A A თენგიზ სიმაშვილი
სტალინის საყვარელი სტეფანია
წაკითხულ იქნა 26.02.2016 დავით
აღმაშენებლისადმი მიძღვნილი მესამე
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, გორის
სასწავლო უნივერიტეტი.
დაიბეჭდა ამავე კონფერენციის მასალებში
საქართველოს არქივებში ჩემს მიერ მოკვლეული მასალები გარკვეულწილად განსხვავდება და ავსებენ იოსებ ჯუღაშვილის(სტალინი) ბიოგრაფიას. გარკვეული ხნის წინ, საქართველოს საისტორიო არქივში მოვიძიე ერთი შეხედვით რიგითი, მცირე მოცულობის დოკუმენტი იოსებ ჯუღაშვილის შესახებ. ესაა წერილი, რომელსაც ბაქოს ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველო 1910 წლის 26 აპრილს აგზავნის თბილისში. მასში საუბარია ქალაქ ბაქოდან ჟანდარმერიის მიერ იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილისა და სტეფანია ლეანდრის ასულ პეტროვსკაიას სარეგისტრაციო ბარათების თბილისში გადაგზავნაზე. [1] *(როგორც კვლევის პროცესში გაირკვა სტეფანიას მამას ერქვა ლეონარდი - თ.ს.)
დოკუმენტის ანალიზმა საკმაოდ საინტერესო შედეგამდე მიმიყვანა. საქმე იმაშია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულია ბაქოს ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს კართოტეკის სარეგისტრაციო ბარათი, რომელიც შედგენილია იოსებ ჯუღაშვილზე. [2] მისი ტექსტური ანალიზიდან ჩანს, რომ საისტორიო არქივში მოძიებულ ზემოდასახელებულ დოკუმენტში სწორედ ეს სარეგისტრაციო ბარათია ნახსენები. Bუნებრივია, გაჩნდა კითხვა, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულია იოსებ ჯუღაშვილზე ბაქოს ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს მიერ შედგენილი კართოტეკის სარეგისტრაციო ბარათი, შესაძლებელია საქართველოში არსებულ რომელიმე არქივში ყოფილიყო დაცული სტეფანია პეტროვსკაიას სარეგისტრაციო ბარათიც. ამ უკანასკნელით ჩემი დაინტერესება გამოიწვია იოსებ ჯუღაშვილზე შედგენილი სარეგისტრაციო ბარათის შინაარსმა, რასაც ოდნავ ქვემოთ შევეხები.
ბაქოს ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს მიერ, იოსებ ჯუღაშვილზე შედგენილი სარეგისტრაციო ბარათის წინა მხარეს დატანილია იოსებ ჯუღაშვილის სამი ფოტო გადაღებული - პროფილში, ანაფსში და სრულად. აქვეა პუნქტებად ჩაწერილი იოსებ ჯუღაშვილის ფიზიკური აღწერილობა და სხვა მონაცემები: ,,ასაკი გაეგნობის მიხედვით – 30-32: დაბადების წელი 1879 წელი, დეკემბერი; *(დღე არ წერია, უფრო ზუსტად არის რიცხვის მონახაზი, მაგრამ ის ფრაგმენტულია და დაფარულია ფოტოთი. ესაა ერთ-ერთი პირველი დოკუმენტი, სადაც სტალინის დაბადების წელი შეცდომით არის ჩაწერილი. საარქივო დოკუმენტების მიხედვით იოსებ ჯუღაშვილი დაიბადა 1878 წლის 6 დეკემბერს - თ.ს.) სიმაღლე - 1 მეტრი და 69 სანტიმეტრი; თმები - ფერი შავი, ტალღოვანი, ხშირი; აგებულება – გამხდარი; წვერი და ულვაშები – წაბლისფერი; ფორმა – თხელი; გამომეტყველება – მხიარული; განსაკუთრებული ნიშნები – ნაყვავილარი; თავის ფორმა – ოვალური; შუბლის სიმაღლე – საშუალო; წარბები – მორკალური; ყურის ფორმა – ოვალური; *(აქვე აღვნიშნავ, რომ ბარათის წინა მხარეზე ასევე დაკრულია მცირე ზომის ფურცელი ქართული ნაბეჭდი წარწერით - ,,სოსო ჯუღაშვილი(სტალინ)”. ჩემი აზრით, იგი საბჭოთა პერიოდში არის ბარათზე დაწებებული. ჯერ ერთი, ქართულ ენაზე საქმის წარმოება რუსეთის იმპერიაში არ ხდებოდა.Aმეორეც, ამ სახის წარწერებს აკეთებდნენ 1920-იან წლებში ე.წ. ,,რევოლუციის მუზეუმის’’ თანამშრომლები. როგორც ჩანს, 1921 წლიდან, წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, აღნიშნული დოკუმენტი გარკვეული დროის განმავლობაში ,,რევოლუციის მუზეუმში’’ იყო დაცული, რასაც ადასტურებს შესაბამისი შტამპი ნაბეჭდი წარწერით ,,რევოლუციის მუზეუმი” - თ.ს.)
ამ სარეგისტრაციო ბარათის მეორე გვერდზე წერია: მეტსახელი – კობა; სახელი, მამის სახელი, გვარი – ჯუგაშვილი იოსებ ბესარიონის ძე; წოდება – გლეხი; დაბადების ადგილი – გორის მაზრის, თბილისის გუბერნია; მამა – ბესარიონი; დედა – ეკატერინე გელაძე; ცოცხლები არიან თუ არა – დედა ცოცხალია; ქორწინება – უცოლო; სასიყვარულო კავშირები – პეტროვსკაია; ძმები, დები და სხვა ცნობილი ნათესავები – არა; სარწმუნოება – მართლმადიდებელი; სად მიიღო განათლება – გორის სასულიერო სასწავლებელში; სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში; პროფესია – სახლის მასწავლებელი; ბოლო საცხოვრებელი ადგილი – ბაქო; როდის, სად და რა საქმეზეა დაკავებული – 23 მარტს 1910 წელს ბაქოში; რა საქმეზე იყო ადრე დაკავებული – 1908 წელს ბაქოს ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს მიერ; ადრე ხომ იქნა ფოტოგრაფირებული, გაუკეთდა ანთრპომეტრია, აუღეს დაქტილოსკოპიური ანაბეჭდები – ფოტოგრაფირებულ იქნა ბაქოს ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს მიერ 1908 წელს; მხრები – საშუალო; კისერი – გრძელი;
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის გარემოება, რომ ამ ჩამონათვალში დოკუმენტს დაწებებული ქაღალდით დაფარულია შემდეგი პუნქტები: ხელები – სიდიდე ... …; ხელის ჭერის ჩვევა ...; ფეხის ტერფები – ზომა (# ფეხის) ... ; ფეხის განსაკუთრებული ფორმები ...; სხეულის ჭერის მანერა ...; სიარულის მანერა ...; განსაკუთრებული ნიშნები – ჟესტიკულაცია, გრიმასა, მიმიკა ...; მშობლიური ენა ... ; საზღვარგარეთული აქცენტი ... ; გამოთქმა ... ; კილოკავი“.
კვლევის ამ ეტაპზე გაურკვეველია, თუ რატომ არის დაწებებული ქაღალდი ბარათის ამ ადგილას. კერძოდ, აღნიშნული სარეგისტრაციო ბარათი დაზიანდა, გაიხა და ასე უხეშად ამიტომ დააწებეს, თუ სხვა მიზნით. ეს კითხვები გაჩნდა, რადგან ბარათზე დაფარულია ზუსტად ის პუნქტები, სადაც იოსებ ჯუღაშვილის – სტალინის სხეულის აგებულება-თავისებურებების შესახებ, საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციები უნდა ყოფილიყო ჩაწერილი. პირველ რიგში ვგულისხმობ ცნობილ ინფორმაციას იოსებ ჯუღაშვილის მარცხენა ფეხის ორი თითის შეზრდის შესახებ.
ბაქოს ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს კართოტეკის ზემოაღნიშნული სარეგისტრაციო ბარათის მეორე გვერდის ბოლოს, დატანილია ასევე იოსებ ჯუღაშვილის მარცხენა ხელის თითების დაქტილოსკოპიური ანაბეჭდებიც. აქვე მითითებულია ბარათის შევსების ადგილი და დრო - ,,ქალაქი ბაქო, ბაქოს ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველო, 30 მარტი 1910 წელი“. დოკუმენტს ხელს აწერს მისი შემდგენელი - ,,ბაქოს ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს თანაშემწე პორუჩიკი პოდოლსკი’’.
ზემომოყვანილი დოკუმენტების შინაარსიდან გამომდინარე გავაგრძელე კვლევა და საქართველოს საისტორიო არქივში, თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს ფონდში მივაგენი, ბაქოს ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს მიერ სტეფანია პეტროვსკაიას სახელზე შედგენილ კართოტეკის სარეგისტრაციო ბარათს. [3]
სტეფანია პეტროვსკაიას სარეგისტრაციო ბარათიც იოსებ ჯუღაშვილის სარეგისტრაციო ბარათის მსგავსად შედგენილია 1910 წლის 30 მარტს. უფრო მეტიც, სარეგისტრაციო ბარათის ჩანაწერის მიხედვით სტეფანია პეტროვსკაია ბაქოში 1910 წლის 23 მარტს, ანუ იმავე დღეს დაუპატიმრებიათ, როდესაც იოსებ ჯუღაშვილიც დააპატიმრეს.
სტეფანია პეტროვსკაიას სარეგისტრაციო ბარათის წინა გვერდზე წერია: ,,ასაკი გარეგნობის მიხედვით – 24 წლის; დაბადების წელი - 1885 წელი, 13 ოქტომბერი; სიმაღლე - 1 მეტრი და 61 სანტიმეტრი; თმები - ფერი ჩალისფერი, საშუალო სიხშირის; აგებულება – სუსტი; გამომეტყველება – სერიოზული; თავის ფორმა – ოვალური; შუბლის სიმაღლე – პატარა; წარბები – ჩალისფერი; თვალების ფერი – მწვანე; ყურის ფორმა – ოვალური; ცხვირის სიგრძე – საშუალო; ბარათის ამავე გვერდზე არის სტეფანია პეტროვსკაიას მარჯვენა ხელის თითების დაქტილოსკოპიური ანაბეჭდები.
სარეგისტრაციო ბარათის მეორე გვერდზე ვკითხულობთ:
მეტსახელი – (არაა შევსებული - თ.ს.); სახელი, მამის სახელი, გვარი – პეტროვსკაია შტეფანია; წოდება – თავადი, ოდესიდან; მამა – ლეონარდ; დედა – გარდაცვლილია; ქორწინება – გასათხოვარი; სასიყვარულო კავშირები – ჯუღაშვილი; ძმები, დები და სხვა ცნობილი ნათესავები – ვიაჩესლავი, ლეონიდი, ალექსეი; *(ჩანს მისი ძმები იყვნენ - თ.ს.) სარწმუნოება – მართლმადიდებელი; სად მიიღო განათლება – ოდესა მარინსკის საერო გიმნაზია; პროფესია – სახლის მასწავლებელი; ბოლო საცხოვრებელი ადგილი – ბაქო; როდის, სად და რა საქმეზეა დაკავებული – 23 მარტს 1910 წელს ბაქოში; რა საქმეზე იყო ადრე დაკავებული – 1907 წელს მოსკოვის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს მიერ; მხრები – საშუალო; კისერი – გრძელი; ხელები – სიდიდე - (არაა შევსებული - თ.ს.); ხელის ჭერის ჩვევა - (არაა შევსებული - თ.ს.); ფეხის ტარფები – ზომა (# ფეხის) #4; ფეხის განსაკუთრებული ფორმები – (არაა შევსებული - თ.ს.); სხეულის ჭერის მანერა -(არაა შევსებული - თ.ს.); სიარულის მანერა - (არაა შევსებული - თ.ს.);განსაკუთრებულობები – ჟესტიკულაცია, გრიმასა, მიმიკა - (არაა შევსებული - თ.ს.); მშობლიური ენა: რუსული; საზღვარგარეთული აქცენტი - (არაა შევსებული - თ.ს.);
,,ქალაქი ბაქო,
ბაქოს ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველო, 30 მარტი 1910 წელი“. დოკუმენტს ხელს აწერს მისი შემდგენელი - ,,ბაქოს ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს თანაშემწე პორუჩიკი პოდოლსკი’’.
როგორც ცნობილია, იოსებ ჯუღაშვილის ირგვლივ მუდამ ტრიალებდნენ ქალები. სხვა საკითხია თუ როგორი მმართველი იყო სტალინი, მაგრამ იგი, როგორც ძლიერი პიროვნება ქალებს საკმაოდ აინტერესებდათ.
თავადის ასულ სტეფანიას და სტალინის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ საზოგადოებისთვის ბევრი არაფერია ცნობილი. უცნობი იყო მისი ნამდვილი ფოტოც. მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ სტეფანია პეტროვსკაიას სარეგისტრაციო ბარათს, იოსებ ჯუღაშვილის სარეგისტრაციო ბარათისგან განსხვავებით აკლია პეტროვსკაიას პროფილში და ანაფსში გადაღებული ფოტოები. ბარათზე დატოვებულია მხოლოდ პეტროვსკაიას სრულად გადაღებული ფოტო. ჩანს რომ იგი მიმზიდველი გარეგნობის ქალბატონი ყოფილა.
სტალინის და პეტროვსკაიას ურთიერთობა დაიწყო 1909 წელს. საქმე იმაშია, რომ სტალინი 1908 წლის მარტში ბაქოში დააპატიმრეს და სოლვიჩეგოდსკში გადაასახლეს. სწორედ იქ შეხვდა პირველად სტეფანია პეტროვსკაიას, რომელიც 1907 წელს მოსკოვში რევოლუციური საქმიანობისთვის იქნა დააპატიმრებული და შემდეგ სოლვიჩეგოდსკში გადასახლებული.
ამ გადასახლებიდან სტალინი გაიქცა და დაბრუნდა ბაქოში, სადაც რევოლუციური საქმიანობა გააგრძელა. ამავე ხანებში სტეფანია პეტროვსკაიაც გათავისუფლდა და არც მოსკოვში და ან ოდესაში კი არ დაბრუნდა, არამედ იგი მისთვის უცნობ ბაქოში სტალინთან ჩავიდა, სადაც მათ ერთად დაიწყეს ცხოვრება. როგორც ზემოთ მოყვანილი დოკუმენტიდანაც ჩანს, ისინი 1910 წლის მარტის დასაწყისში ერთადვე დააპატიმრეს. სტალინის და პეტროვსკაიას სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ გამოქვეყნებული სხვა მასალებიდან ჩანს, რომ ისინი დაკითხვებისას ერთმანეთთან ურთიერთობის შესახებ თითქმის არაფერს მალავდნენ. პეტროვსკაია პირდაპირ აცხადებდა - სასიყვარულო ინტიმური კავშირი მაქვს ჯუღაშვილთანო. სტალინი თავდაპირველად უარყოფდა მასთან ახლო ურთიერთობას და ამბობდა - `მე მას გადასახლებიდან ვიცნობო~. დაპატიმრებული სტალინი, უკვე რამოდენიმე ხნის შემდეგ, კერძოდ 1910 წლის ივნისში ბაქოს ქალაქის თავს სტეფანიაზე ოფიციალურად დაქორწინების ნებართვას სთხოვდა. მეტიც, მას ერთ-ერთ განცხადებაში თავის მეუღლედაც მოიხსენიებდა. სტალინს სტეფანიაზე ქორწინების ნებარათვა კი მისცეს, მაგრამ ისევ გადასახლეს, რაც მათი საბოლოდ დაშორების მიზეზი გახდა. [4]
სტეფანია პეტროვსკაიას და სტალინის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა ავტორებთანაც ვხვდებით, თუმცა უცნობი იყო, რომ პეტროვსკაიას სარეგისტრაციო ბარათი საქართველოს საისტორიო არქივში – თბილისში იყო შემონახული.
D დაინტერესებულ მკითხველს, სტატიაში მოყვანილი მასალები შეუძლია ნახოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ
გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში - ,,სტალინის საყვარელი სტეფანია”:
გამოყენებული მასალები და ლიტერატურა
1. საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი 94, აღწერა 1, საქმე 300, გვერდი 43
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, სამუზეუმო ფონდი, დაცული დოკუმენტი
3. საქართველოს საიტორიო ცენტრალური არქივი ფონდი 156, აღწერა 3, საქმე 3755
4. А. Островский,
Кто стоял за спиной Сталина? Москва, 2004; С. Турченко, Тюремная невеста
Сталина, Рабочая газета, 25, 04, 2008; Simon Sebag Montefiore, Young Stalin, New York, 2007
No comments:
Post a Comment