თენგიზ სიმაშვილი
მოხსენება წაკითხულ იქნა - 1-2.09.2014
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერიტეტის
და ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ინსტიტუტის
V საერთაშორისო სამეცნიერო
კონფერენციაზე, ბათუმი
იოსებ ჯუღაშვილი(სტალინი) და ბათუმი
,,1938 წელს, სტალინის 60 წლისთავის საიუბილეოდ, ბულგაკოვს წინადადება მისცეს,
დაეწერა პიესა სტალინის შესახებ. ბულგაკოვმა თემად აიღო სტალინის რევოლუციური
მოღვაწეობის პირველი ნაბიჯები და სტალინი გამოიყვანა იდეისთვის და თავისუფლებისთვის მებრძოლ რომანტიკოს ახალგაზრდა რაინდად. თუმცა სტალინმა დაიწუნა პიესა და შესაბამისად,აღარ გამოცემულა და სცენაზეც აღარასდროს დადგმულა.’’
(მ. ბულგაკოვი, ,,ბათუმი“, წინასიტყვაობა)
,,ქუჩის დემონსტრაციები საინტერესოა იმიტომ, რომ ისინი სწრაფად ითრევენ მოძრაობაში მოსახლეობის დიდ მასას, მაშინვე აცნობენ ჩვენს მოთხოვნებს და ქმნიან
ნაყოფიერ ნიადაგს, რომელშიც ჩვენ თამამად შეგვიძლია დავთესოთ პოლიტიკური თავისუფლების მოთხოვნები“,
ი. ჯუღაშვილი, არალეგალური გაზეთი ,,ბრძოლა“(1901 #2-23)
მე-20 საუკუნის დასაწყისში ბათუმის მზარდი სამრეწველო პოტენციალი დამყარებული იყო ბაქოს ნავთობის გადამუშავებაზე და ექსპორტზე. აქ ნავთობის გადამამუშავებელი ცნობილი მეწარმეების - ნობელის, მანთაშევის, როტშილდის და სხვების მსხვილი ქარხნები მდებარეობდა. 1901 წლის ნოემბერში თბილისიდან ბათუმში ჩადის რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის კომიტეტის ახლდარჩეული წევრი იოსებ ჯუღაშვილი, რომელიც მუშაობას იწყებს როტშილდის ქარხანაში. თავის თანატოლებსა და თანამოაზრეებში ,,სოსოდ’’ ცნობილი ი. ჯუღაშვილი, პარალელურად აქტიურ რევოლუციურ საქმიანობას ეწევა. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით ი. ჯუღაშვილის ხელმძღვანელობით ბათუმში იქმნება ახალი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია. უკვე 1901 წლის 31 დეკემბერს როტშილდის კუთვნილ ნავთობის ქარხანაში რამოდენიმე ასეული მუშა ებმება მღელვარებაში, 1902
წლის 31 იანვარიდან და 18 თებერვლამდე გაფიცული იყვნენ მანთაშევის ქარხნის მუშები. ორივე შემთხვევაში მუშების მოთხოვნები დაკმაყოფილებულ იქნა, და არსებობს გარკვეული მოსაზრებები, რომ ამ მღელვარებებს და გაფიცვებს სწორედ ახლად ჩასული პროპაგანდისტი ,,სოსო’’ ხელმძღანელობდა.
ი. ჯუღაშვილის თანამედროვეები და საბჭოთა ისტორიკოსები ცდილობდნენ იგი წარმოეჩინათ უპირობო ლიდერად, რომლის ,,ბრძნული“ მითითებების თანახმად შეძლეს ბათუმის ქარხნების მუშებმა მეწარმეებისგან დათმობების მიღება, ხელფასის გაზრდა და სხვა.
ჩვენს მიერ საერთაშორისო პროექტის ,,რუსეთის და საბჭოთა კავშირის - საიდუმლო ისტორია“ ფარგლებში მოძიებულ იქნა სხვადასხვა დღემდე გამოუქვეყნებელი მასალები იოსებ ჯუღაშვილის(სტალინი) შესახებ. მათ შორის ყურადსაღებია შინაგან საქმეთა სამინისტროს პარტიული არქივის ფონდებში არსებული ორი მოგონება. პირველი არის ივანე ჯეჯელავას, როგორც თვითონ წერს - ,,ძველი მუშა-ბოლშევიკი 1902 წლიდან’’ მიერ 1933 და
1935 წელს დაწერილი მოგონებები – 1. ,,მოგონებები ამხანაგ სტალინზე“; 2. ,,ჩემი მოგონებები რევოლუციური მონათვლის პერიოდის ამხანაგ სტალინზე 1902 წელს”[შსსა,ფ.8,აღ.2,საქ.14,გვ.176-190]
მასში ი.
ჯეჯელავა იხსენებს ბათუმში პროპაგანდისტ ,,სოსოსთან’’ თავის შეხვედრებს. აღწერს მის გარეგნობას, ჩაცმულობას, პროპაგანდისტულ საქმიანობას. თითქმის სიყვარულით და სინანულით აღწერს თავის განცდებს, როდესაც მან პროპაგანდისტი ,,სოსო“ ნახა ძველ ჩოხაში გამოწყობილი და სხვა.
ჩვენთვის საინტერესოა მისი მოგონებიდან ინფორმაცია, რომელიც შეეხება 1902 წლის 9 მარტის მუშათა დემონსტრაციას. იგი ი. ჯუღაშვილს ერთპიროვნულად ასახელებს მუშების ამ დემონსტრაციის ხელმძღვანელად: ,,ჩვენ მივედით ყაზარმებთან, სადაც იყვნენ დაპატიმრებული მუშები და ხალხის მასამ ამხანაგ კობას ხელმძღვანელობით მოითხოვა მათი განთავისუფლება, მაგრამ ოფიცერმა ანთაძემ გასცა ბრძანება უიარაღო მუშების წინააღმდეგ სროლის დაწყებაზე“. [შსსა,ფ.8,აღ.2,საქ.14,გვ.179]
აღსანიშნავია, რომ ჯარისკაცების მიერ მუშების წინააღმდეგ სროლის დაწყების ამ ფაქტს ი. ჯეჯელავასაგან განსხვავებულად აღწერს, ჩვენს მიერ მოძიებული მეორე 1937 წელს დაწერილი მოგონების - ,,მოგონებები დიდ სტალინზე“ ავტორი ვლადიმერ ჯიბუტი. [შსსა,ფ.8,აღ.2,საქ.14,გვ.210-218] მასში საკმაოდ საინტერესო
მასალებია თავმოყრილი იოსებ ჯუღაშვილის ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ. მისი სიტყვებით ,,ამხანაგი სოსო საიდუმლო კრებებზე მუშებს მოუწოდებდა ერთად დგომისკენ“ და მეწარმეების და ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისკენ. იგი სწორედ ,,ამხანაგ სოსოს“ ასახელებს 1902 წლის იანვარში მანთაშევის ქარხანაში პირველი გაფიცვის ორგანიზატორად. ვ. ჯიბუტის სიტყვებით - ,,ჩვენ გავიფიცეთ და 10 დღის შემდეგ ქარხნის ადმინისტრაცია წამოვიდა ჩვენთან მოლაპარაკებაზე და ამხანაგმა სოსომ გვირჩია ადრინდელ მოთხოვნებზე ახალი მოთხოვნები დაგვემატებინა - გაცდენის დღეების ანაზღაურება და ხელფასის 30% ზრდა. გაფიცვა მუშათა გამარჯვებით დამთავრდა“. აღსანიშნავია, რომ სხვა თანამედროვის მოგონებით ი. ჯუღაშვილს უთქვამს ,,ისინი(ადმინისტრაცია) შეშინებული არიან და გადაიხდიან“. [Эдельман, 2013] ფაქტობრივად შესაძელებლია ითქვას, რომ ი. ჯუღაშვილი ცდილობდა სიტუაციის გამწვავებას – ამასთან, როგორც ჩვენს მიერ დასახელებული მეორე მოგონების ავტორი აღნიშნავს - ,,სოსო ყველა ხელსაყრელ შემთხვევას იყენებდა პროპაგანდის საწარმოებლად, მათ შორის სომეხი მუშის გარდაცვალებას“.
1902 წლის 26 თებერვალს როტშილდის ქარხნის 900 მუშიდან 389 მუშა სამუშაოდან გაანთავისუფლეს, რასაც მოჰყვა მუშათა გამოსვლები და მათი ნაწილის დაპატიმრება. ამან გამოიწვია მუშათა გამოსვლები ახალი ტალღა. ვ. ჯიბუტი წერს, რომ ბათუმში 1907 წლის 9 მარტის მუშების დემონსტრაციის წინა მოვლენები სწორედ ი. ჯუღაშვილის ხელმძღვანელობით იმართებოდა. მისი სიტყვებით, 1902 წლის 7 მარტს მუშების დაპატიმრების გამო, სწორედ ,,სოსომ’’ მოიწვია კომიტეტის სხდომა და ეს მისი წინადადებით გადაწყვიტეს მუშებმა როტშილდის ქარხნის დაპატიმრებული მუშების ძალით განთავისუფლება.
აღსანიშნავია, რომ მეორე დღეს, 1902 წლის 8 მარტს პოლიციის სამმართველოსთან შეკრებილი მუშების ნაწილი პოლიციელებმა არ დაარბიეს, დააპატიმრეს და ყაზარმებში წაიყვანეს. ფაქტობრივად ხელისუფლებას არ სურდა სიტუაციის კიდევ მეტი დაძაბვა. ვ. ჯიბუტის სიტყვებით გუბერნატორს თითქოსდა აღუთქვამს კიდეც სხვა დაპატიმრებული მუშების განთავისუფლება მეორე დღეს, მაგრამ - ,,8 მარტს საღამოს ამხანაგმა სოსომ მოიწვია კრება და გაგვაფრთხილა, რომ ჩვენ გვატყუებენ და ჩვენი დახმარების გარეშე მუშებს არ გაათავისუფლებენო“.
,,სოსოს’’ გამოსვლის შემდეგ გადაუწყვიტეს მუშებმა გადაწყვიტეს ყაზარმებისაკენ წასვლა, სადაც მოთავსებული იყვნენ ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის მოადგილის ბრძანებით დაპატიმრებული გაფიცვის მონაწილე 400-მდე ადამიანი. ყაზარმებთან მუშების მისვლას კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მოჰყვა მუშების მხრიდან მსხვერპლი. ამ დღეს ადგილზე დაიღუპა შვიდი მუშა, ხუთიც მალევე გარდაიცვალა მიღებული ჭრილობებისაგან, დაიჭრა ცხრამეტი.
ჩვენთვის ეს ფაქტი საინტერესოა, რადგან ერთის მხრივ ეს არის ჩვენთვის ცნობილი დიდი დემონსტრაცია, რომელსაც ი. ჯუღაშვილმა, მომავალმა სტალინმა გაუწია ხელმძღვანელობა. მეორეს მხრივ კი, ჩანს სწორედ ი. ჯუღაშვილის და მისი თანამოაზრეების პროპაგანდით გაბრუებულმა მუშებმა, რომლებიც დარწმუნებული იყვნენ, რომ ხელისუფლების მხრიდან მათდამი გაწეული პერიოდული დათმობების გამო ძალას არ გამოიყენებდა მოახდინეს ჯარისკაცების პროვოცირება. ი. ჯეჯელავა თავის მეორე მოგონებაში(დაწერილი 1935 წელს) წერს, რომ ოფიცერ ანთაძის მიერ ჯარისკაცებისათვის ბრძანების გაცემა მუშათა მიმართ სროლაზე სწორედ მუშების მიერ ქვების სროლის დაწყებას მოყვა. ანუ, მის ამ მოგონებაში უარყოფილია საბჭოთა ისტორიოგრაფიაში გავრცელებული მოსაზრება რომ პირველად ჯარისკაცებმა ესროლეს მუშებს და არა პირიქით. მისი სიტყვებით - ,,ყაზარმებთან ცნობილმა ოფიცერმა ანთაძემ განალაგა ქუჩის გადაკვეთაზე ჯარისკაცები. მუშები მიუახლოვდნენ მათ და მოითხოვეს მუშების განთავისუფლება. ამაზე ასეთი პასუხი იყო: დაიშალეთ თორემ გესვრით. ასეთმა თავხედურმა პასუხმა აღაშფოთა მუშები და დაიწყეს ქვების სროლა, რაშიც მეც ვმონაწილეობდი. ანთაძემ ბრძანება გასცა და ჯარისკაცებმა დაიწყეს სროლა“.
1902 წლის 5 აპრილს ი. ჯუღაშვილი დააპატიმრეს და ბათუმის ციხეში ჩასვეს. დროთა განმავლობაში ჩანს მან გადაიაზრა თავისი ,,ბათუმური“ გამოცდილება – ის უკვე აღარ ხელმძღვანელობს დიდ დემონსტრაციებს და მუშათა გამოსვლებს. წლების შემდეგ იგი მუშების, გლეხების უფრო მეტი ,,გააქტიურების’’ მომხრედ გვევლინება, თუმცა ამჯერად მისი ინტერესი სხვა იყო. ი. ჯუღაშვილზე ერთ-ერთი მოგონების ავტორი ნიკო ახმეტელი 1936 წელს წერდა - ,,სოსო ...
მომხრე იყო შეიარაღებული აჯანყების. იგი მთელი ცხოვრება ოცნებობდა თბილისის აღებაზე. მე ეს კარგად მახსოვს, მან სადღაც იშოვა თბილისის რუკა და სურდა მისი აღება შეიარაღებული ძალებით“. [შსსა,ფ.8,აღ.2,საქ.2,გვ.310]
ჩვენს მიერ საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ფონდებში ახლად მოძიებული სხვა დოკუმენტების მიხედვით ი. ჯუღაშვილი, 1906 წლის იანვარში არა მარტო ორგანიზებას უკეთებდა თბილისის გუბერნიაში მოქმედი ,,წითელი რაზმების“ საქმიანობას, არამედ ირიბად დასტურდება იოსებ ჯუღაშვილის (სტალინი) კავშირი ბოლშევიკების მიერ ჩადენილ ტერორისტულ და ექსპრორიაციულ აქტებთან, რაზეც საბჭოთა ისტორიოგრაფია დუმილს ამჯობინებდა. [სიმაშვილი თ., 2013; Вахтангишвили Т., Симашвили, Т.2014]
ამრიგად, შესაძლებელია, რომ სტალინის მიერ პიესა ,,ბათუმი“-ს აკრძალვა უკავშირდება სწორედ მის მიერ 1902 წლის 9 მარტის მუშათა გამოსვლების ხელმძღვანელობას, რაც უდანაშაულო მუშების მსხვერპლით დამთავრდა და რომელსაც რეალური შედეგები მუშებისათვის არ მოჰყოლია - გაფიცვის დაწყებიდან 4 თვის შემდეგ მუშებმა მუშაობა განაახლეს. [Эдельман, 2013] თავად პიესის დაწერის წელი - 1938 ხომ ის პერიოდია, როდესაც დიდი ბელადი სტალინი აქტიურად ცდილობდა თავისი ბიოგრაფიიდან მისი აზრით შეუფერებელი ,,ფურცლების’’ წაშლას, რევოლუციური ბრძოლის გზის ,,კორექტირებას’’.
გამოყენებული ლიტერატურის და წყაროების სია:
1. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 2, ნაწილი I, საქმე 14, გვერდი 176-180
2. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 2, ნაწილი I, საქმე 14, გვერდი 210-218
3. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის II განყოფილება, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 2, ნაწილი I, საქმე 2, გვერდი 310
4. სიმაშვილი თ., ,,გიგლა ბერბიჭაშვილის და ილიკო იმერლიშვილის კავშირი სტალინთან’’, შინაგან საქმეთა სამინისტროს ,,საარქივო მოამბე“ #14, 2013
5. Вахтангишвили Т., Симашвили, Т. Иосиф Джугашвили (Сталин) и террор, «Eუროპეან ღესეარცჰერ» (Европейский исследователь), შოცჰი, 2014
6. Эдельман О. ,,Сосо в Батуме’’, 1902, ,,Неприкосновенный запас’’, № 90,
2013, стр. 229-244
Joseph
Dzhugashvili (Stalin) and Batumi
The
article is about Iosef Djugashvili-Stalin's revolutionary activity in the
1901-1902. There are information from some of the still unpublished documents,
which were created Stalin's contemporaries. The documents content are
interesting not only to study Jugashvili (Stalin) biography, also to study
history of Batumi.
No comments:
Post a Comment