რითაც სხვადასხვა საქონელი მზადდებოდა.
თელავის ხელახალი აღორძინება და წინსვლა იწყება
XVII ს-ის მეორე ნახევარში, როდესაც კახეთის მეფე არჩილ II-მ (1664-1675 წწ.) განადგურებული
და დანგრეული გრემიდან კახეთის სამეფო რეზიდენცია თელავში გადმოიტანა. 1703 წლიდან
მოკიდებული კი, XIX საუკუნის დასაწყისამდე თელავი ქართლ-კახეთის მეფეთა სამყოფელი გახდა
და იქცა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებისა და სულიერი კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან
ცენტრად. [ვახტანგიშვილი, თ., სიმაშვილი, თ., 2020:27]
თელავი
მჭიდროდ არის დაკავშირებული მეფე ერეკლე II-ს სახელთან და მართლაც მან ქალაქის აღორძინებასა
და მის შემდგომ განვითარებაში უდიდესი ღვაწლი გასწია. გარდა ამისა განაახლა ე.წ.
,,ბატონის ციხე’’, რომელსაც არჩილ II-ემ ჩაუყარა საფუძველი. ერეკლე II-ს დროს, მიუხედავად
,,ლეკიანობისა’’ და კახეთის სამეფოს წინაშე მდგარი სხვა უამრავი გამოწვევისა, აღმოსავლეთ
საქართველოში იწყება ეკონომიკური აღმავლობა - თბილისი, გორი, თელავი, სიღნაღი და სხვა
ქალაქები ეკონომიკური განვითარების გზას დაადგნენ.
ამას ადასტურებს ამ ქალაქებში მიმდინარე აღმშენებლობა, ხელოსნობისა და ვაჭრობის განვითარება,
მანუფაქტურული ტიპის საწარმოების გაჩენა.
XVIII-ს-ის თელავში ხელოსნობის განვითარება, შედარებით მაღალ
დონეზე იდგა - ამ დროს უკვე არსებობდა ხელოსნების პროფესიული გაერთიანებები - ,,ამქრები’’
თავისი იერარქიით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ქალაქებიდან მხოლოდ თელავში არსებობდა
ე.წ. „ამქრის ბაღები“. ეს იყო სპეციალური ბაღები,
სადაც შესაბამისი დარგის ხელოსნები დროგამოშვებით იკრიბებდნენ, მართავდნენ ნადიმებს.
აქვე ხდებოდა შეგირდების ოსტატად დალოცვა, ანუ, შეგირდების ამა თუ იმ დარგის ოსტატთან
მიღებული ცოდნის ოფიციალური აღიარება ხდებოდა. [აბესაძე, 1979:45-50;
ნანობაშვილი, 1963:511-513]
რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ძალდატანებითი
მიერთების შედეგად საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად, თელავმაც დაკარგა თავისი მნიშვნელობა.
იგი პროვინციულ ქალაქად იქცა და სამაზრო ცენტრის ფუნქცია დაეკისრა. ამის მიუხედავად,
საქალაქო ცხოვრება და მისი შემადგენელი ნაწილი - ხელოსნური წარმოება ამ პერიოდის თელავში
საკმაოდ განვითარებული იყო. XIX საუკუნეში თელავის სხვადასხვა უბანში განლაგებული იყო
უამრავი სავაჭრო დუქანი და სახელოსნოები. თელავში მცხოვრები ხელოსნები ძირითადად იყვნენ:
მკერავები - „დერციკები“ (თერძები), ხარაზები (ფეხსაცმლის მკერავები და შემკეთებლები),
მეწაღეები (მეჩექმეები), დურგლები (ხის მასალაზე მომუშავენი), კალატოზები (ქვით ხუროები,
სახლის მშენებლები), მჭედლები (რკინის საყოფაცხოვრებო იარაღის და ნივთების დამამზადებლები),
ოქრომჭედლები (ოქროსა და ვერცხლის ლითონისაგან ბეჭდებისა და სამკაულების დამამზადებელნი),
მეჭურჭლეები (მეთუნეები - თიხისაგან საოჯახო ჭურჭლის დამზადების ოსტატები, მეთონე-მექვევრეები),
რომლებიც იმის გამო, რომ ფლობდნენ ჭურჭლის გამოსაწვავ ქურებს ითავსებდნენ მესაკირეობასაც.
თუმცა, ასევე იყვნენ მხოლოდ კირის გამოწვის ოსტატებიც, ანუ საკირეების მშენებელები და სპეციალური საკირე ქვების
კირად ქცევის - გამოწვის ოსტატები; მეკრამიტეები(სახლის გადახურვის მასალის დამამზადებლები),
დაბაღები (ტყავის დამამზადებლები), მეუნაგირეები, მექვაბეები (სპილენძის ლითონისაგან
საოჯახო და არყის სახდელი ქვაბების დამამზადებელნი), ჭონები (საქონლის ტყავისგან თასმების
მკეთებელნი) ნალბანდები (შინაურ პირუტყვზე ცხენისა და ხარის ფეხებზე ნალების დამკვრელნი),
მეკუპრეები(ღვინის ტიკების (რუმბების) დამამზადებლები), თოკის მგრეხელები, მეუნაგირე,
და სხვ. მუშაობდა ფურნეები, საკონდიტროები, აგურის, კრამიტისა და ჭურჭლის ქარხნები
და სხვ. [ვახტანგიშვილი, თ., სიმაშვილი, თ., 2020:59]
უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ - 1852
წელს თელავში უცხოვრია 5325 ადამიანს, აქედან 2929 მამაკაცს, 2387 ქალს, მდგარა
567 ქვის, 129 ხის, ხოლო 185 წნულის სახლი. ქალაქში ყოფილა 32 ქუჩა, ერთი მოედანი,
ორი ხიდი, ერთი აბანო. ქალაქის სხვადასხვა უბანში განლაგებული ყოფილა 267 დუქანი. ამ წელს
თელავში ყოფილა 6 დურგალი, 5 ოქრომჭედელი,
3 მღებავი, 19 მეჩექმე, 13 მჭედელი, 2 ფეიქარი, 2 თოკის მგრეხელი, 19 მკერავი,
4 მეუნაგირე, 3 მეკრამიტე, 10 მეჭურჭლე. [მელითაურის ფონდი, 1972:2] ასევე ყოფილა
- ფურნე, საკონდიტრო, ტყავის, კერამიკის და ჭურჭლის ქარხნები. 1863 წელს ქალაქ თელავში
- 31 აგურის და 8 კრამიტის ქარხანა, 7 საკირე,
3 დაბახანა, 6 სამღებრო ფუნქციონირებდა. [ალაზნის განთიადი,
1967]
XIX საუკუნის მეორე ნახევარი ის ხანაა, როდესაც
ხელოსნობისა და ვაჭრობის ზრდასთან ერთად თელავში იზრდება მოსახლეობის რიცხვიც. დღითიდღე
ემატებოდა საცხოვრებელი სახლები დარაბებით (განსაკუთრებით დღევანდელი ბიძინა ჩოლოყაშვილის,
უწინდელი 1 მაისის ქუჩაზე). ერთი თუ ორსართულიანი სახლების პირველ სართულზე და ნახევარსადაფების
დარაბიან ფანჯრებში, მოთავსებული იყო სახელოსნოები და სავაჭროები. [ვახტანგიშვილი,
თ., სიმაშვილი, თ., 2020:53]
1884 წლის შემოდგომაზე ილია ჭავჭავაძეს დაუთვალიერებია
თელავში ახლადგახსნილი გლეხ ქალთა სკოლა და ამ ინფორმაციისთან კავშირში თანამედროვე
ასე წერს თელავზე - ,,სივრცე ამ ქალაქისა იქმნების - სიგრძე 2 ვერსი და სიგანე ერთი
და მეოთხედი ვერსისა; შიგ ქალაქში - ქუჩებში
ჩამოჩხრიალებს წყარონი 3-4 კარგნი. აქ აქვს 4 გალავანი: ერთი ვახვახოვებისა, მეორე
- რუსიაანთი, მესამე - ძველი გალავანი და მეოთხე - მეფის გალავანი. ამ გალავანში არის
ძველი შენობები და გადაკეთებული ახლად . . . ამ ციხეში არის კარგი წყარო მთიდან ღარებით
ჩამოტანილი; ... ციხეში არის სემინარიის სასწავლებელი, ხაზინა, სობორის ეკლესია და
სატუსაღონი. თელავში სცხოვრობს 1500 მოსახლე, მათ შორის 16 თავადიშვილის სახლობა; არის
ბულვარი პატარა, კლუბი, გოსტინნიცა, ბიბლიოთეკა, ბანკი, დეპო, აფთიაქი ორი ექიმით,
აბანო, 2 ფაეტონი, 4 დილიჯანი, 2 ფურგონი, 1 კარადა, დუქანი არის 360, კარგი მაღაზიებით
და ფარჩით, მომატებული ჩოხის მკერავები და ხარაზები, 5 ბულოშნიკი, 1 კანდიტერი, 6 ოქრომჭედელი,
2 მესაათე, 1 პარიკმახერი, კარეტნიკი და სხვანი. ვაჭრობა აქვთ ზომიერად და სინდისიანათაც
ვაჭრობენ. თელავს აქვს სამივ მხრივ შემოზღუდული ვენახები. თანდათან კარგის არქიტექტურით
აშენებენ სახლებს. თელავში არის 10 ეკლესია, მათ შორის 4 სობორო. თელავში დგას მესტნის
კამანდა და სცხოვრობენ კაზარმაში, რომელიც ჩრდილოეთის მხრივ აძლევს ქალაქს შნოს. აქ
არის 3 შკოლა. კახეთში იციან დიდი დღეობები: ღვთისმშობლობა, ალავერდობა, თეთრგიორგობა,
შუამთობა, ღვთაებობა, ჯვარპატიოსნობა, კვირაცხოვლობა, ნეკრესობა, მთავარანგელოზობა,
გომარნობა(კოპალეობა) და წმ. ნინოობა.” (სტილი დაცულია - თ.ს.) [ხელნაწ. ინსტიტუტი, #5256]
ამ დროისთვის
თელავში სავაჭრო დაწესებულებათა რიცხვი საშუალოდ იყო 30-50; 200-300 ათასი მანეთი წლიური
ბრუნვით. სახელოსნოს რაოდენობა დაახლოებით 100-დან 200-მდე. ამრიგად, სახეზეა წინა
წლებთან შედარებით დუქნების რაოდენობის ზრდა, რაც მეტყველებს, რომ ხელოსნური ნაწარმი
იმ დროს თელავში არა მარტო მზადდებოდა, არამედ რაოდენობრივადაც იზრდებოდა და შესაბამისად
იყიდებოდა კიდეც დუქნებში. [მარგველაშვილი, ა., სიმაშვილი, თ., სიხარულიძე, თ.,
2022]
აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ხელოსნები
ხშირად თავის საცხოვრებელ ბინებში ამზადებდნენ საქონელს და შესაბამის ქუჩაზევე გაჰქონდათ გასაყიდად, სადაც
განლაგებული იყო მათი სავაჭრო დუქნები და სახელოსნოები. [ონიკაძე, ზეპირი ისტორია]
მანამ უშუალოდ ამ უბნების შესახებ დავიწყებდეთ
საუბარს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ 1920 წლამდე ქალაქ თელავის ქუჩებს სახელები არ ჰქონდათ
და ისინი საითკენაც მიემართებოდნენ, ან როგორი
ფორმა ჰქონდათ იმ სახელით მოიხსენიებდნენ. თელავში 1920-იან წლებში
26 ქუჩა ყოფილა. ესენია: „ზემო ბაზრის“ ქუჩა, „გვირაბის“, „ღვთისმშობლის“, „ახალი ქუჩა“,
„ნადიკვრის“, „ნატურალური“, „სამების“, „თბილისის“, „მღებრების“, „გვირაბის“, „ყაზარმის“,
„II აღმართის“, „განაპირების“, „სუბკარაპეტის“, „სომხების სასაფლაოს“, „ცენტრალური
ქუჩა“, „ძველი გალავნის“, „ახალი ქუჩის შესახვევი“, „ხოდაბუნების“, „ხმელი (მშრალი)“
- ქუჩა, „სწორი ვიწრო“ ქუჩა, „სიმართლის“ ქუჩა, „I აღმართის“ ქუჩა, ,,II აღმართის“
ქუჩა, ,,III აღმართის“ ქუჩა, ,,IV აღმართის“
ქუჩა და ა.შ. საბჭოთა ხელისუფლების
დამყარების შემდეგ თელავის ქუჩებს ბოლშევიკი რევოლუციონერებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების
სახელები დაარქვეს. მაგალითად: „ორჯონიკიძის“
ქუჩა, „მიასნიკოვის“ ქუჩა, „შაუმიანის“ ქუჩა, მწერლების – „გორკის“ ქუჩა, „ნინოშვილის“ ქუჩა და სხვა. [ვახტანგიშვილი,
თ., სიმაშვილი, თ., 2020; მელითაურის არქივი, წიგნი I] მაგალითად, როგორც დოკუმენტური
მასალებიდან და ჩვენს მიერ ჩაწერილი ჭავჭავაძის ქუჩის მაცხოვრებლების ზეპირი ისტორიებიდან
ჩანს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში მას
სახელად ,,მაწანწარის ქუჩა“ ეწოდებოდა. საბჭოთა პერიოდში კი ჯერ - ,,1905 წლის ქუჩას“
ეძახდნენ, შემდგომ ,,შოთა რუსთაველის“, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ,,ფილიპე მახარაძის’’
სახელი დაარქვეს. ილია ჭავჭავაძის დაუძინებელი მტრის მახარაძის სახელი უკვე საქართველოს
დამოუკიდებლობის შემდეგ მოაშორეს და ამ ქუჩას ილია ჭავჭავაძის სახელი ეწოდა. [სანდოშვილი,
2020.04.08] ისე კი, ადრე, ამ ქუჩას ხალხი ასევე მოიხსენიებდა
,,ახპატელოვების“ ქუჩადაც, რადგან ამ გვარის ბევრი წარმომადგენელი სწორედ ცხოვრობდა
და ეწეოდა ხელოსნობას - ისინი ძირითადად იყვნენ მეჭურჭლეები. [მარგველაშვილი, ა., სიმაშვილი, თ., სიხარულიძე, თ.,
2022]
დავუბრუნდეთ თელავის ქუჩების ისტორიას.
1954 წლის 1 იანვრისთვის თელავში უცხოვრია 13 284 ადამიანს, 2 230 გვარის ადამიანს.
[ჯაშიაშვილი, 1957:8]
შესაბამისად, რაოდენობრივად მზარდ ქალაქ თელავში
უკვე 65 დიდი და პატარა ქუჩა არსებობდა. ამ
ქუჩებზე 30 ჩიხი და 36 შესახვევი ყოფილა. იმ დროს ქალაქ თელავის აღმასრულებელი კომიტეტის
ხელმძღვანელის გიორგი ჯაშიაშვილის პირად არქივში თელავში არსებული ქუჩების ჩამონათვალში, ჭავჭავაძის ქუჩა თავისი ადრინდელი,
საბჭოთა პერიოდის დროინდელი სახელით არის დასახელებული
- ,,1905 წლის ქუჩა - ერთი შესახვევით და ორი ჩიხით’’. [ჯაშიაშვილი,
1957:2]
საბჭოთა
პერიოდში, 1920-იანი წლების ბოლოს ხელოსნური წარმოების განვითარებას საკმაოდ დიდი დარტყმა,
არა მარტო თელავში არამედ სხვა ადგილებშიც, ერთი მხრივ, ფაბრიკა-ქარხნების რაოდენობის
ზრდამ, სადაც უკვე დიდი რაოდენობით და უფრო იაფად მზადდებოდა შედარებით თანამედროვე
საქონელი, საუბარია ჭურჭელზე, ტყავის თუ აბრეშუმის ნაწარმზე და სხვ. მიაყენა.
მეორეს
მხრივ, კი ამ დროს იწყება ინდივიდუალური შრომის შეზღუდვა და ქალაქად ხელოსნებს აიძულებდნენ
გაერთიანებულიყნენ არტელებში. არტელებს შეეძლოთ არენდისა და დაქირავებული შრომის გამოყენება.
ისინი აწარმოებდნენ საყოფაცხოვრებო ნივთებს, სხვადასხვა სახის პირველადი მოხმარების
საქონელს, სამშენებლო მასალებს, ტანსაცმლს, ფეხსაცმელს და ა.შ. როგორც წესი მათში დასაქმებული
იყო 10-დან 200-მდე ადამიანი. სხვადასხვა მიზეზის გამო ხელოსნების ნაწილი არტელებში
არ ერთიანდებოდნენ, რაც 1920-იანი წლების ბოლოს მათზე რეპრესიების გამხორციელების მიზეზად იქცა.
საქმე
იმაშია, რომ 1929-1933 წლებში საბჭოთა ხელისუფლების ,,კოლექტივიზაციის“ პოლიტიკა -
სოფლად კერძო საკუთრების ლიკვიდაციის და საზოგადოებრივი საკუთრების ყოვლისმომცველი
სისტემის ჩამოყალიბების შესახებ, რომელსაც თან ახლდა ეკონომიკური და პოლიტიკური რეპრესიები,
ქალაქებში სხვა ფორმით ხორციელდებოდა - საბჭოთა ხელისუფლებამ ხელოსნური შრომა და ხელოსნების
მიერ ინდივიდუალური ვაჭრობა ,,უშრომელი შემოსავლის’’ მიღების საშუალებად მიიჩნია. ამიტომ,
ის ხელოსნები ვინც არ იყვნენ გაერთიანებული არტელებში აღმოჩნდნენ რეპრესიების მსხვერპლი,
რამაც თავის მხრივ დიდი დარტყმა მიაყენა ხელოსნურ
წარმოებას.
მეორე მსოფლიო ომმა კი, შეიძლება ითქვას ,,დადებითი
როლი“ ითამაშა ხელოსნური წარმოების ხელახლა ,,აღორძინებაში“. საქმე იმაშია, რომ საბჭოთა
კავშირში 1941-1945 წლებში დაიწყო სხვადასხვა ნაწარმის დეფიციტი, რომლის შევსება ადგილებზე
,,ძველმა“ ხელოსნებმა ,,ითავეს“. სწორედ ამიტომ იყო, რომ 1954 წელს ქალაქ თელავში
კვლავ იყვნენ საკმაოდ დიდი რაოდენობის სხვადასხვა დარგის ხელოსნები: მეტყავე - 11,
მეწაღე - 96, მეჩექმე - 15, ქვის მთლელი - 8, მეაგურე - 22, მეუნაგირე - 2, მეტიკე
- 5, შალის მქსოველი - 60, ხარატი - 32, მეჭურჭლე - 22, მენახშირე - 5, მესაკირე -
11, და ასე შემდეგ. [ჯაშიაშვილი, 1957:20]
როგორც ჩანს, ამ რაოდენობის და განსხვავებული
დარგების ძველმა ხელოსნებმა, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდშიც, როდესაც წარმოებები
ნელ-ნელა იწყებდა ამუშავებას, სხვადასხვა სახის
პროდუქციის დეფიციტის გამო შეინარჩუნეს თავისი ადგილი, როგორც ქალაქ თელავის, ასევე
მთელი კახეთის მასშტაბით. თელაველი ხელოსნები თავის ნაწარმს არა მარტო თელავში და ქალაქის
ახლო-მახლო ბაზრობებზე, მაგალითად თელავის ბაზარში, მდინარე თურდოს პირას არსებულ ბაზრობაზე,
არამედ სოფელ კაბალში, სოფელ ველისციხეში და სხვაგან არსებულ ბაზრობებზე ყიდნენ. აღნიშნულს
ადასტურებს ჩვენს მიერ ჩაწერილი ზეპირი ისტორიებიც. [სანდოშვილი,
2020.04.08]
დავამატებთ იმას, რომ ამ დროს, საუბარია
1950-იან წლებზე, ხელოსნებს უხდებოდათ ე.წ. ,,პატენტის“, ანუ საქონლის დამზადების და
ვაჭრობის ნებართვის აღება და ამ დოკუმენტში არსებული მოთხოვნის შესაბამისად, მხოლოდ
გარკვეულ ბაზრობებზე შეეძლოთ ევაჭრათ. თუმცა, ბევრი მათგანი ახერხებდა ამ კანონის გვერდის
ავლას და საკუთარი სახლის წინ მდგარ სკამებს იყენებდა სავაჭრო დახლების სახით. თელავში
ბევრი უბანი და მათ შორის - მაწანწრის უბანი და კონკრეტულად ჭავჭავაძის ქუჩა იმ დროს,
არა მარტო ხელოსნური წარმოების დამზადების ადგილას არამედ, თუ შეიძლება ასე ითქვას
- პატარა ,,ქუჩის ბაზრობის“ სახესაც ატარებდა, სადაც გამვლელ-გამომვლელი, ასევე სპეციალურად
ამ ნივთების საყიდლად მოსული ადამიანები იძენდნენ ხელოსნურ ნაწარმს.
აღსანიშნავია, რომ ხელოსნობისა და ვაჭრობის
განვითარება-გაფართოებასთან ერთად თელავში ხდებოდა ხელოსნობის ცალკეული სახეობების
კომპაქტური განთავსებაც. სწორედ ერთი ასეთი უბანი წარმოიშვა „ძველ გალავანის“ მიმდებარე
ტერიტორიაზე. აქვე დღევანდელი - ,,ბიძინა ჩოლოყაშვილის’’, ხოლო საბჭოთა
პერიოდში - ,,1 მაისის ქუჩაზე“ მდებარეობდა ,,ამქრის ბაღი“. საბჭოთა განათლების სისტემის
წარმომადგენელი გიორგი მელითაური თავის დღემდე გამოუქვეყნებელ წიგნში ,,მასალები თელავის
ქუჩების ისტორიიდან“ წერდა - ,,ჰამქრის წევრი
ამ უბანში საქულა არუთინოვია. ამქარი დღესასწაულობდა 1 მაისს. ამ დღეს უსტაბაში - ყველა ამქრების უფროსი
გამოვიდოდა დროშით. ზურნა დაუკრავდა, ეს უკვე ნიშანი იყო - ყველა დაჰკეტავდა დარაბას,
დუქანს, სახელოსნოს და შეუერთდებოდა ამქარს. შეგროვდებოდნენ ამქრის ბაღში და რიტუალიც
დაიწყებოდა. ამ დღეს უნდა მომხდარიყო ოსტატების ნათლობა, უკეთ შეგირდების გაოსტატება.
საამქრო ბაღში დაჰკლავდნენ საღმრთოს.“ [მელითაური, 1967:107] სავარაუდოდ, ეს ,,ამქრის ბაღი“, თელავში
ყადორის გორაზე, ე.წ. ,,ძველი გალავნის’’ ტერიტორიაზე იმ ადგილას მდებარეობდა, სადაც
დღეს დასასვენებელი სივრცეა მოწყობილი. ამაზე მეტყველებს ამ დოკუმენტში არსებულ ნუსხაში,
სადაც ჩამოთვლილია ქალაქ თელავში არსებული მნიშვნელოვანი ადგილები მისი ამდაგვარი დასახელება:
,,ამქრის ბაღი - ძველი გალავანი“. [მელითაური, 1967:105]
აღსანიშნავია
ისიც, რომ ,,დაბახნების“ უბნის დასავლეთით ,,მაწანწრის ხევის“ და ,,ზუზუმბოს“ ბორცვის
საზღვარზე მდებარეობს ,,კვირაცხოვლობის ეკლესია“, სადაც ,,კვირაცხოვლობის’’ დღესასწაულზე
მთელი უბანი - სხვადასხვა ხელობის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები იკრიბებოდნენ.
თელავში ხელოსნური წარმოების ხელახლა ,,აღორძინებაზე“
თავისი გავლენა, 1990-იან წლებში სხვადასხვა სახის საქონელზე გაჩენილმა დეფიციტმაც
იმოქმედა, მაგრამ ეს დროებითი მოვლენა იყო. დღეს, ისევე როგორც სხვა ქალაქებში თელავში
ძველი ხელოსნური წარმოების კვალი თითქმის აღარაა შემორჩენილი, კარგა ხანია გაქრა
,,ამქრის ბაღებიც“ და მათი ადგილი თანამედროვე შენობებმა, სხვადასხვა დაწესებულებებმა
დაიკავა.
გამოყენებული ლიტერატურა:
აბესაძე, ნ. (1979). ქალაქ თელავის ხელოსანთა ამქარი,
მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, XX. თბილისი. გამომცემლობა ,,მეცნიერება"
ვახუშტი. (1941). აღწერა სამეფოსა საქართველოსა (საქართველოს
გეოგრაფია), თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედაქციით. თბილისი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
ვახტანგიშვილი, თ., სიმაშვილი, თ. (2020) თელავი - წარსული
და თანამედროვეობა. თბილისი. გამომცემლობა ,,მერიდიანი“
მარგველაშვილი, ა.,
სიმაშვილი, თ., სიხარულიძე, თ. (2022) ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი - მაწანწრის
უბნის ამბები, თელავი. გამომცემლობა ,,სათემო განვითარების ცენტრი’’
ნანობაშვილი, ი. (1963) საამქრო ნაგებობანი თელავში.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტომი II, თბილისი, გამომცემლობა ,,საბჭოთა
საქართველო“
კ. კეკელიძის სახ. ხელნაწ. ინსტიტუტი. ქსნის ხეველი.
12 მაისი. 1886 წელი. ხელნაწერი 5 256. VIII
ქალაქ თელავის დაგეგმარებისა და რეკონსტრუქციის
პროექტი. ქალაქის ტერიტორიის მოწყობა და ინფრასტრუქტურული დასაბუთება. (1957). კახეთის
რეგიონალური არქივი. თელავის რაიონი. გიორგი ჯაშიაშვილის ფონდი 491. წიგნი 2. საქმე
# 3.
მასალები
თელავის ქუჩების ისტორიისათვის. (1972)
თელავის ისტორიული მუზეუმი.
გიორგი მელითაურის ფონდი. წიგნი პირველი
გაზეთი „ალაზნის განთიადი“. №49. 1967
მიხეილ ონიკაძე. ზეპირი ისტორია. ინტერვიუერი თენგიზ სიმაშვილი. ინტერვიუ
ჩაიწერა სათემო განვითარების ცენტრის პროექტის „ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი“ ფარგლებში,
11.08.2020
ჯემალ სანდოშვილის ზეპირი ისტორია. ინტერვიუერი თენგიზ
სიმაშვილი. ინტერვიუ ჩაიწერა სათემო განვითარების ცენტრის პროექტის „ჩემი ქუჩა, ჩვენი
ქალაქი“ ფარგლებში, 04.08.2020
Н. А. Караулов. (1881-1915). Сведения арабских географов X и XI веков,
Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа (СМОМПК), изд.
Управлением Кавказского учебного округа, Тип. Главного управления Наместника
Кавказского, Тифлис
Telavi and Craft Production
Tengiz Simashvili,
Yakob Gogebashvili
Telavi State
University,
Doctor of History
Abstract:
Telavi, the ancient city of Georgia was
located on one of the main arteries of the "Great Silk Road", for
many years it was the capital of the Kingdom of Kakheti and the residence of
the kings of Kakheti. Telavi was a kind of attraction center and artisans,
merchants and travelers of various fields came here to work, trade or live.
During the centuries, the development of
crafts in Telavi was at a relatively high level - at that time there were
already professional associations of craftsmen - "Amkreb" with its
own hierarchy. It should be noted that among the cities of Georgia only Telavi
had the so-called "Amkri Gardens".
As a result of the forced annexation
of Georgia by the Russian Empire, even Telavi lost its importance - it became a
provincial town and assumed the function of a market center. Despite this, city
life and its constituent part - craft production were quite developed in Telavi
during this period.
In the Soviet period, at the end of the
1920s, the development of handicraft production was dealt a big blow by the
increase in the number of factories. In addition, at this time, individual
labor began to be restricted, and urban artisans were forced to unite in
artels. For various reasons, some of the artisans did not unite in the artels,
which became the reason for their repression at the end of the 1920s.
Today, as in other cities, in Telavi
there are almost no traces of the old artisanal production left, the
"gardens" have disappeared, their place has been taken by modern
buildings and various institutions.
Key words: cities, trade, handicrafts, union of artisans,
artels
No comments:
Post a Comment