იოსებ ჯუღაშვილის (სტალინი) ბიოგრაფია და თელავი
(საარქივო მასალების მიხედვით)
თენგიზ სიმაშვილი
goris saxelmwifo universiteti humanitarul mecnierebaTa fakulteti istoriisa da arqeologiis centri
SromaTa krebuli 2025
COLLECTION OF THE WORK #24
იოსებ ჯუღაშვილის (სტალინი) ბიოგრაფიის შემსწავლელი მეცნიერების დიდი ნაწილი თვლის, რომ 1920-იანი
წლების დასაწყისიდან მოხდა მრავალრიცხოვანი დოკუმენტების ამოღება სხვადასხვა არქივებიდან, მათ შორის - თბილისის, ბაქოს და სხვ. ტოტალიტარული სახელმწიფოს პირობებში ცხადია, ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ მტკიცებულებების გარეშე დღეს ძალიან ძნელია ამ ფაქტების დადასტურება ან უარყოფა. თუმცა, როგორც ქვემოთ ვნახავთ, საქართველოში არსებულ არქივებში იოსებ ჯუღაშვილის შესახებ საკმაოდ საინტერესო დოკუმენტებია შემორჩენილი.
წარმოდგენილი კვლევისთვის ჩემს მიერ მოძიებული უამრავი დოკუმენტიდან, მხოლოდ მცირე ნაწილი ამოვარჩიე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. პარტიული არქივის (ყოფილი ,,იმელის" - მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის თბილისის ფილიალი) ფონდებში დაცულ, ქალაქ თელავში და თელავის რაიონში მცხოვრები ძველი რევოლუციონერების, საბჭოთა პერიოდში დაწერილ მოგონებებში საუბარია, 1906 წლის
დასაწყისში ქალაქ თელავში და მის მეზობლად მდებარე სოფლებში იოსებ ჯუღაშვილის (სტალინი) ჩასვლაზე და მის რევოლუციურ საქმიანობაზე. აღნიშნული ინფორმაცია იოსებ ჯუღაშვილის (სტალინი) დღემდე გამოქვეყნებულ არც ერთ ოფიციალურ ბიოგრაფიაში არაა ასახული და დადასტურებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. პარტიული არქივის ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც ეკუთვნის თელავის მაზრის სოფელ იყალთოს მცხოვრებ ნიკოლოზ ზაქროს ძე ზამუკაშვილს, აღწერილია იოსებ ჯუღაშვილის მონაწილეობა, თელავის მაზრის სოფელ ოსიაურში გამართულ მიტინგზე: ,,ამხანაგი კობა მიტინგზე შეეხო თვითმპყრობელობის რეპრესია-რეაქციას და შავი რაზმების მოქმედებას. მწვავედ დასვა საკითხი წითელი რაზმების შექმნისა და მათი ხელმძღვანელების გამოყოფის შესახებ. და მართლაც, მიტინგის დამთავრებისთანავე გამოყოფილ იქნენ თელავისა და სიღნაღის მაზრის წითელი რაზმების ხელმძღვანელები’’ (შსსა, 8, 17: 38-40). თელავის მაზრის სოფელ კურდღელაურის მკვიდრის, ვანო დიმიტრის ძე ებელაშვილის მოგონებაშიც ვკითხულობთ, რომ იგი: ,,ესწრებოდა კრებას სოფელ ოსიაურში, სადაც სიტყვით გამოვიდა კობა... ასევე ესწრებოდა კრებას თვითმპყრობილების წინააღმდეგ თელავის მახლობლად, ძველ შუამთაში, სადაც კვლავ გამოვიდა ,,კობა’’ სიტყვით’’ (შსსა, 8, 58: 10).
სხვა
დოკუმენტში, რომლის ავტორებიც არიან ქალაქ თელავის მცხოვრებლები, ნათქვამია: ,,განსაკუთრებით კარგად გვახსოვს, ერთი ახალგაზრდა ორატორი, რომელსაც ჩვენ კობას ვეძახდით და რომელიც თელავში მოვიდა 1906 წლის
გაზაფხულზე და რამდენადაც გვახსოვს, ამხანაგი კობა თელავში დარჩა ორ თვეზე მეტ ხანს. იგი უფრო მეტად ღამეებს ათევდა ჩხუბიანაშვილის ქალებთან, ხან კი ამხანაგ ალექსა ყარაულაშვილთან და სხვებთან. ამხანაგი კობა მუდმივად თელავში არ იყო. იგი ხშირად... ხარება ჯიბუტთან, ბიწკინაშვილ სოლიასთან ერთად დადიოდა თელავის მაზრის სხვადასხვა სოფლებში, სადაც იწვევდნენ გლეხთა არალეგალურ კრებებსა და მიტინგებს... ამხანაგ კობას ხელმძღვანელობით თავად-აზნაურთა შავი რაზმების საწინააღმდეგოდ შედგა წითელი რაზმი თელავში. რაზმის ხელმძღვანელად გამოყოფილ იქნენ ალექსა ყარაულაშვილი, ხარება ჯიბუტი, სოლია ბიწკინაშვილი, მელიტონა, აქვსენტი სიდამონიძე და სხვები. წითელ რაზმებს მოუხდათ შეტაკება შავ რაზმელებთან’’ (შსსა, 8, 17: 41-42).
საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში დაცულ ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელსაც თბილისის სამძებრო პოლიციის განყოფილების უფროსი, 1910 წლის
ივნისში უგზავნის თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსს სოლკა, იგივე სოსია ბიწკინაშვილის შესახებ აღნიშნულია, რომ იგი იყო: ,,რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის კომიტეტის თელავის ორგანიზაციის მსხვილი მოღვაწე და ცნობილი ტერორისტი’’ (სცსა, 94,53:96). საარქივო მასალებიდან ჩანს, ზემოდასახელებული პირები - ალექსა ყარაულაშვილი, ხარება ჯიბუტი და სხვები, თელავში და თელავის მაზრაში არსებული სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ბოლშევიკური ფრთის მხარდამჭერები იყვნენ. (სიმაშვილი.
მონოგრაფია.2020.)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პარტიული არქივის ფონდებში დაცულია, თელავის მცხოვრების სოსო სტეფანეს ძე აივაზოვის (აივაზაშვილი) მოგონება (შსსა, 93,11:2-6) და
მისი
ავტობიოგრაფია (შსსა, 93,11:7-9). მოგონებაში ვკითხულობთ: ,,1906 წლის იანვარში (რიცხვი არ მახსოვს) კობა (იოსებ სტალინი) მოდიოდა თბილისიდან გურჯაანში კონფერენციაზე, რადგან იმას დასდევდა პოლიცია დასაჭერად - ვერ დაესწრო კონფერენციას, ამოვიდა თელავში. ჩემმა ძმამ გიორგიმ და ვანო ალიხანაშვილმა (ხუნხუზა) მოიყვანეს ჩვენსა, საიდანაც გავაპარეთ თბილისში’’ (შსსა, 93,11:2-6).
ავტორი ავტობიოგრაფიაში აღარ ამბობს იოსებ ჯუღაშვილის შესახებ არაფერს, სამაგიეროდ ადასტურებს ,,წითელ რაზმელების’’ კონფერენციის ჩატარებას სოფელ ველისციხეში 1906 წელს:
,,ველისციხის კონფერენციის გადაწყვეტილების თანახმად თელავში დაარსდა სამაზრო შეიარაღებული რაზმები ამხ. ხუნხუზის, მ. ჟღენტის და ა. სიდამონიძის ხელმძღვანელობით.’’ ავტობიოგრაფიაში იგი ასევე ახსენებს ხარება
ჯობუტს, კირო გელოვანს, აქვსენტი სიდამონიძეს, ქეთო ზარაფიშვილს და თელავის მაზრიდან რევოლუციურ მოძრაობაში აქტიურად ჩაბმულ სხვა პირებს (შსსა, 93,11:7-9).
თელავის ისტორიულ მუზეუმში ასევე დაცულია, თელავის მაცხოვრებლების მოგონებები იოსებ ჯუღაშვილის თელავში ყოფნის შესახებ. მაგალითად, ნიკოლოზ ვაშაძის მისამართით, ვანო ალიხანაშვილის, ასევე კირო(კირილე) გელოვანის მიერ 1936 დაწერილი წერილებში ვკითხულობთ, რომ ნიკოლოზ ვაშაძე 1906 წელს თელავის მაზრის ბოქაულის თანაშემწე ყოფილა და სწორედ მას გადაურჩენია ,,კობა’’ დაპატიმრებას: ,,შავი რეაქციის დროს კაზაკების მიერ დაპატიმრებას გადაარჩინეთ ამხ. კობა, რომ თქვენ არა, მაშინ დაპატიმრებულ კობას კაზაკები შურისძიებით მოკლავდნენ. მაშასადამე თქვენ სიკვდილს გადაარჩინეთ ჩვენი ქვეყნის სიამაყე, მსოფლიო პროლეტარიატის საყვარელი ბელადი, ბრძენი გენია, ჩვენი ძვირფასი სტალინი, ესაა უდიდესი საქმე’’ (ვაშაძე:6).
ალექსანდრე მამულაშვილის, თელავის ისტორიული მუზეუმის ყოფილი დირექტორის პირად არქივში დაცულია - ,,მოგონებები სტალინის კახეთში მოგზაურობის შესახებ’’. მას 1938 წლის
მარტში ამოუწერია ივანე ნიკოლოზის ძე უზნაძის ხელნაწერი ავტობიოგრაფიიდან შემდეგი: ,,ბოლშევიკური ფრაქციის წინადადების თანახმად გადაწყდა, რომ სოციალ-დემოკრატიული კონფერენცია მოწვეულ იქნას ქ. სიღნაღში. ამისთვის ქ. სიღნაღში 3 თუ 4 იანვარს ჩამოვიდნენ, მაგრამ რადგან პოლიციის ჯაშუშებმა ალღო აიღეს, ამიტომ კონფერენციის ადგილად ველისციხე იქნა არჩეული... ტფილისელი დელეგატები სოფელ გურჯაანში ჩემთან მოვიდნენ. კარგად მახსოვს, მათ შორის ამხანაგი კობა (იოსებ სტალინი). ჯაშუშების დადევნების გამო, ჩემთან რომ მივედით, მე საჩქაროდ შევიძინე გლეხკაცის სამოსი და ჩავაცვი: ქალამნები, პაჭიჭები, კახური ნაოჭიანი ჩოხა, ახალუხი, ნაბდის ქუდი, დახეული ფარაჯა და თავზედ შემოხვეული ყაბალახი. ასე გამოწყობილი ორი გლეხკაცის თანხლებით ფეხით ზამთარში ქარბუქში გომბორის გზით ტფილისისკენ გაემგზავრა’’ (მამულაშვილი:11). შემდეგ ავტორი საუბრობს 1906 წლის
5 იანვარს ველისციხეში გახსნილ კონფერენციაზე და წერს: ,,აზრთა დიდი შეხლა-შემოხლის შემდეგ გაიმარჯვეს სამოქალაქო ომის მომხრეებმა და ამხანაგი სტალინის რეზოლუცია მიიღეს.’’ აქვე ვკითხულობთ: ,,1906 წლის
მაისში ტფილისის და თელავის კომიტეტებთან შეთანხმებით ვანო გურული (ხუნხუზა) შვიდი წითელ რაზმელით წინანდლისა და თელავს შუა ფოსტას დაუხვდა, რომელსაც მიჰქონდა ხაზინის ფული ტფილისისკენ და რომელსაც მიაცილებდა 19 სტრაჟნიკი და 100 კაზაკი. ნასომხარში გურული აღნიშნული რაზმელებით გზაში დახვდათ სროლა აუტეხათ კაზაკებს’’ (მამულაშვილი: 15).
თინათინ ბურჭულაძის, თელაველი რევოლუციონერის დავით ბურჭულაძის დედის, 1938 წლის
ივნისში დაწერილი მოგონებაში ავტორი წერს, რომ მის შვილს და სხვა რევოლუციონერებს თბილისიდან ჩამოჰქონდათ გაზეთები ,,ისკრა’’, ,,საქართველო’’ და სხვა არალეგალური ლიტერატურა. ისიც ადასტურებს იოსებ ჯუღაშვილის თელავში ყოფნას: ,,ჩემს ბინაზე ორი კვირის განმავლობაში ცხოვრობდა კობა, ეჭირა ერთი პატარა ოთახი, სადაც კითხულობდა, წერდა და საღამოობით აწყობდა საბუთებს’’ (მამულაშვილი: 34).
ალექსანდრე მამულაშვილს 1938 წლის თებერვალში ჩაუწერია არჩილ მეგრელიშვილის, სოფელ წინანდლის მცხოვრების მოგონება, რომელშიც ნათქვამია: ,,ამხ. კობა იყო სოფელ წინანდალში 1906 წლის
ადრე
გაზაფხულზე, კარგად არ მახსოვს რომელი თვე იყო. გვერდით
ჰყავდა ორი კაცი ერთი ხუნხუზა, მეორე არ მახსოვს’’ (მამულაშვილი:21).
თელავის ისტორიულ მუზუმში ასევე დაცულია დოკუმენტი სათაურით: ,,ასლების ასლები. სხვადასხვა პირთა მოგონებებისა ამხ. სტალინის 1906 წელს
კახეთში ყოფნაზე(გადაგზავნილია მოსკოვში ,,ცკ’’ მოთხოვნით 1938 წ.
24 დეკემბერი’’, სადაც ვხვდებით ინფორმაციებს სტალინის კახეთში ყოფნაზე 1906 წელს
(მამულაშვილი:62).
სხვა
დოკუმენტში სათაურით: ,,წერილი ფ. მახარაძეს, შეუძლია თუ არა დაგვიდასტუროს სტალინის კახეთში ყოფნა’’ ვკითხულობთ: ,,საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარეს ფ. მახარაძეს. თელავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მიერ არის შეგროვილი ფრიად საინტერესო მასალები სტალინის მოღვაწეობის შესახებ კახეთში. რევოლუციური ორგანიზაციებისადმი ხელმძღვანელობის გაწევის მიზნით სტალინი ყოფილა კახეთის სხვადასხვა ქალაქში და სოფელში’’ (მამულაშვილი:86). ეს
წერილი 1938 წლის 5 ივლისით არის დათარიღებული და მასში აღწერილია სტალინის ,,ველისციხის კონფერენციაზე’’ დასწრება, თელავში ყოფნა და სხვ. აქვე ნათქვამია: ,,მივმართეთ მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტს, მაგრამ დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერც იქიდან მივიღეთ (მამულაშვილი:86).’’
1938 წლის 29 სექტემბერს, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, სავარაუდოდ ფ. მახარაძეა ავტორი, უგზავნის წერილს: ,,თელავის სამხარეთმცოდნეო მუზეუმის დირექტორს ამხ. მამულაშვილს. თქვენი უაღრესად საყურადღებო წერილის საპასუხოდ ჩვენი დიდი და საყვარელი ბელადის ამხ. სტალინის კახეთში ყოფნის შესახებ 1905 წლის
რევოლუციის პარიოდში უნდა გაცნობოთ შემდგი: მე დანამდვილებით ვიცი, რომ 1905 წლის
რევოლუციიის პერიოდში 1905 წელს ამხანაგ სტალინს უხდებოდა აგიტაციის და პროპაგანდის მიზნით კახეთში წასვლა’’ (არუთინოვი: 37). წერილს დასასრულს ვკითხულობთ: ,,მე ვფიქრობ, რომ თქვენ სრულიად მართებულად მოქცეულხართ, როცა სტალინის 1906 წლის
დასაწყისში კახეთში ყოფნის შესახებ და აგრეთვე ველისციხის კონფერენციის შესახებ, ამ ამბების უშუალო მონაწილეთ მიმართეთ და როგორც ცოცხალი მოწმეები აალაპარაკეთ და შემდეგ მათი ნათქვამის შემოწმებას შეუდექით. ეს ნამდვილად მეცნიერული მიდგომაა ამ საკითხისადმი (არუთინოვი: 37).’’
როგორც ჩანს, ზემომოყვანილი წერილები და მათში მოყვანილი ფაქტები გარკვეულწილად აისახა შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულ დოკუმენტში: ,,საქ.კპ.(ბ) ცეკასთან არსებული მარქს-ენგელს-ლენინის ინსტუტუტის საქართველოს ფილიალის ი. ბ. სტალინის ცხოვრების და მოღვაწეობის შემსწავლელი სექტორის’’, 1945 წლის
თებერვლით დათარიღებული ცხრა გვერდიან გამოკვლევა-,,ნაშრომში’’, სათაურით - ,,ცნობები ი. ბ. სტალინის კახეთში ყოფნის შესახებ 1905-1907 წლებში’’. იგი მთლიანად ,,ეძღვნება’’ იოსებ ჯუღაშვილის (სტალინი)
კახეთში ,,მოღვაწეობას’’ (შსსა, 8, 24, 38-45).
მასში
მითითებულია, რომ ამ ,,ნაშრომის’’ ავტორებმა მიზნად დაისახეს: ,,გამოკვლევა თუ სტალინს კახეთის რომელ სოფლებში და ადგილებში მოუწია ყოფნა და საქმიანობა. უკვე შეკრებილი ცნობების საფუძველზე, რაც მხოლოდ მოგონებების სახით არის, იკვეთება, რომ ტამერფორსიდან დაბრუნებული სტალინი გამგზავრებულა კახეთის სხვადასხვა სოფლებში... 1905 წელს
კახეთის სოფლებში შედარებით ნაკლებად ჰქონდა ადგილი მასიურ რევოლუციურ გამოსვლებს, შეიარაღებულ ბრძოლას… პარტიული მუშაობის საწარმოებლად. გლეხთა მასების დასახმარებლად… ი. ბ. სტალინს პირადად მოუხდა გამგზავრება კახეთის სხვადასხვა ადგილებში... კახეთში ი. ბ. სტალინის ჩასვლის შესახებ მრავალი პირი გვაძლევს ცნობას ოცდათხუთმეტი კაცი. უფრო მეტი მასალა მოცემულია თელავის მაზრაზე, არის მასალა სიღნაღის მაზრაზეც, მაგრამ ჯერჯერობით ეს ცნობები არ შეიძლება ჩაითვალოს საბოლოოდ და დადასტურებულად (შსსა, 8, 24, 38-45).’’
,,ნაშრომის’’ ავტორებს ჩამოთვლილი აქვთ კახეთის ის ქალაქები და სოფლები, სადაც იოსებ ჯუღაშვილი ჩადიოდა. მითითებულია, რომ ქალაქ თელავში სტალინი სხვადასხვა დროს, მათ შორის 1906 წლის
იანვარში ყოფილა, ესწრებოდა კრებებს და მიტინგებს, თვითონაც გამოდიოდა სიტყვით, შედიოდა კამათში მენშევიკებთან, სოციალისტ-ფედერალისტებთან. დოკუმენტში დასახელებულია თელავის მცხოვრები სხვადასხვა პირები, ვის ბინებშიც სტალინს ღამე გაუთევია: დათა ბურჭულაძე, სანდრო სუხიტაშვილი, გიორგი და სოსო აივაზაშვილები (აივაზოვი) და სხვები. აქვე ჩამოთვლილია საკმაოდ ბევრი ადამიანი, მათ შორის ქალაქ თელავის მცხოვრებლები, რომლებიც ადასტურებდნენ იოსებ ჯუღაშვილის თელავში ჩასვლას (შსსა, 8, 24, 38-45). *
1906-1908 წლებით დათარიღებულ დოკუმენტებში, რუსეთის იმპერიის ადგილობრივი ორგანოები თელავში და თელავის მაზრაში მოქმედ ,,ხარება და გოგიას’’ დაჯგუფების წევრებს, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ტერორისტებად მოიხსენიებდნენ (სცსა, 113, 726: 30). ,,ხარება და გოგიას’’ დაჯგუფების წევრად ითვლებოდა გიორგი ბერძენიშვილი, მეტსახელით ,,ჟორჟიკა’’ (სცსა, 17, 7915:3). გიორგი ბერძენიშვილი, წარმოშობით თელავის მაზრის სოფელ იყალთოდან იყო. ეს სოფელი მდებარეობს იმ პერიოდში ოსიაურის სახელით ცნობილი სოფლის სიახლოვეს, სადაც ზემომოყვანილი თანამედროვეების მოგონებების მიხედვით იოსებ ჯუღაშვილი 1906 წლის
პირველ ნახევარში, სავარაუდოდ იანვრის პირველ რიცხვებში დაესწრო და გამოვიდა მიტინგზე. \
ჩვენს
ხელთ
არსებული მასალებიდან ჩანს, რომ 1906 წლის
იანვრის მეორე ნახევარში იოსებ ჯუღაშვილი კახეთიდან თბილისში დაბრუნდა. ამ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იოსებ ჯუღაშვილი და მასთან დაახლოებული რევოლუციონერი გიორგი აივაზოვი(აივაზაშვილი) ერთმანეთს დაშორდნენ საგარეჯოს მახლობლად - იოსებ ჯუღაშვილი თბილისში, ხოლო გიორგი აივაზოვი(აივაზაშვილი) თელავში დაბრუნდა ე.წ. ,,გომბორის გზით’’ (შსსა, 8, 24, 38-45).
გზაზე
გიორგი აივაზოვს(აივაზაშვილი)
თავს
პოლიციელები, თუ ,,სტრაჟნიკები’’ დაესხნენ და მოკლეს. რაც შეეხება იოსებ ჯუღაშვილს ცნობილია, რომ იგი 1906 წლის
28 იანვარს თბილისში ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში მწოლიარე ავადმყოფი, სამხედრო პატრულმა ბინის ჩხრეკისას კინაღამ არ დააპატიმრა. ეს ბინა ზოგიერთი ცნობით ვასო ბერძენიშვილს ეკუთვნოდა (შსსა, 8, 5:91). იოსებ
ჯუღაშვილს თან აღმოაჩნდა ყალბი პასპორტი გიორგი ბერძენიშვილის სახელზე (შსსა, 558, 658:222-223).
ვფიქრობთ, შესაძლებელია გამოითქვას ვარაუდი, რომ იოსებ ჯუღაშვილმა ეს პასპორტი 1906 წლის
იანვარში, თელავის მაზრაში ყოფნის დროს ტერორისტ გიორგი ბერძენიშვილისგან მიიღო, თუმცა ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ იოსებ ჯუღაშვილთან კავშირში სხვადასხვა პირების მოგონებებში დასახელებულია ვინმე გიორგი ბერძენიშვილი, რომელიც იმ დროს თბილისში ცხოვრობდა. იყო თუ არა ეს ადამიანი და ტერორისტი გიორგი ბერძენიშვილი ერთი და იგივე პირი, რეალურად ვისი პასპორტით ისარგებლა 1906 წლის
იანვარის ბოლოს იოსებ ჯუღაშვილმა ჯერ კიდევ დასადგენია.
ჩვენს
მიერ
ზემომოყვანილი 1938 წლის 29 სექტემბრით დათარიღებული, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, სავარაუდოდ ფილიპე მახარაძის მიერ გაგზავნილ წერილში ,,თელავის სამხარეთმცოდნეო მუზეუმის დირექტორის მამულაშვილის’’ სახელზე აღნიშნულია, რომ სტალინის 1906 წელს
დასაწყისში კახეთში ყოფნის შესახებ: ,,მუშაობის გაგრძელება არა თუ სასურველია, არამედ აუცილებლად საჭიროა’’ (არუთინოვი: 37). თუმცა,
საბჭოთა პერიოდში ამ მიმართულებით გარკვეული მიზეზების გამო კვლევები აღარ გაუგრძელებიათ.
ამრიგად, ზემომოყვანილი მასალები საკმაოდ მნიშვნელოვანია და ვფიქრობთ, მათი შინაარსი იოსებ ჯუღაშვილის (სტალინი) ოფიციალური ბიოგრაფიის მიმართ ახალი კითხვების დასმის უფლებას იძლევა და საჭიროა ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელება.
გამოყენებული ლიტერატურა:
• შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 93, აღწერა 2, საქმე 11
• შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 2, ნაწილი 2, საქმე 24
• შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 2, ნაწილი 2, საქმე 5
• შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 558, აღწერა 4, საქმე 658
• შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 6, საქმე 17
• შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი), ფონდი 8, აღწერა 2 (1), საქმე
58
• საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 17, აღწერა 1, საქმე 7915
• საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 113, აღწერა 27, საქმე 726
• საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 94, აღწერა 1, საქმე 53
• კახეთში 1905 წ. რევოლუციური მოძრაობის ამსახველი მასალა, 1905-1907 წლებში ი.ბ. სტალინის მოღვაწეობის შესახებ კახეთში, არშაკა არუთინოვის მოგონება, (1934-1938) თელავის ისტორიული მუზეუმი, ფ.10826, რვეული 7
• კახეთში 1905 წ. რევოლუციური მოძრაობის ამსახველი მასალა, 1905-1907 წლებში ი.ბ. სტალინის მოღვაწეობის შესახებ კახეთში, ნიკოლოზ ვაშაძე (1934-1938) თელავის ისტორიული მუზეუმი, ფ.11857, რვეული 38
• კახეთში 1905 წ. რევოლუციური მოძრაობის ამსახველი მასალა, 1905-1907 წლებში ი.ბ. სტალინის მოღვაწეობის შესახებ კახეთში, ალექსანდრე მამულაშვილი, (1934-1938) თელავის ისტორიული მუზეუმი, ფ.11859, რვეული 68
• სიმაშვილი, თენგიზ. 2020. ,,კახელი ტერორისტები და უცნობი დეტალები (აქვსენტი სიდამონიძე, ხარება და გოგია, ზალიკო სვიმონიშვილი და სხვები)’’. (მონოგრაფია). თბილისი.
Simashvili, Tengiz ‘’Fake Grave of Stalin’s Father and Modernity: Materials for Biography of Joseph Stalin’’. Journal of Social Sciences and Humanities, Vol 2: Issue III ISSN: 2706 – 8242, Jul - Sep 2020
Ioseb Jughashvili's (Stalin) Biography and Telavi
(According to Archival Materials)
Tengiz Simashvili
A large part of
scientists studying the biography of Ioseb Jughashvili (Stalin) believe
that since the beginning of the 1920s, numerous documents were removed from
various archives, including Tbilisi, Baku, etc. Under the conditions of a
totalitarian state, of course, this was possible, but without evidence today it
is very difficult to confirm or deny these facts. However, as we will see
below, quite interesting documents about Ioseb Jughashvili (Stalin) have
survived in the archives in Georgia.
The presented
research deals with the materials stored in the party archives of the Ministry
of Internal Affairs of Georgia, the Telavi Historical Museum. These are the
memories of old revolutionaries living in Telavi city and Telavi district,
written during the Soviet period. They talk about the arrival of Ioseb Jughashvili (Stalin) in
the town of Telavi and its neighboring villages at the beginning of 1906 and
his revolutionary activities.
In our opinion, the
materials presented here are quite important, and we think that their content
gives the right to ask new questions regarding the official biography of Ioseb Jughashvili (Stalin),
and it is necessary to continue research in this direction.
* cnobisTvis
- Cven gamovikvlieT, qalaq TelavSi ioseb juRaSvilis (stalini) mamis besarion (beso) juRaSvilis yalbi saflavis
Sesaxeb arsebuli masalebi. aRvniSnavT, rom Cvens mier moZiebul Telavelebis
mogonebebSic, aseTi faqtis damadasturebeli informacia ver moviZieT.(Simashvili: 2020)